არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ნიშნავს სიტყვები „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“?

რას ნიშნავს სიტყვები „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“?

ბიბლიის თვალსაზრისი

რას ნიშნავს სიტყვები „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“?

მილიონები ფიქრობენ, რომ ცხოვრებაში სრული თავისუფლება აქვთ, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. ბევრი, მაგალითად, ცრურწმენის მონაა, ბევრსაც მკვდრების შიში აქვს და ათასგვარ შესაწირავს უმზადებს მიცვალებულებს — ფიქრობს, რომ ასე დაამშვიდებს მათ სულებს. არიან ისეთებიც, რომლებმაც არ იციან, რა მოსდის ადამიანს სიკვდილის შემდეგ და ამ ფენომენის ისე ეშინიათ, რომ ტანში ზარავთ. რამდენად შესაძლებელია, ეს ადამიანები გათავისუფლდნენ ემოციური სტრესისგან და გარკვეული ფინანსური ტვირთიც ჩამოიხსნან მხრებიდან? სათაურში მოყვანილი სიტყვებიდან, რომელიც ქრისტეს ეკუთვნის, ჩანს, რომ თავისუფლებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა, ჭეშმარიტებაა. მაგრამ რა ჭეშმარიტებაზე ლაპარაკობდა იესო — ზოგად, ბუნდოვან ცნებაზე, თუ უფრო კონკრეტულ რამეზე?

იესო ორაზროვნად არ საუბრობდა. მან თქვა: „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:31, 32). მისი „სიტყვა“ ანუ მისი სწავლებები ბიბლიის ფურცლებზეა შემონახული.

გათავისუფლებაში ქრისტე უმთავრესად იმას გულისხმობდა, რომ ჭეშმარიტება ადამიანს ცოდვისა და სიკვდილისგან გაათავისუფლებდა. გარდა ამისა, ჭეშმარიტების, ღვთის სიტყვის, ცოდნა ადამიანს ათავისუფლებს ცრურწმენისგან, აგრეთვე მკვდრებისა და სიკვდილის შიშისგან.

1. ცრურწმენა. ბევრს სჯერა, რომ გარკვეული ნივთები ან ციფრები უბედურების მომასწავებელია. ალბათ, ზოგისგან მოგისმენიათ, ეს ცუდად მაქვსო დაცდილი. სხვები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მანამ არ იღებენ, სანამ კარგის მომასწავებელ რაიმე ნიშანს არ მიიღებენ ან ჰოროსკოპს არ შეამოწმებენ. ზოგი ამისთვის მკითხავსაც მიმართავს.

ბიბლიური ჭეშმარიტება ათავისუფლებს. ბიბლიურ დროში ღვთის ხალხიდან ზოგი ცრუმორწმუნე გახდა. ისინი იქამდეც კი მივიდნენ, რომ იღბლიანობისა და ბედისწერის ღმერთებს დაუწყეს თაყვანისცემა. როგორი იყო ამაზე იეჰოვას რეაქცია? „ბოროტებას სჩადიოდით ჩემს თვალში“, — უთხრა იეჰოვამ მათ (ესაია 65:11, 12). ღმერთს ასეთივე შეხედულება აქვს მათზე, ვინც მკითხავებთან დადის: „ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს . . . სძულს იეჰოვას“ (კანონი 18:11, 12).

ცრურწმენა და მკითხაობა საზიანოა ადამიანისთვის, რადგან ეს „ეშმაკის ხრიკებია“. ეშმაკს იესომ „სიცრუის მამა“ უწოდა (ეფესოელები 6:11; იოანე 8:44). მიმართავდით მატყუარა კაცს რჩევისთვის, როცა საქმე სერიოზულ გადაწყვეტილებას ეხება? არა რასაკვირველია! ამიტომ ბრძნული იქნება, თუ მოერიდებით ყველაფერს, რაც „სიცრუის მამასთან“ არის დაკავშირებული.

სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად სიბრძნეა საჭირო. სიბრძნეს კი იმ შემთხვევაში შეიძენს კაცი, თუ საფუძვლიანად ეცოდინება ბიბლიის პრინციპები და ღვთის განზრახვა ადამიანთა მომავალზე. „იეჰოვა თავად იძლევა სიბრძნეს; მისი პირიდან გამოდის ცოდნა და გამჭრიახობა“, — ნათქვამია იგავების 2:6-ში.

2. მკვდრების შიში. ბევრს სწამს, რომ გარდაცვლილთა სულებს ცოცხლებზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. ფიქრობენ, რომ სულების რისხვას დაიტეხენ თავს, თუ მათ შესაწირავებითა და სხვადასხვა რიტუალებით არ დაამშვიდებენ. ზოგჯერ ეს საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ამიტომ ბევრი ვალებშიც კი ვარდება.

ბიბლიური ჭეშმარიტება ათავისუფლებს. ბიბლია სიმართლეს ამბობს მკვდრების მდგომარეობაზე. ერთხელ იესომ გარდაცვლილ ადამიანზე თქვა, სძინავსო (იოანე 11:11, 14). რა იგულისხმა ქრისტემ? პასუხი შეგვიძლია ეკლესიასტეს 9:5-ში ვნახოთ: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან“. მკვდრები, ასე ვთქვათ, ღრმა ძილში არიან და ვერაფერს გრძნობენ. ფაქტობრივად, როცა ადამიანი კვდება, ის მეტად აღარ არსებობს. ამიტომ ის ვერც კარგს გაუკეთებს სხვას და ვერც — ცუდს.

მაგრამ ზოგიერთი ირწმუნება, რომ უსაუბრია მკვდართან. ეს რით შეიძლება ავხსნათ? მოდი, ეს კითხვაც ბიბლიას მივანდოთ. ბიბლია გვიამბობს, რომ უძველეს დროში მრავალი ანგელოზი დაუპირისპირდა ღმერთს (2 პეტრე 2:4). მათ დემონები დაერქვათ. ეს ბოროტი სულები ადამიანების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ (1 ტიმოთე 4:1). ერთ-ერთი საშუალება, რითაც ისინი ამას ახერხებენ ის არის, რომ თავს გარდაცვლილ ადამიანებად წარმოაჩენენ და ხალხს აჯერებენ, თითქოს მკვდრები ცოცხლები არიან და საიქიოში განაგრძობენ ცხოვრებას.

3. სიკვდილის არაბუნებრივი შიში. სიკვდილი, მართლაც საშინელი მტერია, როგორც ამას ბიბლია ამბობს (1 კორინთელები 15:26). ამიტომ არაფერია იმაში გასაკვირი, თუ ადამიანს გარკვეულწილად ეშინია სიკვდილის და ბუნებრივია, არავის სურს სიკვდილი. და მაინც, მეტისმეტი და გადამეტებული შიში არც ამ შემთხვევაში გამოგვადგება.

ბიბლიური ჭეშმარიტება ათავისუფლებს. ბიბლია მარტო იმაზე კი არ საუბრობს, თუ რა მდგომარეობაში არიან გარდაცვლილები, არამედ იმასაც გვეუბნება, რომ ღმერთი მკვდრებს სიცოცხლეს დაუბრუნებს. იესომ თქვა: „მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [ქრისტეს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15).

როგორ სხეულში „გამოვლენ“ ანუ აღდგებიან მკვდრები? დედამიწაზე ყოფნისას იესომ რამდენიმე მიცვალებული გააცოცხლა. თითოეულ შემთხვევაში იესომ მათ ისეთივე ხორციელი სხეული დაუბრუნა, როგორიც სიკვდილამდე ჰქონდათ (მარკოზი 5:35—42; ლუკა 7:11—17; იოანე 11:43, 44). ეს მოვლენა ზუსტად შეესაბამება სიტყვას „აღდგენა“, რაც ნიშნავს „წამოდგომას“. როცა დანიელს, თავის მხცოვან მსახურს ესაუბრებოდა, ღმერთმა უთხრა: „შენ კი . . . დაისვენებ [სიკვდილის ძილით დაიძინებ], მაგრამ აღდგები შენი წილის მისაღებად დღეების ბოლოს“ (დანიელი 12:13). ეს სიტყვები ნამდვილად დაამშვიდებდა დანიელს და სიკვდილს უშიშრად და გაბედულად შეხვდებოდა.

იესოს დედამიწაზე მოსვლის ერთ-ერთი მიზანი ის იყო, რომ ‘ტყვეებისთვის გათავისუფლების შესახებ ექადაგა’ (ლუკა 4:18). რადგან მისი სწავლებები ბიბლიაშია ჩაწერილი, ის დღესაც ათავისუფლებს მოტყუებულ ადამიანებს. მთელი გულით გვჯერა, რომ ბიბლიური ჭეშმარიტება სამარადჟამო თავისუფლებას მოგიტანთ.

გიფიქრიათ?

როგორ გვათავისუფლებს ბიბლიური ჭეშმარიტება . . .

● ცრურწმენისგან? (ესაია 8:19, 20; 65:11, 12).

● მკვდრების შიშისგან? (ეკლესიასტე 9:5; იოანე 11:11, 14).

● სიკვდილის შიშისგან? (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15).

[ჩანართი 11 გვერდზე]

ბიბლიური ჭეშმარიტება ხალხს ათავისუფლებს ცრურწმენისგან, მკვდრებისა და სიკვდილის შიშისგან