არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მხოლოდ მეგობრული ურთიერთობაა თუ. . .? ნაწილი 1

მხოლოდ მეგობრული ურთიერთობაა თუ. . .? ნაწილი 1

ახალგაზრდების შეკითხვები

მხოლოდ მეგობრული ურთიერთობაა თუ. . .? ნაწილი 1

ამ კითხვამ ვინმე ხომ არ გაგახსენა?

კი

დაუყოვნებლივ წაიკითხე ეს სტატია. შეიძლება ეს იმაზე მეტად გჭირდება, ვიდრე ფიქრობ.

არა

ყოველი შემთხვევისთვის მაინც წაიკითხე ეს სტატია. ეს დაგეხმარება, იცოდე, როგორი ურთიერთობა გქონდეს საპირისპირო სქესთან ისე, რომ პრობლემები არ შეგექმნას.

აღნიშნე სწორია თუ არასწორი:

არ უნდა დავიწყო საპირისპირო სქესთან მეგობრობა, სანამ მზად არ ვიქნები სერიოზული ურთიერთობისთვის, რომელიც შესაძლოა ქორწინებით დამთავრდეს.

․․․․․ სწორია ․․․․․ არასწორია

დაფიქრდი: მართალია, იესო არ აპირებდა დაქორწინებას, მაგრამ მას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მანდილოსნებთან (მათე 12:46—50; ლუკა 8:1—3). როგორც ჩანს, არც ტიმოთე გაურბოდა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობას, რადგან პავლემ მას უთხრა, მოქცეოდა „ახალგაზრდა ქალს — როგორც დას, მთელი სიწმინდით“ (1 ტიმოთე 5:1, 2).

პავლემ იცოდა, რომ ტიმოთეს ბევრ ახალგაზრდა ქალთან მოუწევდა შეხვედრა, რადგან ის სხვადასხვა კრებებში მსახურობდა (მარკოზი 10:29, 30). სწორი იქნებოდა, თუ ტიმოთე მათგან თავს შორს დაიჭერდა? არა. მაგრამ, ვინაიდან ტიმოთე იმ დროისთვის დაქორწინებას არ აპირებდა, მას ზღვარი უნდა დაედგინა საკუთარი თავისთვის, რომ ვინმეს მიმართ რომანტიკული გრძნობები არ განვითარებოდა. რა თქმა უნდა, ის არც ფლირტს დაიწყებდა საპირისპირო სქესთან და არც სხვის გრძნობებზე ითამაშებდა (ლუკა 6:31).

შენზე რას იტყვი? ნამდვილად ხარ მზად ქორწინებისთვის?

თუ დიახ ⇨ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობამ შეიძლება ცხოვრების თანამგზავრთან შეგახვედროს (იგავები 18:22; 31:10).

თუ არა ⇨ მაშინ საზღვრების დადგენა მოგიწევს (იერემია 17:9). სათქმელად ადვილია. ამ აზრს 18 წლის ნიაც * ეთანხმება: „ძნელია გქონდეს მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა ისე, რომ რომანტიკულ გრძნობებში არ გადაიზარდოს. ადვილი არ არის განსაზღვრო, სად გაავლო ზღვარი“.

რა საჭიროა საერთოდ ზღვრის გავლება? წინააღმდეგ შემთხვევაში, ან საკუთარ თავს მიაყენებ ტკივილს, ან — სხვას. რატომ?

რეალობა: თუ ჯერ მზად არა ხარ სერიოზული ურთიერთობისთვის და ამ დროს ვინმეზე ემოციურად დამოკიდებული ხდები, იცოდე, ერთ-ერთი მხარე აუცილებლად დარჩება გულნატკენი. 19 წლის კელი ამბობს: „ასეთი რამ ორჯერ დამემართა. ერთხელ მე შემიყვარდა ერთი ბიჭი, მეორე შემთხვევაში კი სხვას განუვითარდა ჩემ მიმართ გრძნობები. ორივე შემთხვევაში ერთ-ერთი ჩვენგანი გულნატკენი დარჩა. და ეს დღემდე მოუშუშებელ ჭრილობად მრჩება“.

დაფიქრდი:

რა შემთხვევებში არ არის გამართლებული საპირისპირო სქესთან ურთიერთობა? რა სიტუაციებს უნდა აარიდო თავი?

რატომ არ იქნებოდა სწორი, ხშირი ყურადღება მიგექცია ერთი და იმავე პიროვნებისთვის? რა შეიძლება იფიქროს ამ დროს იმ ადამიანმა? შენ რა ფიქრები შეიძლება გაგიჩნდეს ასეთ დროს?

„თავს ვიტყუებდი და ვამბობდი, უბრალოდ მეგობრები ვართ, ძმასავით ვუყურებ-მეთქი. მაგრამ როგორც კი სხვა გოგოს მიაქცევდა ყურადღებას, ვბრაზდებოდი. ვფიქრობდი, რომ მარტო ჩემთან უნდა ჰქონოდა ურთიერთობა“ (23 წლის დანიელა).

რას ამბობს ბიბლია: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“ (იგავები 22:3).

რეალობა: თუ ჯერ მზად არა ხარ სერიოზული ურთიერთობისთვის და ამ დროს ემოციურად ვინმეზე დამოკიდებული ხდები, იცოდე, შეიძლება საერთოდ დაკარგო ეს ადამიანი. 16 წლის ქეითი ამბობს: „მე და ერთი ბიჭი ერთმანეთს ვემესიჯებოდით. მაგრამ ცოტა ხანში მან ფლირტაობა დამიწყო და უკვე ყოველდღე ვწერდით ერთმანეთს მესიჯებს. ერთხელაც მითხრა, რომ მოვწონდი და ჩემთან ჩვეულებრივ ურთიერთობაზე მეტი უნდოდა. საქმე იმაში იყო, რომ მე მის მიმართ არანაირი გრძნობა არ მქონდა. მას შემდეგ, რაც ეს ვუთხარი, ერთმანეთს იშვიათადღა ველაპარაკებოდით; ბოლოს ჩვენი ურთიერთობა საერთოდ შეწყდა“.

დაფიქრდი:

ქეითის შემთხვევაში ვინ დარჩა დაზარალებული და რატომ? შეიძლებოდა ამ შედეგების თავიდან არიდება? თუ დიახ, როგორ?

მიწერ-მოწერის დროს როგორ შეიძლება ადამიანმა თავისდა უნებურად ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნას საპირისპირო სქესს, რომ თითქოს ჩვეულებრივ ურთიერთობაზე მეტი უნდა მასთან?

„ვერიდები ბიჭებთან დიდი დროის გატარებას. ბიჭები შეიძლება კარგი მეგობრები იყვნენ, მაგრამ არ მინდა, რომ ჩვეულებრივი ახლო ურთიერთობა არაფრის მომცემ რომანტიკულ გრძნობებში გადაიზარდოს და ჩვენი ურთიერთობა შეწყდეს“ (16 წლის ლაურა).

რას ამბობს ბიბლია: „წინდახედული აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15).

დასკვნა: საპირისპირო სქესთან ურთიერთობა თავისთავად ცუდი არ არის. მაგრამ თუ მზად არ ხარ სერიოზული ურთიერთობისთვის, რომელიც შეიძლება ქორწინებით დასრულდეს, მაშინ აჯობებს, საზღვრები დაადგინო.

შემდეგ რუბრიკაში . . .

როგორ შეიძლება რეპუტაცია შეგელახოს, თუ ჯერ მზად არა ხარ სერიოზული ურთიერთობისთვის და ამ დროს ემოციურად ვინმეზე ხდები დამოკიდებული.

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[სქოლიო]

^ აბზ. 15 ამ სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.

[ჩარჩო⁄სურათი 16 გვერდზე]

როგორ მოიქცეოდი?

ნამდვილი ამბავი: «მიწერ-მოწერა მქონდა ერთ ბიჭთან, რომელიც 1 500 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდა. ერთმანეთს კვირაში ერთხელ ვწერდით წერილებს. მის მიმართ არანაირი რომანტიკული გრძნობა არ გამაჩნდა და მეგონა, რომ არც ის ფიქრობდა ჩემზე სხვანაირად. ერთხელ ასეთი წერილი მივიღე მისგან: „სალამი ლამაზო! მომენატრე. რას აკეთებ?“. ცოტა არ იყოს გამიკვირდა და ვუთხარი, მეგონა, ჩვენს შორის უბრალოდ მეგობრული ურთიერთობა იყო და მეტი არაფერი-მეთქი. მომწერა კაი, დაივიწყეო და მას მერე მეტად აღარ მიმიღია მისგან მესიჯი» (ჯანეტი).

● თუ მზად არა ხარ სერიოზული ურთიერთობისთვის და არც ვინმე მოგწონს, რას იზამდი ისეთი შინაარსის წერილი რომ მიგეღო, როგორიც ჯანეტმა მიიღო?

● ბიჭებო, გამართლებული იყო იმ ბიჭის საქციელი?

● შენი აზრით, წერილებით უფრო შეიძლება გახდე ვინმეზე ემოციურად დამოკიდებული თუ პირისპირ საუბრით? ვრცლად უპასუხე.

[ჩარჩო 17 გვერდზე]

გაიგე შენი მშობლების აზრი

გაიგე შენი მშობლების აზრი სტატიაში მოცემულ კითხვებზე. ხომ არ განსხვავდება შენი და მათი აზრები ერთმანეთისგან? რა მხრივ შეიძლება სასარგებლო იყოს მათი შეხედულებების გათვალისწინება? (იგავები 11:14).

[ჩარჩო⁄სურათები 17 გვერდზე]

შენი თანატოლები ამბობენ. . .

ჯოშუა — თუ ერთი და იმავე პიროვნებას სხვებთან შედარებით მეტ დროს უთმობ, ემოციურად მასზე ხდები დამოკიდებული.

ნატაშა — თუ ფიქრობ, რომ მხოლოდ მეგობრები ხართ, მაგრამ თავისუფალ დროს ხშირად ატარებ მასთან, არ არის გამორიცხული, რომანტიკული გრძნობები განგივითარდეთ ან შენ ან იმას, ან ორივეს.

კელსი — დღეს თუ უბრალოდ მეგობრული ურთიერთობა გაქვთ, ადვილად შეიძლება ხვალ ის რომანტიკულ გრძნობებში გადაიზარდოს, თუ დიდ დროს ატარებთ ერთად. შეუძლებელი არ არის მეგობრული ურთიერთობა გქონდეს საპირისპირო სქესთან, მაგრამ ამას მოწიფულობა და გამჭრიახობა სჭირდება.

[სურათი 16 გვერდზე]

თუ ჯერ არა ხარ სერიოზული ურთიერთობისთვის მზად და ამ დროს ვინმეზე ემოციურად ხდები დამოკიდებული, შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგექმნას