არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია — უტყუარი წინასწარმეტყველებების წიგნი ნაწილი 2

ბიბლია — უტყუარი წინასწარმეტყველებების წიგნი ნაწილი 2

ბიბლია — უტყუარი წინასწარმეტყველებების წიგნი ნაწილი 2

ბაბილონიდან გამოსვლა

„გამოიღვიძეთის“ ამ რვანაწილიან რუბრიკაში განიხილება ბიბლიის საგულისხმო წინასწარმეტყველებები. თითოეული ნაწილიდან გავიგებთ პასუხს კითხვაზე: უბრალოდ ჭკვიანმა ადამიანებმა მოიფიქრეს და დაწერეს ბიბლიური წინასწარმეტყველებები თუ ღმერთი დგას ამ უდიდესი სიბრძნის მიღმა? მოდი, განვაგრძოთ და ერთად მიმოვიხილოთ ფაქტები.

წინა ნაწილში განვიხილეთ აბრაამის შთამომავლებთან დაკავშირებული სამი ბიბლიური წინასწარმეტყველება. ფაქტები ამტკიცებს, რომ აბრაამის შთამომავლებისთვის მიცემული დაპირება ღმერთმა ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა. მან მათგან ერი ჩამოაყალიბა, რომელსაც თავადვე ხელმძღვანელობდა.

კიდევ ერთი ერი, რომელმაც ძვ. წ. VII საუკუნეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბიბლიის ისტორიაში, ძველი ბაბილონი გახლდათ. განვიხილოთ ბაბილონის სამეფოსთან დაკავშირებული სამი ბიბლიური წინასწარმეტყველება.

წინასწარმეტყველმა მოსემ გააფრთხილა ებრაელები: „თუ დაივიწყებთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, სხვა ღმერთებს გაჰყვებით, დაუწყებთ მათ მსახურებასა და თაყვანისცემას . . . მთლიანად ამოწყდებით“ (კანონი 8:19; 11:8, 9). სამწუხაროდ, ისრაელებმა არაერთხელ გადაუხვიეს ღვთის გზიდან და კერპებს დაუწყეს თაყვანისცემა (1 მეფეები 14:22—24).

ისრაელების ურჩობა როცა გასცდა ყოველგვარ ზღვარს, იეჰოვამ ეს ორგული ხალხი ბაბილონს ჩაუგდო ხელში. ნაბუქოდონოსორის მეფობის დროს ბაბილონელთა ჯარი ისრაელს მიადგა და იერუსალიმს ალყა შემოარტყა. რით არის ეს მოვლენა მნიშვნელოვანი? ვნახოთ, რა დაწერა იერემია წინასწარმეტყველმა ამ მოვლენებამდე 20 წლით ადრე (იერემია 25:1).

წინასწარმეტყველება 1: „რადგან არ დაემორჩილეთ [ისრაელებო] ჩემს [ღვთის] სიტყვებს, აი, მოვუხმობ . . . ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, და წამოვიყვან მათ [ბაბილონელებს] ამ მიწის წინააღმდეგ, მის მკვიდრთა წინააღმდეგ . . . მთელი ეს მიწა განადგურდება და გაოგნდებიან მისი შემხედვარენი; ეს ხალხები სამოცდაათი წელი ემსახურებიან ბაბილონის მეფეს“ (იერემია 25:8—11).

შესრულება: ხანგრძლივი ალყის შემდეგ ნაბუქოდონოსორმა ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმი აიღო. მან იუდას სხვა ქალაქებიც დაიპყრო, მათ შორის ლაქიში და აზეკა (იერემია 34:6, 7). გადარჩენილთა უმეტესი ნაწილი ბაბილონში ტყვედ წაასხა და მათ 70 წელი მოუწიათ უცხო მიწაზე ცხოვრება.

რას ამბობს ისტორია

● ბიბლიის თანახმად, იერუსალიმის განადგურების პერიოდში ბაბილონს მეფე ნაბუქოდონოსორი განაგებდა. არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს, რომ ეს პიროვნება ნამდვილად არსებობდა. ფლორენციაში (იტალია) ინახება ონიქსის კამეა, რომელზეც ასეთი წარწერაა გაკეთებული: „ეს გააკეთა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა თავის სიცოცხლეში მეროდაქის, თავისი ღვთაების, პატივსაცემად“. ნაბუქოდონოსორი მეფობდა ძვ. წ. 624—582 წლებში.

● ერთ-ერთი ნაშრომის მიხედვით, ლაქიშში წარმოებული არქეოლოგიური გათხრებითა და აღმოჩენებით შემდეგი რამ დასტურდება: „ქალაქის საბოლოო განადგურება განსაკუთრებული სისასტიკით ხასიათდებოდა. ხანძარი ისე მძვინვარებდა, რომ ჩამომდნარი კირქვიანი კედლები მდინარესავით მოედინებოდა ქალაქის ქუჩებში“ („ბიბლია და არქეოლოგია“).

წინასწარმეტყველება 2: „როცა სამოცდაათი წელი შესრულდება ბაბილონში, მაშინ [მე, იეჰოვა] მოგხედავთ [გადასახლებაში მყოფ ებრაელებს] და განვამტკიცებ ჩემს სასიკეთო სიტყვას და დაგაბრუნებთ ამ ადგილზე [იუდას მიწაზე]“ (იერემია 29:10).

შესრულება: გადასახლებაში ყოფნის 70-წლიანი (ძვ. წ. 607—537 წწ.) პერიოდის შემდეგ სპარსეთის მეფე კიროსმა ებრაელი ტყვეები მონობიდან გაათავისუფლა და მათ სამშობლოში დაბრუნებისა და იერუსალიმის ტაძრის აღდგენის ნება მისცა (ეზრა 1:2—4).

რას ამბობს ისტორია

● მართლა იყვნენ ისრაელები 70 წელი ბაბილონის მიწაზე ტყვეობაში, როგორც ეს ბიბლიამ იწინასწარმეტყველა? ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს ერთ-ერთი წამყვანი ებრაელი არქეოლოგი ეფრაიმ შტერნი: „არანაირი მტკიცება არ არსებობს იმისა, რომ ისრაელის მიწაზე ძვ. წ. 604—538 წლებში ვინმე ცხოვრობდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბაბილონის მიერ დაპყრობილი ისრაელის არც ერთი ქალაქი არ დასახლებულა ხელახლა“. ეს ეგრეთ წოდებული სიცარიელის შუალედი, როცა დაპყრობილ ტერიტორიაზე კაციშვილი არ სახლობდა, ზუსტად შეესაბამება ისრაელების ბაბილონში ყოფნის პერიოდს, ძვ. წ. 607—537 წლებს (2 მატიანე 36:20, 21).

● ძველად შუამდინარეთში მცხოვრები ერები თიხის ფირფიტებზე წერდნენ. ერთ-ერთი ფილა, რომელიც ცნობილია კიროსის ცილინდრის სახელით, თარიღდება ძვ. წ. 539 წლით. ეს ის წელია, როცა სპარსეთის მეფე კიროსმა დაიპყრო ბაბილონის იმპერია. ამ ცილინდრზე შემდეგი სიტყვებია ამოტვიფრული: „მე ვარ კიროსი . . . ბაბილონის მეფე“. იმავე ფილაზე წერია: „ტიგროსის გაღმა მდებარე [მანამდე დასახელებულ] წმინდა ქალაქებს, რომელთა ტაძრებიც დიდი ხნის მანძილზე ნანგრევებად იყო ქცეული, მე დავუბრუნე ღმერთები, რომლებიც ერთ დროს იქ იყვნენ . . . თავი მოვუყარე მათ ყოფილ მცხოვრებლებსაც და თავიანთ სამკვიდროში დავაბრუნე“.

ეს ისტორიული წყარო სრულ თანხმობაშია ბიბლიურ წინასწარმეტყველებასთან, რომელიც გადასახლებული ებრაელების სამშობლოში დაბრუნებას ეხება. ეს წინასწარმეტყველება ამ მოვლენებამდე დაახლოებით 200 წლით ადრე იქნა ჩაწერილი ბიბლიაში.

წინასწარმეტყველება 3: „ბაბილონი, სამეფოების მშვენება, ქალდეველების სილამაზე და სიამაყე, ისევე დაემხობა, როგორც ღმერთმა სოდომი და გომორა დაამხო; არასოდეს დასახლდება“ (ესაია 13:19, 20).

შესრულება: მოვლენები მოულოდნელად და უჩვეულოდ განვითარდა. ძლევამოსილი მსოფლიო იმპერია, ბაბილონი ძვ. წ. 539 წელს მიდიისა და სპარსეთის გაერთიანებულმა ჯარებმა დაამხვეს. * მას მერე ქალაქი ბაბილონი სრულად აღარასდროს აღდგენილა; ის ნელ-ნელა კნინდებოდა, საბოლოოდ კი გაპარტახდა და გაუკაცრიელდა. ასე შესრულდა იერემიას წინასწარმეტყველება: „არავინ იცხოვრებს იქ“ (იერემია 51:37).

რას ამბობს ისტორია

● ბაბილონის გაუჩინარება იმდენად სრული იყო, რომ ამასთან დაკავშირებით მკვლევარი ტომ ბოი ასეთ რამეს აღნიშნავს: „XVI—XVIII საუკუნეებში დასავლეთში მოღვაწე ისტორიკოსებმა და მოგზაურებმა, რომლებიც კარგად იყვნენ გაცნობილი ბაბილონის ღირსშესანიშნაობებს . . . ვერ დაადგინეს ქალაქის ზუსტი ადგილმდებარეობა“.

● 1919 წელს ბრიტანეთის მუზეუმის თანამშრომელმა, ეგვიპტისა და ასურეთის სიძველეთა მკვლევარმა და სპეციალისტმა, ჰენრი რეჯინალდ ჰოლმა ასე აღწერა ბაბილონი: „ეს არის კედლების ნანგრევების გროვა . . . ქვიშაში ჩაფლული“.

რა დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ აქ მოყვანილი ფაქტებისა და გამოკვლევების საფუძველზე? ეს უდავოდ კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები ზუსტი და სარწმუნოა. წინასწარმეტყველებები იუდასა და ბაბილონთან დაკავშირებით სიტყვასიტყვით შესრულდა.

იერუსალიმსა და მის მკვიდრთ იმის გამო დაატყდათ თავს განადგურება, რომ არად ჩააგდეს ღვთის გაფრთხილება და არ მიატოვეს უღვთო გზით სიარული. ნაწინასწარმეტყველები 70-წლიანი ტყვეობის შემდეგ ებრაელებს შესაძლებლობა მიეცათ, თავიანთ მშობლიურ ქალაქში, იერუსალიმში დაბრუნებულიყვნენ. ძველისძველი ქალაქი ბაბილონი კი მტრებმა ზუსტად ისეთი ტაქტიკით აიღეს, როგორიც ბიბლიაში იყო ნაწინასწარმეტყველები. ეს ადგილი სრულიად უკაცრიელია და დღემდე არავინ სახლობს იქ. მაგრამ ბიბლიური წინასწარმეტყველებები მხოლოდ ამით არ ამოიწურება.

ჩვენი შემდგომი ნაწილი დაეთმობა ახ. წ. I საუკუნეში განვითარებულ მოვლენებს, რომელთა შესახებაც მრავალი დეტალი საუკუნეებით ადრე ჩაიწერა ბიბლიაში. ეს შესრულებული წინასწარმეტყველებებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, იმაში გვარწმუნებს, რომ ბიბლიური ცნობები ნამდვილად სანდო და სარწმუნოა.

[სქოლიო]

^ აბზ. 20 ესაიამ 200 წლით ადრე ისიც იწინასწარმეტყველა, რომ მიდია მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა ბაბილონის დაპყრობაში (იხილეთ ესაიას 13:17—19; 21:2).

[ცხრილი 12, 13 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

დროის დიაგრამა

ესაია წინასწარმეტყველებს ბაბილონის დაცემას

(დაახლ. ძვ. წ. 732 წ.)

(ძვ. წ.)

647 იერემია ინიშნება წინასწარმეტყველად

632 ბაბილონი იპყრობს ასურეთს

625 ნაბუქოდონოსორი იწყებს მმართველობას

617 დანიელი და ეზეკიელი გადაასახლეს ბაბილონში

607 ნაბუქოდონოსორი ანადგურებს იერუსალიმს

ებრაელები ბაბილონში 70 წელი იყვნენ ტყვეობაში

582 ნაბუქოდონოსორის მმართველობა დასრულდა

539 მიდია-სპარსეთი იპყრობს ბაბილონს

537 მიდია-სპარსეთი იპყრობს ბაბილონს

[სურათი 12 გვერდზე]

ლაქიშის წარწერა ადასტურებს იერემიას წინასწარმეტყველების სიზუსტეს ბაბილონის მიერ იუდას დაპყრობაზე

[სურათი 13 გვერდზე]

კიროსის ცილინდრზე შესრულებული წარწერა მოგვითხრობს კიროსის მიერ ტყვეების სამშობლოში დაბრუნებაზე

[სურათის საავტორო უფლებები 13 გვერდზე]

Page 12, Lachish Letter: Photograph taken by courtesy of the British Museum; page 13, Cyrus Cylinder: © The Trustees of the British Museum