მუხლუხის კერძი — დაუვიწყარი გემო
მუხლუხის კერძი — დაუვიწყარი გემო
ეს ამბავი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ბანგუის ერთ წყნარ უბანში მოხდა. მე და ჩემი მეუღლე სადილად მიგვიპატიჟეს მეგობრებმა.
სახლთან მივედით თუ არა, დაგვიძახეს: „მობრძანდით! იმედია, მშივრები ხართ!“. კარშივე გვეცა ხახვის, ნივრისა და სუნელების მადისაღმძვრელი სუნი და ყური მოვკარით, როგორ ჩურჩულებდნენ ერთმანეთში ჩვენი მეგობრები. ჩვენმა მასპინძელმა, ელამ, საუბარი ჩვენთვის საგულდაგულოდ მომზადებულ კერძზე გაგვიბა.
«მწერებში ბევრი ცილაა, ამიტომ ცენტრალურ აფრიკაში მას ბევრ ოჯახში ნახავთ სუფრაზე, — დაიწყო ელამ. — მაგრამ მწერებს მარტო ცილების გამო არ ვჭამთ, ის ძალიან გემრიელიცაა. დღეს გვინდა, გაგასინჯოთ „მაკონგოსი“ — მუხლუხის ერთ-ერთი სახეობა».
პრინციპში, არც გაგვკვირვებია. გასაგებია, რომ ბევრს არ იზიდავს თეფშზე ჭიებისა და მატლების დანახვა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ასზე მეტ ქვეყანაში მწერები დელიკატესად ითვლება.
„ქეიფი“ შუაგულ ტყეში
ცენტრალურ აფრიკაში უამრავი სახეობის მწერს მიირთმევენ. წვიმიან სეზონზე „ბობოების“ მთელი გუნდი ირევა ტერმიტების ბუდესთან ან დასახლებულ რაიონებში ანთებული შუქების ირგვლივ. „ბობო“ ტერმიტების ერთ-ერთი სახეობაა. წვიმა გადაიღებს თუ არა, ხელში კალათამომარჯვებული ბავშვები უმალვე გარბიან გარეთ მწერების მოსაგროვებლად. ხშირად ისეც ხდება, რომ ზოგს სული წასძლევს ხოლმე და რომელი მატლიც უფრო მეტად მოუვა თვალში, პირდაპირ პირში გაიქანებს და სიამოვნებისგან კრუსუნსაც მოჰყვება. კერძის მოსამზადებლად ტერმიტებს ჯერ მზეზე აშრობენ, შემდეგ წვავენ და სანელებლებით, მწარე წიწაკითა და მარილით აზავებენ. ზოგი უბრალოდ შუშავს ან მისგან ღვეზელს აცხობს.
მშრალ სეზონზე არემარეს საჭმელად ვარგისი მწერის კიდევ ერთი სახეობა — მწვანე კალია, „კინდაგოზო“, ეფინება. როგორ მზადდება „კინდაგოზოს“ კერძი? მას ან შემწვარს მიირთმევენ ან კიდევ ადუღებულ წყალში მანამ აჩერებენ, სანამ ფეხები და ფრთები
არ დასძვრება. შემდეგ ამოიღებენ და მადიანად შეექცევიან.არსებობს მუხლუხის რამდენიმე სახეობა, რომელსაც მთელ ცენტრალურ აფრიკაში სიამოვნებით მიირთმევენ. ჩვენი კერძიც ასეთი მატლისგან, „იმბრასიისგან“, იყო მომზადებული. ეს ჩაპუტკუნებული ყავისფერი ჩრჩილი, კვერცხებს საპელეს ხეზე დებს. როგორც კი ჭუპრები გამოიჩეკებიან, სოფლის მოსახლეობა მათ შეგროვებას იწყებს. პირველ რიგში, ხდება მათი გარეცხვა, შემდგომ ამისა, მუხლუხებს პომიდორთან, ხახვთან და სხვა ინგრედიენტებთან ერთად ხარშავენ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა დიასახლისი ერთი და იმავე რეცეპტით არ აზავებს ინგრედიენტებს. ზოგჯერ უბრალოდ აშრობენ ან ბოლავენ მატლებს. ასე მათი შენახვა სამ თვეზე მეტხანს შეიძლება.
უსაფრთხო და სასარგებლო
მართალია, ყველა მწერი არ არის საჭმელად ვარგისი, მაგრამ ბევრი სახეობა, რომლებიც ისეთ ადგილებშია შეგროვებული, სადაც ნიადაგში პესტიციდები და სასუქი არ არის შეტანილი, უსაფრთხო და სასარგებლოა. თუმცა კერძი სათანადო წესების დაცვითაც უნდა იქნეს მომზადებული. სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მათ, ვისაც ალერგია აქვს მოლუსკებზე, რომლებიც ფეხსახსრიანებს მიეკუთვნებიან. ბევრი მოლუსკისგან განსხვავებით, რომლებიც ბინძური და გაფუჭებული საკვებით იკვებებიან, საჭმელად ვარგისი მწერების უმეტესობა მხოლოდ სუფთა ფოთლებს და ისეთ მცენარეებს მიირთმევს, რომელსაც ადამიანის კუჭი ვერ ინელებს.
მუხლუხები თავიანთ ზომა-წონასთან შედარებით საოცრად დიდი რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს შეიცავენ. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, გამომშრალ მუხლუხებში ორჯერ მეტი ცილაა, ვიდრე საქონლის ხორცში. საკვების ექსპერტები მწერებს უკვე იმ კუთხით იკვლევენ, როგორც განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის კვების ძირითად წყაროს.
ზოგიერთი სახეობის მუხლუხის სულ რაღაც 100 გრამი შეიცავს უამრავ ვიტამინს და ისეთ მნიშვნელოვან მინერალებს, როგორიცაა: თუთია, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა და ფოსფორი. ასეთი შემადგენლობა ადამიანის კვების რაციონის თითქმის დღიური ნორმაა. გარდა ამისა, გამომშრალ მუხლუხს ფქვავენ და შიმშილისგან დასუსტებულ ბავშვებს საკვებთან ერთად აძლევენ.
ენტომოფაგიას ანუ მწერებით კვებას მარტო კვებითი ღირებულება როდი გააჩნია. თამამად შეიძლება ამას ეკოლოგიასთან მეგობრობა ვუწოდოთ. ასეთი სახის საკვებს ნაკლები წყალი და ნაკლები საწვავი ნივთიერებები სჭირდება, შესაბამისად გარემოც ნაკლებად ბინძურდება. გარდა ამისა, მათი შეგროვებით ვახდენთ ბუნებრივ დეზინსექციას ანუ პარაზიტი მწერების ბუნებრივ განადგურებას.
არასოდეს თქვა არასოდეს!
როგორც კი გემო გავუსინჯეთ ამ განსაკუთრებულ საჭმელს, გაგვახსენდა ძველი ისრაელებისთვის მიცემული ღვთის კანონი, სადაც ეწერა, რომ კალია წმინდა მწერი იყო. ისიც გაგვახსენდა, რომ ღვთის მსახური, იოანე ნათლისმცემელიც სწორედ კალიებით იკვებებოდა (ლევიანები 11:22; მათე 3:4; მარკოზი 1:6). მაგრამ მაინც, თავიდან შეიძლება გაგიჭირდეს, გემო გაუსინჯო საჭმელს, რომელიც არასდროს გიჭამია.
ელა სამზარეულოდან ცხელი კერძით დაბრუნდა და ყველას ყურადღება მიიპყრო. რვავე აფრიკელს სახე გაებადრა სიხარულისგან. მასპინძელმა მაგიდაზე მუხლუხებით სავსე ორი დიდი ჯამი ჩამოდგა. როგორც სტუმრებს, საჭმელი ჯერ ჩვენ შემოგვთავაზეს და თანაც თეფშები პირთამდე გაგვივსეს.
ისე, ერთ რამეს გირჩევთ: „თუ ოდესმე მოგეცემათ შესაძლებლობა, დააგემოვნოთ ეს ნოყიერი და არცთუ ისე ძვირი დელიკატესი, უარს ნუ იტყვით! დამიჯერეთ, მისი გემო არასდროს დაგავიწყდებათ“.
[სურათი 27 გვერდზე]
ცოცხალი „მაკონგოსები“
[სურათი 27 გვერდზე]
კალია „კინდაგოზო“