1 000 მალავის მშვენება 1 000 სამეფო დარბაზი
1 000 მალავის მშვენება 1 000 სამეფო დარბაზი
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მალავიში ასეთი რამ მოხდებოდა“, — ამბობს აღტაცებული ოგასტინი. რას გულისხმობდა ეს ადამიანი? ის გულისხმობდა იმ ურიცხვ სამეფო დარბაზს, რომლებიც იეჰოვას მოწმეებმა ააშენეს მალავიში (ასე უწოდებენ იეჰოვას მოწმეები თავიანთ თაყვანისცემის ადგილებს). 1993 წლისთვის აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ამ პატარა ქვეყანაში 30 000 იეჰოვას მოწმე იყო, თუმცა იმ დროისთვის იქ არც ერთი სამეფო დარბაზი არ არსებობდა.
დღეისათვის მალავიში სულ სხვა სიტუაციაა. 2010 წლის სექტემბერში მოწმეებმა ბლანტაირში რიგით მეათასე სამეფო დარბაზის მშენებლობა დაასრულეს. * მაგრამ საინტერესოა, როგორ მიაღწია მათმა რიცხვმა 30 000-ს მაშინ, როცა ქვეყანაში არც ერთი დარბაზი არ იყო. საოცარია ისიც, თუ როგორ აშენდა 1 000 დარბაზი ასე მოკლე პერიოდში, თანაც ასეთ შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყანაში. და ყველაზე მთავარი — როგორ იმოქმედა ამ უნიკალურმა სამშენებლო პროგრამამ თავად მოწმეებზე და მათ მეზობლებზე?
ძნელბედობის ჟამი
იეჰოვას მოწმეები მალავიში პირველად XX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდნენ და ხალხს ბიბლიურ ჭეშმარიტებას ასწავლიდნენ. იმ დროს მათ ბიბლიის მკვლევრები ეწოდებოდათ. 1967 წლისთვის ქვეყანაში უკვე 17 000 მოწმე იყო. ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს ხალხი, პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, დიდ პატივს სცემდა ხელისუფლებას და ემორჩილებოდა მათ დადგენილ კანონებს. ისინი პირველ ქრისტიანებს იმაშიც ჰბაძავდნენ, რომ აბსოლუტურად ნეიტრალურ პოზიციას იკავებდნენ პოლიტიკურ საკითხებში (იოანე 18:36; საქმეები 5:29).
სამწუხაროდ, 1960-იანი წლების შუა პერიოდში ბიბლიაზე დაფუძნებული ამ მტკიცე პოზიციის გამო, მოწმეებს ხელისუფლების რისხვა დაატყდათ თავს და 1967 წელს მათი რელიგია უკანონო რელიგიად გამოცხადდა. ბევრი იეჰოვას მოწმე სამსახურიდან გაათავისუფლეს და ბევრსაც უკანონო დაჯგუფებებმა საკუთრება ჩამოართვეს ან გაუნადგურეს. ასეთი ძლიერი დევნებისა და შესაძლო გენოციდის შიშის გამო, ათასობით მოწმე მეზობელ მოზამბიკსა და ზამბიაში გადაიხვეწა.
1990-იანი წლების დასაწყისში უმეტესი მათგანი სამშობლოში დაბრუნდა, რადგან ამ დროს ქვეყანაში უკვე სულ სხვა ვითარება იყო. წარმოიდგინეთ მათი სიხარული, როცა 1993 წლის 12 აგვისტოს, 26 წლიანი აკრძალვის შემდეგ, მათი რელიგია კვლავ კანონიერად გამოცხადდა. მაგრამ ახლა სხვა თავსატეხი გაუჩნდათ. საქმე ის გახლდათ, რომ მათ ერთი შესაფერისი შენობაც კი არ ჰქონდათ, სადაც ნორმალურად შეიკრიბებოდნენ. არადა ქვეყანაში 583 კრება იყო, მოწმეების რიცხვი კი 30 000-ს აჭარბებდა. მივყვეთ და ვნახოთ, როგორ წარიმართა მოვლენები.
სიყვარულის უდიდესი გამოვლენა
აკრძალვიდან პირველი ექვსი წლის განმავლობაში ადგილობრივი მოწმეები კაპიკს კაპიკზე ადებდნენ და ისე აშენებდნენ სამეფო დარბაზებს. ეს ხალხი მართლაც რომ ქების ღირსია. ეს არც თუ ისე ადვილი საქმე გახლდათ, რადგან ყოველწლიურად მოწმეების რიცხვი საგრძნობლად იზრდებოდა. როგორ მოგვარდა ეს პრობლემა? 2 კორინთელების 8:14-ში ჩაწერილი პრინციპის მიხედვით, სადაც წერია: „თანასწორობა იყოს: თქვენმა ნამეტმა შეავსოს მათი ნაკლულობა“. ზუსტად ასე მოხდა მალავის შემთხვევაში. ამ მიზნით 1999 წელს იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელმა საბჭომ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებში სამეფო დარბაზების მშენებლობას. სიყვარულით გამოვლენილმა ამ უდიდესმა დახმარებამ მალავიელ იეჰოვას მოწმეებს შესანიშნავი შესაძლებლობა მისცა, რომ დროის მოკლე პერიოდში ასობით სამეფო დარბაზი აეშენებინათ. *
უწინ მალავიში კრების შეხვედრები საკლასო ოთახებში, დროებით თავშესაფრებსა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ხეების ქვეშაც კი ტარდებოდა. ამჟამად ქვეყანაში 1 230 კრებაა და მოწმეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, შეიკრიბონ და ბიბლიური განათლება მიიღონ ჭეშმარიტი თაყვანისცემისთვის განკუთვნილ საკადრის შენობებში. 75 000-ზე მეტი მოწმე უდიდეს მადლიერებას გამოხატავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები იმ უამრავი თანამორწმუნის მიმართ, რომელთაც დახმარების ხელი გაუწოდეს.
კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ როგორ შეძლეს მოწმეებმა ასე მოკლე ხანში ასეთი გრანდიოზული საქმის შესრულება, ის გახლავთ, რომ ისინი ფეშენებელურ შენობებს კი არა, სადა და უბრალო დარბაზებს აშენებდნენ. მათი მიზანი იყო, ჰქონოდათ ისეთი დარბაზები, რომლებიც დიდებას მოუტანდა ღმერთს და ბიბლიური განათლების მისაღებადაც გამოდგებოდა.
სხვებიც ხარობენ
წლების განმავლობაში მალავიში იეჰოვას მოწმეებს აბუჩად იგდებდნენ და ეუბნებოდნენ, თქვენ რა რელიგია ხართ, ერთი ნორმალური შესაკრებელიც კი არა გაქვთო. ზოგ მოწმეს რცხვენოდა კიდეც სტუმრების დაპატიჟება კრების შეხვედრებზე. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას იგრძნობდნენ ისინი, როდესაც შეაღებდნენ საკუთარი კოხტა და ლამაზი სამეფო დარბაზების კარს? რა სიამაყით და სიამოვნებით დაპატიჟებდნენ სტუმრებს იქ? ერთხელ, შეიძლება ითქვას, პატარა სასწაულიც კი მოხდა. ახალ სამეფო დარბაზში 698 ადამიანი მივიდა კრების შეხვედრაზე დასასწრებად.
არა მარტო მოწმეები, არამედ სხვებიც ამბობდნენ, რომ ვერასდროს წარმოიდგენდნენ, თუ მათ მხარეში ოდესმე ასეთი კარგი და ლამაზი შენობები აშენდებოდა. ზემოთ მოხსენიებული ოგასტინი იხსენებს იმ დროს, როცა მოწმეები შეხვედრებს ხეების ქვეშ ატარებდნენ: „კარგ ამინდში მართლა სასიამოვნო იყო ხის ჩრდილში ჯდომა, მაგრამ წვიმიან ამინდში, რა მოგახსენოთ!“. თუ ოდესმე მოყოლილხართ ტროპიკულ თავსხმაში, მაშინ მიხვდებით, რას გულისხმობდა ოგასტინი.
ოგასტინი ჩიმვანჯას კრებაში თავის სტუმრობასაც იხსენებს. «შეხვედრა პატარა თავშესაფარში ჩავატარეთ, რომელიც ბალახით იყო გადახურული. თურმე სახურავში დიდი შხამიანი ობობა ბინადრობდა.
უცებ, შუა მოხსენების დროს, ობობა ჩამოვარდა და ჩემს ფეხებთან დაეცა. ვიღაცამ დამიყვირა შეშინებულმა, „გაჭყლიტე! გაჭყლიტე!“. მეც ეგრევე ფეხი დავადგი და გავსრისე; პრინციპში მაგიტომაცა ვარ დღეს ცოცხალი». ახლა ამ კრებას აღარც სამეფო დარბაზის პრობლემა აქვს და აღარც ასეთი დაუპატიჟებელი სტუმრები აკითხავენ.„მარგალიტივით თვალშისაცემია ყველასთვის“
ადგილობრივი მოსახლეობისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უამრავი საქებარი სიტყვა დაიმსახურეს იეჰოვას მოწმეებმა ამ შესანიშნავი სამშენებლო პროგრამისთვის. გაგაცნობთ ზოგიერთის კომენტარს:
✔„იეჰოვას მოწმეების აგებული ეს ახალი შენობა და მათ შორის არსებული სიყვარული და ერთიანობა, მბზინავი მარგალიტივით თვალშისაცემია ყველასთვის. მე ვთვლი, რომ სხვა ეკლესიებმაც უნდა მიჰბაძონ მათ“ (ჩაბვანზას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი).
✔„ყველაზე მეტად მოწმეებში მათი ერთიანობა მომწონს. ჩვენ 10 წლის წინ დავიწყეთ ჩვენი ეკლესიის მშენებლობა და დღემდე ვაშენებთ. კაცმა არ იცის, როდის დავამთავრებთ. მინდა, მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ ასეთი ლამაზი შენობა აგვიშენეთ სოფელში“ (სოფელ ჩიგვენამბას თავკაცი).
✔„გაოცებული ვარ. რა სწრაფად და რა სუფთად მუშაობთ. გეტყობათ, რომ კარგად უგებთ ერთმანეთს“ (ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, ჩიუზირა).
სამეფო დარბაზების სამშენებლო პროგრამამ იმდენად დიდი ყურადღება მიიპყრო, რომ ერთ-ერთი ლექსიკონი, კერძოდ, „ჩიჩევა/ჩინიანჯა — ინგლისური ლექსიკონი“, სიტყვა იეჰოვას მოწმის განმარტებაში ასეთ რამეს მოიხსენიებს: „იეჰოვას მოწმეები ბევრს [სამეფო დარბაზს] აშენებენ“.
„თავი ზღაპარში მგონია“
2011 წლის 30 იანვარს ქალაქ ბლანტაირში მანიოვას კრების სამეფო დარბაზის მიძღვნა მოხდა. ეს იყო მალავიში აშენებული მეათასე სამეფო დარბაზი. ამ კრების ერთ-ერთმა წევრმა ასე გამოხატა თავისი სიხარული: „სასწაულია, თავი ზღაპარში მგონია“.
„მშენებლობაზე ერთი დღეც არ გამიცდენია. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი სამეფო დარბაზის მშენებლობაში პატარა წვლილი მეც შევიტანე“ (ახალგაზრდა და, მსახურობს მანიოვას კრებაში).
კრების ერთი უხუცესი ამბობს: „მთავრობა არ გვაძლევდა სამეფო დარბაზის აშენების უფლებას. რამდენჯერმე მივედით, მაგრამ უარი გვითხრეს. ბოლოს ჩვენი სოფლის გამგებელი, ქალბატონი ლინეს ჩიკაონაკა ჩაერია საქმეში და დიდი წვალების მერე მოიპოვა ნებართვა“.
ერთხელ კრების ერთი უხუცესი ქალბატონ ლინესთან ერთად იყო წასული ნებართვის სათხოვნელად. „მე მინდა, რომ მოწმეებმა ჩემს სოფელში ააშენონ სამეფო დარბაზი — უთხრა ამ კეთილშობილმა ქალბატონმა ხელისუფლების წარმომადგენელს. — ეს ხალხი ძალიან კარგი ხალხია. არასოდეს მქონია მათთან რაიმე პრობლემა“. ამის თქმა იყო და მაშინვე ხელმოწერილი ნებართვა გადასცეს ქალბატონ ლინესს.
ქალბატონი ლინეს ჩიკაონაკა სამეფო დარბაზის მიძღვნის პროგრამაზე თავის აღფრთოვანებას ვეღარ მალავდა. „უზომოდ გახარებული ვარ და ვამაყობ, რომ ჩვენს სოფელში ასეთი ლამაზი შენობა აშენდა“ — თქვა მან.
მალავიში იეჰოვას მოწმეები და მათი მეზობლები დღემდე ხარობენ და უდიდეს მადლიერებას გამოთქვამენ იმ სამეფო დარბაზებისთვის, რომლებიც მათ მხარეებში აშენდა. მოწმეების თავგანწირულმა სულისკვეთებამ და სამაგალითო შრომისმოყვარეობამ შედეგად ის მოიტანა, რომ დღეისათვის ქვეყანაში არსებული ყველა კრება საკუთარ დარბაზში ატარებს შეხვედრებს. 1993 წლისთვის ეს ბევრისთვის აუხდენელი ოცნება იყო. თუმცა ერთი რამ ფაქტია, მომავალში ახალი დარბაზების საჭიროება კვლავაც იქნება, ვინაიდან მოწმეების რიცხვი დღითი დღე იზრდება — უამრავი ადამიანი ეხმაურება „სასიხარულო ცნობას [ღვთის] სამეფოს შესახებ“ და ბევრი ახალი კრება ყალიბდება (მათე 24:14). იქაური მოწმეები უზომოდ მადლიერები არიან იმ დახმარებისთვის და გაღებული შესაწირავებისთვის, რაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა მათმა და-ძმებმა გაიღეს. *
მაგრამ ყველაზე მეტად იეჰოვას მოწმეები თავიანთ ღმერთს, იეჰოვას ემადლიერებიან. ისინიც იმავეს გრძნობენ, რასაც ფსალმუნების დამწერი დავითი: „მოვა შენი შექმნილი ყველა ხალხი, მდაბლად თაყვანს გცემს, იეჰოვა, და განადიდებენ შენს სახელს. დიდებული ხარ და საოცარია შენი საქმეები“ (ფსალმუნი 86:9, 10).
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 დღეისათვის მალავიში 1 030 სამეფო დარბაზია.
^ აბზ. 9 1999 წლიდან მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეებმა 23 786 სამეფო დარბაზი ააშენეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 151 ქვეყანაში.
^ აბზ. 28 მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ნებაყოფლობითი შესაწირავებით ხორციელდება.
[სურათი 24 გვერდზე]
ადრე კრების შეხვედრები ბალახით გადახურულ ასეთ თავშესაფრებში ტარდებოდა
[სურათი 24 გვერდზე]
დღეს კრების შეხვედრები ასეთ სამეფო დარბაზებში ტარდება