არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უსამართლობის მწარე შედეგები

უსამართლობის მწარე შედეგები

უსამართლობის მწარე შედეგები

მაიკლი 2010 წელს გაათავისუფლეს ტეხასის (აშშ) ციხიდან. ის 27 წელი იხდიდა სასჯელს გაუპატიურებისთვის — დანაშაულისთვის, რომელიც სინამდვილეში არ ჩაუდენია. მაიკლი უდანაშაულოდ მხოლოდ მას შემდეგ ცნეს, რაც დნმ-ის ტესტის ანალიზი ჩაუტარეს. ამ ტესტის ჩატარება იმ დროს, როცა მაიკლი განსასჯელის სკამზე იჯდა, შეუძლებელი იყო. მოგვიანებით ნამდვილ დამნაშავეებსაც მიაგნეს, მაგრამ იმ ქვეყნის კანონის თანახმად, არ მოხდა მათი გასამართლება, ვინაიდან დანაშაულის ჩადენიდან საკმაოდ დიდი დრო იყო გასული.

დღეს ბევრი ბოროტმოქმედი რჩება დაუსჯელი. ბრიტანეთში „ბოლო ათ წელიწადში გაუხსნელ დანაშაულთა რიცხვი გაორმაგდა. პოლიციისა და სასამართლოს უუნარობა, აღმოფხვრას დანაშაულებრივი ქმედებები, საზოგადოების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“, — აღნიშნულია ბრიტანეთში გამომავალ გაზეთ „ტელეგრაფში“.

2011 წლის აგვისტოში ბრიტანეთის პოლიციას უჩვეულო სახის დანაშაულთან მოუწია ბრძოლა. ბირმინგემის, ლივერპულის, ლონდონისა და სხვა ქალაქების ქუჩებში გამოსული გაშმაგებული და აგრესიული ბრბო წვავდა ყველაფერს, ამტვრევდა შენობების მინებს და ძარცვავდა მაღაზიებს. ისინი ანადგურებდნენ ორგანიზაციების შენობებს, სახლებსა და მანქანებს; მათ მრავალი ადამიანი დატოვეს უმუშევრად. რატომ გამოვიდა ეს ხალხი ქუჩაში? ბევრს ეს სიხარბით მოუვიდა. ზოგი კი ამას ცხოვრებაში განცდილი უსამართლობის საპასუხოდ აკეთებდა ანუ, შეიძლება ითქვას, რომ შურისძიება ამოძრავებდა. როგორც ახალი ამბების ზოგი მიმომხილველი შენიშნავს, ეს შესაძლოა ყოფილიყო სახელმწიფოს მიერ იგნორირებული, უკიდურეს სიღარიბეში გაზრდილი ახალგაზრდების ჯგუფი, რომელთაც მომავლის ყოველგვარი იმედი ჰქონდათ დაკარგული.

ბიბლიაში მოხსენიებულმა ერთმა ღვთისნიერმა კაცმა, სახელად იობმა, ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „აი ვღაღადებ, ძალადობაა-მეთქი! მაგრამ არავინ მპასუხობს“ (იობი 19:7). მის მსგავსად, დღესაც ბევრი მოთქვამს უსამართლობაზე, მაგრამ ძალიან ხშირად არავინ აქცევს ყურადღებას მათ ცრემლებს. ისე, თქვენ როგორ ფიქრობთ, შეუძლია ვინმეს დედამიწაზე არსებული უსამართლობის მოსპობა, თუ ეს მხოლოდ ბოროტი ზღაპრის კეთილი დასასრულია? მოდი, მივყვეთ და ვნახოთ, საიდან მოდის უსამართლობის ფესვები და ჩვენ მიერ დასმულ კითხვასაც მაშინ გაეცემა პასუხი.