არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

ნიუ-იორკში შემოიღეს კანონი, რომელიც კრძალავს სიგარეტის მოწევას პლაჟებზე, პარკებში და მოედნებზე. ვინც ამ კანონს დაარღვევს, 50 $-ით დაჯარიმდება. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ საკითხში პოლიციის ჩარევა არ გახდება საჭირო, რადგან კანონდარღვევის ფაქტებს თავად არამწეველები გამოავლენენ („უოლ-სტრიტ ჯორნელი“, აშშ).

„ინდოეთში საგრძნობლად გაიზარდა სქესის შერჩევით აბორტების რიცხვი, როცა დედები შეგნებულად იცილებენ გოგონებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ პირველი შვილი უკვე გოგო ჰყავთ“. 2005 წელს 1 000 დაბადებულ ბიჭზე 836 გოგო მოდიოდა, მაშინ როცა 1990 წელს ეს მაჩვენებელი 906-ს შეადგენდა (THE LANCET, დიდი ბრიტანეთი).

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ელექტრომაგნიტური ტალღები, „მაგალითად, უსადენო საკომუნიკაციო საშუალებების გამოსხივება, შეიძლება კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად დასახელდეს“ (კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო, საფრანგეთი).

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ რქოსანი პირუტყვის ჭირზე (თურქული) გამარჯვება იზეიმა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანმა დაამარცხა ცხოველის დაავადება . . . და მთლიანობაში რიგით მეორე (ყვავილის შემდეგ), რომელიც ოდესმე დაუმარცხებია ადამიანს“ (გაერთიანებული ერების კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, იტალია).

მზად ხართ კატაკლიზმებისთვის?

„ნიუ-იორკ ტაიმზში“ გამოჩნდა ასეთი სათაური: „ნიუ-იორკის კატაკლიზმების იურიდიული ცნობარი“. სტატია იუწყებოდა, რომ ეს ცნობარი გამოიცა მოსამართლეებისა და ადვოკატებისთვის, რათა მათ თავი გაართვან იმ რთულ იურიდიულ საკითხებს, რომლებიც წამოიჭრება „ტერორისტული აქტების, რადიაციისა თუ ქიმიური დაბინძურების შემთხვევებში ან მასობრივი ეპიდემიების დროს“. ნიუ-იორკის სასამართლო სისტემისა და შეერთებული შტატების ადვოკატთა ასოციაციის მიერ გამოცემულ ამ ცნობარში მოცემულია სამართლებრივი კანონები, რომელთა მეშვეობითაც რეგულირდება სამართლებრივი საკითხები კარანტინის, მასობრივი ევაკუაციის, დაინფიცირებული ცხოველების დახოცვის, უკანონო ჩხრეკისა და კანონის გაუქმების შემთხვევებში.

რა ხდება ძველ ბალიშებში?

სუფთა ბალიშის პირი შეიძლება „მტვრისა და ჭუჭყის ბუდედ იქცეს“, — ამბობს ლონდონის სენტ-ბარტსის ჰოსპიტლის სამეცნიერო კლინიკის დირექტორი არტ ტაკერი. ლონდონში გამომავალ გაზეთ „ტაიმზში“ გამოქვეყნებულ მის კვლევაში აღნიშნული იყო, რომ ბალიშის ორი წლის ხმარების შემდეგ, მისი წონის ერთ მესამედზე მეტი „ცოცხალი და მკვდარი მტვრის ტკიპები, მათი ფეკალიები, მკვდარი კანი და ბაქტერიებია“. ბალიში იდეალურ ინკუბატორს წარმოადგენს ალერგენების, მიკრობებისა და მტვრის ტკიპებისთვის. გამოსავალი: „გაამზეურეთ ბალიშები, რადგან მზის სხივები მტვრის ტკიპებს ახმობს და კლავს. ეს უძველესი მეთოდი დღემდე პრაქტიკულია“. საპონი არ კლავს ტკიპებს, თუმცა ბალიშის გარეცხვა 60-ზე მეტ გრადუსზე სპობს მათ და უმეტესი მათგანი წყალს მიჰყვება.