ბატიკი — ინდონეზიური ლეგენდა
ბატიკი — ინდონეზიური ლეგენდა
ბატიკს საუკუნოვანი ისტორია აქვს, თუმცა ის დღემდე მოსავს დიდსა თუ პატარას. მისით თავს იმშვენებენ, როგორც სამეფო კარის დიდგვაროვნები, ისე ბაზრის ვაჭრები. ეს არის მშვენიერი, ნაირფრად აჭრელებული, საოცრად მრავალფეროვანი შემოქმედება. მაინც, რა არის ბატიკი? როგორ მზადდება? სად დაიბადა და როგორ მოაღწია დღემდე?
როგორც აღვნიშნეთ, ბატიკის წესით დამზადებულ ქსოვილს უძველესი ისტორია გააჩნია. ქსოვილი იხატება სპეციალური მდგრადი საღებავებით. დიდი ხანია, რაც ბატიკი ინდონეზიელთა ცხოვრებისა და კულტურის განუყოფელ ნაწილად არის ქცეული. მსგავსი სახის ქსოვილები მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
საღებავისა და ცვილის ტანდემი
ბატიკის შესაქმნელად ხელოსანი ცვილით სავსე სპილენძის პატარა იარაღს იყენებს, რომელსაც ფუნჯივით უსვამს ქსოვილზე და რთულ ორნამენტებს ხატავს. ცვილის გაშრობის შემდეგ ნაჭერი იღებება. გასანთლული ადგილები არ იღებება და იგივე ფერი რჩება. ეს პროცედურა რამდენჯერმე მეორდება და საბოლოოდ იქმნება ნაირფრად აჭრელებული, ხასხასა ორნამენტებით მოქარგული ხელოვნების დიდებული ნიმუში.
მე-19 საუკუნის შუა პერიოდში ცვილით ქსოვილზე ორნამენტის მოსახატავად ბატიკზე მომუშავეები სპილენძის შტამპებს იყენებდნენ. ამ მეთოდით გაცილებით სწრაფად და მარტივად ხდებოდა ერთი და იმავე ორნამენტების მქონე ბატიკის დამზადება. მე-20 საუკუნეში ბატიკს უკვე ფაბრიკა-ქარხნებში ამზადებდნენ, თუმცა ხელით დამზადებულ ბატიკზე დღემდეა მოთხოვნილება. მაგრამ ბაზარზე ქარხნული წესით დამზადებული ბატიკი უფრო ჭარბობს, ვიდრე ხელით დამზადებული.
როგორც წესი, ბატიკი იქმნება აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილზე. საღებავის დასამზადებლად იყენებენ ფოთლებს, ხეს, ხის მერქანს და სანელებლებს. ზოგჯერ სინთეტიკურ საღებავებსაც ურევენ. სანამ ცვილის გამოყენებას დაიწყებდნენ, მანამდე მცენარის წებოთი, ცხოველური ცხიმითა და ტალახით ხატავდნენ. დღეს უმეტესწილად სინთეტიკურ ცვილს იყენებენ, თუმცა პარაფინისა და თაფლის სანთლის ნაზავი დღემდე გამოყენებაშია.
უკვდავ-უბერებელი
ზუსტად არავინ იცის, საიდან და როდის დაიწყო ბატიკის ისტორია. ჩინეთში აღმოჩენილი ბატიკის „ნაშთები“ ახ. წ. მე-6 საუკუნით თარიღდება. დღემდე ვერავინ იტყვის, ზუსტად როდიდან იწყება ინდონეზიაში ბატიკის ხელოვნება, მაგრამ ის კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინდონეზიაში ბატიკის იმპორტი და ექსპორტი მე-17 საუკუნეში უკვე კარგად იყო განვითარებული.
ბოლო ათწლეულებში ბატიკმა დიდი პოპულარობა პოვა საზოგადოებაში და ინდონეზიის ეროვნულ სიმბოლოდაც კი იქცა. უძველესი ისტორიისა და ინდონეზიის კულტურაზე უდიდესი გავლენის გამო, 2009 წელს ბატიკი იუნესკოს „მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის“ სიაში შევიდა.
ბატიკის სამოსელი
ბატიკის დამზადებაზე, ჩაცმასა და მის დაკეცვაზეც კი ადგილობრივი ტრადიციები და ცრურწმენა ახდენს გავლენას. ინდონეზიის სხვადასხვა პროვი ნციაში მათთვის დამახასიათებელი ფერისა და დიზაინის ბატიკს ქმნიან. მაგალითად, იავას ჩრდილოეთ სანაპიროზე დამზადებულ ბატიკში ჭარბობს ნათელი ფერები და ხშირად ის ყვავილებით, ფრინველებითა და ცხოველებით არის მოხატული. იავას ცენტრალურ ნაწილში კი მხოლოდ რამდენიმე ფერს იყენებენ და უმთავრესად გეომეტრიული ფიგურების დიზაინს ქმნიან. დაახლოებით 3000 სახეობის ნიმუში არსებობს.
ტრადიციულ ბატიკის ტანსაცმელს წარმოადგენს „სელენდანგი“, რომელიც შეიძლება იყოს მოსახვევი ან
მხრებზე ჩანთასავით გადასაკიდი. მას ძირითადად ქალები ატარებენ. „სელენდანგში“ შეიძლება დედას მიკრული პატარა ბავშვიც ნახოთ მოკალათებული და ბაზარში ნაყიდი და სახლში წასაღებად გამზადებული პროდუქტიც ჩალაგებული. ის მეტად საჭირო რამაა პაპანაქება სიცხეში, რადგან მას ერთგვარი ქუდის ფუნქციაც შეუძლია იკისროს.იმ დროს, როცა ქალბატონები „სელენდანგებით“ იწონებენ თავს, მამაკაცები თავზე კოხტად მორგებული დოლბანდისმაგვარი კვადრატული „იკეტ კეპალათი“ დაიარებიან. „იკეტ კეპალა“ დღემდე ოფიციალურ სამოსთა რიცხვში შედის.
ბატიკის კიდევ ერთი პოპულარული და ღირსეული წარმომადგენელია „სარონგი“. „სარონგი“ რომ მოირგოთ, მოგიწევთ ამ მართკუთხა ნაჭრის ფეხებზე შემოხვევა და წელზე დამაგრება. თუ ორ კიდეს ერთმანეთზე გადააკერებთ, რაც არც ისე იშვიათია, მიიღებთ მილისმაგვარ შესამოსელს. არ იფიქროთ, რომ სარონგს მარტო ქალბატონები იცვამენ, მამაკაცებიც დიდი სიამოვნებით იმოსებიან ამ ინდონეზიური საოცრებით.
ბატიკის ქსოვილით ნებისმიერი სახის ტანსაცმელს კერავენ, დაწყებული ჩვეულებრივი შარვლიდან, დამთავრებული გამოსასვლელი კაბით. ბატიკისგან აგრეთვე ამზადებენ სურათებს, კედლის ხალიჩებს, მაგიდისა და საწოლის გადასაფარებლებს და მრავალ სხვა რამეს. ინდონეზიის ბაზრებში მოხეტიალე ტურისტებს დიდი არჩევანი აქვთ — ჩანთები, სანდლები, აბაჟურები და, თქვენ წარმოიდგინეთ, ლეპტოპის ჩასადებებიც კი. ინდონეზიური ლეგენდა მისთვის ტყუილუბრალოდ ნამდვილად არ დაურქმევიათ!
[სურათი 23 გვერდზე]
ამ თხევადი ცვილით სავსე პატარა სპილენძის იარაღით იქმნება საკმაოდ რთული დიზაინი
[სურათი 23 გვერდზე]
ცვილიან ქსოვილს ათავსებენ საღებავში
[სურათები 23 გვერდზე]
ბატიკის სამოსი
1. სელენდანგი
2. იკეტ კეპალა
3. სარონგი