არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არ ესმით მშობლებს ჩემი?

რატომ არ ესმით მშობლებს ჩემი?

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ არ ესმით მშობლებს ჩემი?

წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია

პარასკევი საღამოა, ექვსი საათი. 17 წლის ბაჩო კარებისკენ მიდის და თან მშობლებს გასძახის: „მე წავედიი!“. იმედი აქვს, რომ ახლა მაინც არ დაუსვამენ თავიანთ ჩვეულ კითხვას.

ის შეცდა.

„რომელ საათზე დაბრუნდები სახლში ბაჩო?“, — ეკითხება დედა.

ბაჩო ჩერდება. „მმმ . . . ისა . . ., არ დამიცადოთ, ცოტა დამაგვიანდება“. ის-ისაა კარი უნდა გაიხუროს, რომ ოთახიდან მამამისის ხმა ისმის: „ბაჩო!“

ბაჩო ადგილზე იყინება. „ხო იცი, ათზე სახლში უნდა იყო. იცოდე, მერე არ დაიწყო!“, — მკაცრად ეუბნება მამა.

„აუ მა, ათი ძაან ადრეა. ბიჭებს ხო არ ვეტყვი, აუ იცით, ათზე სახლში უნდა ვიყო-მეთქი, უხერხულია!“

„არ მაინტერესებს, ათს არ გადააცილო!“, — უმეორებს მამა.

ხომ არ გეცნობა ეს სიტუაცია? ხომ არ ფიქრობ, რომ შენს ოჯახშიც კომენდანტის საათია დადგენილი და მშობლები მკაცრ წესებს გიდგენენ, რა მუსიკას მოუსმინო, რა ჩაიცვა და ვისთან იმეგობრო. თან არ უნდათ არანაირ დათმობაზე წასვლა. აბა, ამ ახალგაზრდებს მოუსმინე.

„საყვარელი მუსიკისთვის ვერ მომისმენია. ძალიან მკაცრი მამინაცვალი მყავს, ყველა დისკი გადამაყრევინა“ (ბრენდონი) *.

„დედა ყოველთვის მაკრიტიკებს, მეგობრები არა გყავსო. მაგრამ საკმარისია, ვინმესთან მოვისურვო დაახლოება, რომ დედა ეგრევე უარს ამბობს და მეუბნება, მაგ ადამიანს მე კარგად არ ვიცნობო. ეს ყველაფრის ხალისს მიკარგავს!“ (ქეროლი).

„მამაჩემს და ჩემს დედინაცვალს უნდათ, რომ სულ მოშვებული და ფარფარა ტანსაცმელი მეცვას. მამაჩემის აზრით, თუ შორტი მუხლს ზემოთაა, უკვე ძალიან მოკლეა!“ (სერინა).

როგორ უნდა მოიქცე თუ მშობლებთან საერთო ენას ვერ პოულობ? კარგი იქნება, თუ ერთად დასხდებით და ისაუბრებთ. „მშობლები არასოდეს მისმენენ“, — თქვა 17 წლის ჯოანმა. 15 წლის ემი კი ამბობს: „როცა ვხედავ, რომ მშობლებს არ ესმით ჩემი, ეგრევე ვჩუმდები და ხმას აღარ ვიღებ“.

ნუ იჩქარებ! შენს მშობლებს, შესაძლოა, იმაზე მეტად უნდათ შენი მოსმენა, ვიდრე შენ გგონია.

დაფიქრდი: ღმერთიც კი უსმენს ადამიანს, როცა ის თავის მდგომარეობას უხსნის. მაგალითად, ერთხელ იეჰოვამ მოუსმინა მოსეს, როცა ის ურჩი ისრაელების გადარჩენას შესთხოვდა (გამოსვლა 32:7—14; კანონი 9:14, 19).

შეიძლება ფიქრობ, სად ღმერთი და სად ჩემი მშობლებიო და სადღაც მართალიცა ხარ. თან სად მოსეს საუბარი იეჰოვასთან და სად შენი საუბარი შენს მშობლებთან. მოსე მთელი ისრაელი ერის გადარჩენას სთხოვდა ღმერთს, შენ კი იმას სთხოვ მშობლებს, რომ სახლში ცოტათი გვიან მისვლის უფლება მოგცენ. მაგრამ არ იჩქარო, არსებობს ერთი პრინციპი, რომელიც ორივე შემთხვევაში საერთოა:

როცა რაიმე გონივრულს ამბობ, ავტორიტეტულმა პიროვნებებმა — ამ შემთხვევაში მშობლებმა — შეიძლება სიამოვნებით მოგისმინონ.

მთავარი ის არის, თუ როგორ ამბობ სათქმელს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა:

1. ისაუბრე უშუალოდ პრობლემაზე. დაწერე ქვემოთ, რაში ვერ უგებთ შენ და შენი მშობლები ერთმანეთს.

․․․․․

2. ისაუბრე საკუთარ გრძნობებზე. ქვემოთ დაწერე, რას გრძნობ, როდესაც მშობლები გზღუდავენ ან გარკვეულ წესებს გიდგენენ — გწყინს, ნაღვლიანდები, თავს უხერხულად გრძნობ, ფიქრობ, რომ არ გენდობიან თუ სხვა. (მაგალითად, სტატიის დასაწყისში მოყვანილ სიტუაციაში ბაჩომ მშობლებს მიანიშნა, რომ მათი დადგენილი მკაცრი წესი უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა მეგობრებთან).

․․․․․

3. შედი მშობლების მდგომარეობაში. წარმოიდგინე, გყავს მოზარდი შვილი, რომელსაც იგივე პრობლემა აქვს მშობლებთან, რაც შენ. რაზე ინერვიულებდი ყველაზე მეტად? (მაგალითად, ბაჩოს მშობლებს ეშინოდათ და ნერვიულობდნენ იმაზე, რომ მათ შვილს არაფერი მოსვლოდა).

․․․․․

4. საკითხს მეორე მხრიდან შეხედე. უპასუხე შემდეგ კითხვებს:

რა სარგებლობას მოგიტანს მშობლების დადგენილი წესების დაცვა?

․․․․․

რა უნდა გააკეთო შენი მხრიდან, რომ მშობლები ზედმეტად არ ანერვიულო?

․․․․․

5. ისაუბრე გამოსავალზე. თუ ზემოთ მოცემულ მითითებებს გაითვალისწინებ და ყურადღებას მიაქცევ წინა გვერდზე მოცემულ ჩარჩოში („ბრწყინვალე რჩევები“) მოყვანილ რჩევებს, ნახავ, რომ აბსოლუტურად შესაძლებელია მშობლებთან მშვიდი და წყნარი ურთიერთობების დამყარება. 21 წლის კელის კარგი და სასიამოვნო ურთიერთობა აქვს მშობლებთან. ის ამბობს: „ჩხუბით პრობლემას ვერ მოაგვარებ და ვერც შენსას გაიტან. პირადად მე, პრობლემას საუბრით ვაგვარებ. თითქმის ყოველთვის მივდივართ საერთო აზრამდე და ბოლოს მეც კმაყოფილი ვრჩები და ისინიც“.

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[სქოლიო]

^ აბზ. 12 სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.

[ჩარჩო 20 გვერდზე]

ბრწყინვალე რჩევები

„მოსმენით უფრო მეტს მიაღწევ, ვიდრე ყვირილით. თუ მოუსმენ მშობლებს და შეეცდები გაუგო მათ, შესაბამისად, ისინიც მოგისმენენ და გაგიგებენ“ (რიანი).

წაიკითხე ფილიპელების 2:3, 4.

„უხეშად ნუ დაელაპარაკები! მე სულ ასე ველაპარაკებოდი მშობლებს. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ჩხუბს და დასჯას იოლად ავირიდებდი თავიდან, თუ ენას გავაკონტროლებდი“ (დანიელა).

წაიკითხე იგავების 17:27; 21:23.

„მოითმინე, სანამ ყველაფერი დაწყნარდება და სანამ მშობლები კარგ ხასიათზე არ დადგებიან. მერე შეგიძლია მიხვიდე და მშვიდად დაელაპარაკო“ (კოლეტი).

წაიკითხე იგავების 25:11.

„შენმა მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ პატივს სცემ და მართლა მთელი გულით უსმენ, როცა გელაპარაკებიან. ასე რომ, სანამ სათქმელს ეტყვი, კარგად მოუსმინე და დაანახვე, რომ რასაც გეუბნებიან გესმის“ (ემილი).

წაიკითხე იგავების 23:22; იაკობის 1:19.

[ჩარჩო 20 გვერდზე]

რეალობა

არ არის მსჯელობა საჭირო ყოველი გაუგებრობის შემდეგ. ზოგჯერ ჯობია „გულში თქვა, . . . და ჩუმად იყო“ (ფსალმუნი 4:4). ახალგაზრდა ბიატრისი ამბობს: „ზოგჯერ, როცა ვფიქრობ ხოლმე, რამდენად უმნიშვნელო იქნება დღევანდელი პრობლემა ხვალ, ნაკლებად ვნერვიულობ და ადვილად ვივიწყებ“.

[ჩარჩო 21 გვერდზე]

გაიგე შენი მშობლების აზრი

თქვენ როგორ აგვარებდით პრობლემებს მშობლებთან? დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?

[ჩარჩო⁄სურათები 21 გვერდზე]

შენი თანატოლები ამბობენ . . .

ვინდია — სანამ მშობლებთან ვილაპარაკებ და რამეს ვეტყვი, ჯერ ვფიქრობ მათ თვალსაზრისზე და ვლოცულობ. თუ ვგრძნობ, რომ ჩემი საუბარი ჩხუბს და კამათს გამოიწვევს, ვჩუმდები და სიტუაციის დაწყნარებას ველოდები.

როსი — როცა ნერვებს ვეღარ ვთოკავ, თავს შევახსენებ, რომ უნდა გავჩერდე, თორემ ეს შეიძლება კამათში გადაიზარდოს და მთელი დღე წაშლილი ვიყო. ეს კი ნამდვილად არ მინდა. ვატყობ, რომ ამ ბოლო დროს უკვე იმდენად ხშირად აღარ ვბრაზდები.

რამონა — ვფიქრობ, მშობლების აზრის მოსმენა ყოველთვის კარგია. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მე და ჩემს მშობლებს ერთი და იგივე აზრი გვქონდეს და საქმე დიდი კამათის გარეშეც მოგვარდეს.