ნამდვილ სიყვარულსა და სულის სიმშვიდეს მივაგენი
ნამდვილ სიყვარულსა და სულის სიმშვიდეს მივაგენი
მოგვითხრო ეჯიდიო ნაჰაკბრიამ
უპატრონობაში და უსიყვარულობაში ვიზრდებოდი. მაგრამ გავიდა დრო და ყველაფერი შეიცვალა. დღეს სიყვარული და შინაგანი სიმშვიდე ჩემთვის ყველაზე ახლობელი გრძნობებია. მინდა, მოკლედ მოგიყვეთ ჩემი ისტორია.
ქვეყანას 1976 წელს მოვევლინე აღმოსავლეთ ტიმორის მთიან მხარეში, ერთ პატარა მიწისიატაკიან ქოხში. ეს ადგილი მაშინ ინდონეზიას ეკუთვნოდა. ღარიბ ათშვილიან ოჯახში მერვე შვილი ვიყავი. იმ ხანად ძალიან გვიჭირდა; მშობლებმა აღარ იცოდნენ, რა ეჭმიათ ჩვენთვის. ამიტომ დამაშორეს ჩემს ტყუპისცალ ძმას და ბიძას მიმაბარეს.
ჩემ დაბადებამდე თვეებით ადრე, 1975 წლის დეკემბერში, აღმოსავლეთ ტიმორი ინდონეზიის ჯარებმა დაიკავეს. დაიწყო პარტიზანული ომი, რომელიც ოც წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამიტომ ჩემი ბავშვობის მოგონებები ძირითადად სისხლისღვრასთან და ტანჯვა-წამებასთანაა დაკავშირებული. გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორ შემოცვივდა უცხო ჯარი ჩვენს სოფელში და როგორ აგვყარეს მთელი სოფელი. ბიძაშვილთან ერთად როგორ მივუყვებოდით შიშველი მთის ფერდობებს, სადაც ათასობით ტიმორელი აფარებდა თავს ამ ყველაფერს.
ცოტა ხანში ჯარისკაცებმა გაიგეს ჩვენი სამალავის შესახებ და ბომბების წვიმამაც არ დააყოვნა. დღესაც ცივი ოფლი მასხამს იმ საშინელი ამბების გახსენებაზე, რაც იქ ხდებოდა. გავიდა დრო და სოფელში დავბრუნდით, მაგრამ სულ შიშში ვცხოვრობდით. ხან რომელი მეზობელი იკარგებოდა და ხან რომელი; პანტაპუნტით ხოცავდნენ ხალხს. მეშინოდა და ვფიქრობდი, დღეს თუ ხვალ ჩემი ჯერიც დადგება-მეთქი.
ათი წლისა რომ ვიყავი, ჩემი ბიძაშვილი ავად გახდა და მოულოდნელად გარდაიცვალა. მშობლებმა ბებიას მიმაბარეს. ბებიაჩემი ერთი ქვრივი და ცხოვრებისგან გამწარებული, გაუბედურებული ქალი იყო. დიდად არც მე ვეხატებოდი გულზე და მონასავით მამუშავებდა. ერთხელ ცუდად ვიყავი და მუშაობის თავი არ მქონდა. ისე მცემა, ისე მცემა, რომ სიკვდილის პირას მიმიყვანა. მალე ბიძაჩემმა თავისთან გადამიყვანა საცხოვრებლად და ცოტათი ამოვისუნთქე.
12 წლისა ვიყავი, პირველად სკოლაში რომ მივედი. ცოტა ხანში ბიცოლაჩემი გახდა ცუდად და ბიძაჩემი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. არ მინდოდა, მათთვის ზედმეტი ტვირთი ვყოფილიყავი, ამიტომ სახლიდან გავიპარე და ინდონეზიის ტყეში დაბანაკებულ შეიარაღებულ დაჯგუფებას შევაფარე თავი. ჯარისკაცებს ტანსაცმელს ვურეცხავდი, საჭმელს ვუმზადებდი და კარვებს ვულაგებდი. იქ კარგად მექცეოდნენ და ვიგრძენი,რომ ვიღაცას ვჭირდებოდი. რამდენიმე თვეში ნათესავებმა მომაგნეს ტყეში და უკან, სოფელში დამაბრუნეს.
პოლიტიკური აქტივისტი
სკოლის დამთავრების შემდეგ აღმოსავლეთ ტიმორის დედაქალაქში, დილიში გადავედი და უნივერსიტეტში ჩავირიცხე. იქ გავიცანი ბევრი ახალგაზრდა, რომელთაც ჩემნაირი ცხოვრება ჰქონდათ გამოვლილი. გადავწყვიტეთ, პოლიტიკური მოძრაობა
ჩამოგვეყალიბებინა, ვინაიდან ჩვენი ღრმა რწმენით, მხოლოდ ასე მივაღწევდით ეროვნულ დამოუკიდებლობას და შევძლებდით ქვეყანაში სოციალური ფონის შეცვლას. ჩვენმა სტუდენტურმა დაჯგუფებამ არაერთი პოლიტიკური დემონსტრაცია მოაწყო, რომელთაგანაც უმეტესობა არეულობაში გადაიზარდა. ჩემი მეგობრებიდან ბევრი დაიჭრა ან მძიმედ დაშავდა, ზოგიერთები მოკლეს კიდეც.საბოლოოდ, 2002 წელს, როცა აღმოსავლეთ ტიმორმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მთელი ქვეყანა ერთი დიდი ნანგრევების გროვა იყო. ამ ომმა ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასიათასობით ადამიანი მშობლიურ კერას მოსწყვიტა. როგორც ამბობენ, კაცი იმედით ცოცხლობსო და მეც მჯეროდა, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. მაგრამ მწარედ შევცდი — უმუშევრობას, სიღარიბეს და გამუდმებულ პოლიტიკურ ცვლილებებს არა და არ უჩანდა ბოლო.
სხვა რელსებზე
იმ დროს ანდრესთან და სხვა ნათესავებთან ერთად ვცხოვრობდი. ანდრე ჩემი ბიძაშვილის შვილიშვილი იყო. ის ბიბლიას სწავლობდა იეჰოვას მოწმეებთან. როგორც თავგამოდებულ კათოლიკეს, არ მსიამოვნებდა, რომ ჩემი ბიძაშვილი სხვა რელიგიით იყო დაინტერესებული. თუმცა გულის სიღრმეში მეც მაინტერესებდა, რა ეწერა ბიბლიაში და დროდადრო ვკითხულობდი ხოლმე ანდრეს საძინებელში შენახულ ბიბლიას. ამ კითხვაში ნელ-ნელა ინტერესიც გამიღვივდა.
2004 წელი იდგა. ანდრემ იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს მოსაწვევი მომცა. ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე წავსულიყავი ამ შეხვედრაზე. შემეშალა და შეხვედრაზე ორი საათით ადრე მივედი. ცოტა ხანში მოწმეებიც გამოჩნდნენ. ყველამ, ადგილობრივებმაც და უცხოელებმაც, ხელი ჩამომართვა და დიდი სითბოთი და სიყვარულით მიმიღო. ცოტა არ იყოს გამიკვირდა, თან მესიამოვნა. მოხსენებაში წარმოთქმული ყველა მუხლი ჩავიწერე და სახლში ჩემს კათოლიკურ ბიბლიაში შევამოწმე, მაინტერესებდა, სწორს ამბობდა თუ არა მომხსენებელი. დიახ, ყველაფერი მართალი გამოდგა!
მომდევნო კვირას, ეკლესიაში მესაზე დასასწრებად წავედი. რამდენიმეს დაგვაგვიანდა. ჩვენს დანახვაზე მღვდელმა ხის ნაჭერს დაავლო ხელი და უშვერი სიტყვებით კარში გვიკრა თავი. გარეთ ვიდექით და გავიგეთ, როგორ დაამთავრა მღვდელმა თავისი ქადაგება: „უფალ იესოს ქრისტეს მშვიდობა იყოს თქვენთან“. ერთ ქალს ეყო გაბედულება და მღვდელს სიტყვა შეჰკადრა: „რა მშვიდობაზე ლაპარაკობთ, თქვენ არ იყავით წეღან ის ხალხი გარეთ რომ გაყარეთ?“ მღვდელმა, ვითომც არაფერიო, აინუნშიც არ ჩააგდო ამ ქალის სიტყვები. წამოვედი ეკლესიიდან და არც აღარასოდეს დავბრუნებულვარ უკან.
მალე ბიბლიის შესწავლა დავიწყე და მე და ანდრე ერთად დავდიოდით კრებებზე. სანათესაოში ერთი ამბავი ატყდა. ყველა ჩვენ წინააღმდეგ წამოვიდა. ერთხელ ანდრეს ბებია დაგვემუქრა, ჩემი ხელით გაგითხრით სამარეს, თუ მაგ ხალხს არ შეეშვებითო. მაგრამ ჩვენ უკვე ვეღარაფერი შეგვაჩერებდა.
ცვლილების დროც დადგა
როგორც კი დავიწყე ბიბლიის შესწავლა და დავუახლოვდი იეჰოვას მოწმეებს, ვიგრძენი, რა იყო ნამდვილი სიყვარული. მე ხომ ცხოვრებაში მანამდე არასოდეს მიგრძნია სიყვარული და სითბო. მკაცრი და უხეში პიროვნება ვიყავი; იოლად არავის ვენდობოდი. ამის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები გულწრფელ ინტერესს ავლენდნენ ჩემდამი. ერთი პერიოდი ძალიან ცუდად გავხდი და სახლიდან თითქმის ვეღარ გავდიოდი. ნათესავებმა არანაირი ყურადღება არ მომაქციეს, მარტო მოწმეები მაკითხავდნენ. მათი სიყვარული არ იყო მხოლოდ „სიტყვითა და ენით, არამედ საქმით“ (1 იოანე 3:18).
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შემხედვარე კაცი ნამდვილად ვერ მოიხიბლებოდა ვერც ჩემი გარეგნობით და ვერც ჩემი ხასიათით, ეს ხალხი მაინც „გულისხმიერებითა და ძმათმოყვარეობით“ მეპყრობოდა (1 პეტრე 3:8). ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, რომ ვიღაცას ვუყვარდი. ნელ-ნელა ვიცვლებოდი, უფრო რბილი გავხდი და ვისწავლე ღვთისა და მოყვასის სიყვარული. 2004 წლის დეკემბერში მოვინათლე. მალე ანდრეც მოინათლა.
ზოგი ჭირი მარგებელია
მონათვლის შემდეგ ისე ვიყავი ანთებული, რომ მინდოდა მექადაგა ყველასთვის, ვისთვისაც უცხო იყო სიყვარულის გრძნობა და სამართლიანობა. ამიტომ გადავწყვიტე, სრული დროით მსახური, პიონერი, გავმხდარიყავი (პიონერობა იეჰოვას მოწმეების ერთ-ერთი განსაკუთრებული სახის დავალებაა). ბიბლიის ამ საოცრად დიდებული და სულის სიმშვიდის მომგვრელი ცნობის ქადაგება გაცილებით მანუგეშებელი იყო, ვიდრე უწინდელ დემონსტრაციებსა და არეულობებში მონაწილეობა. მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო ხალხის ნამდვილი დახმარება.
2006 წელს სცენარი კვლავ განმეორდა; აღმოსავლეთ ტიმორში პოლიტიკური სიტუაცია კვლავ დაიძაბა. პოლიტიკურ ფრაქციებს შორის დიდი ხნის განმავლობაში არსებული დაძაბულობა შეხლა-შემოხლასა და შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ქალაქი დილი ალყაში მოექცა. ქვეყნის აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხი ტოვებდა სახლ-კარს და გარბოდა. სხვა
მოწმეებთან ერთად მეც ბაუკაუში, დედაქალაქიდან აღმოსავლეთით 120 კილომეტრში მდებარე ერთ დიდ ქალაქში გავიქეცი. ზოგი ჭირი მარგებელიაო ამბობენ და აქაც ასე მოხდა — ბაუკაუში ჩამოყალიბდა კრება. მანამდე მთელ აღმოსავლეთ ტიმორში კრება მხოლოდ დილიში იყო.სამი წლის შემდეგ, 2009 წელს, მიმიწვიეს სკოლაში, სადაც სრული დროით მსახურები სპეციალური მომზადების კურსს გადიან. სკოლა ინდონეზიაში, ჯაკარტაში ჩატარდა. კურსების დროს ჯაკარტელ და-ძმებთან ვცხოვრობდი. მთელი ამ ხნის განმავლობაში მათი სითბო და სიყვარული არ მომკლებია. ამ ყველაფერმა წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაზე. ვიგრძენი, რომ მსოფლიო საძმოს ნაწილი და ერთი დიდი მზრუნველი ოჯახის პატარა შვილი ვიყავი (1 პეტრე 2:17).
ნანატრი სიმშვიდე
პიონერული სკოლის მერე ბაუკაუში დავბრუნდი და დღემდე იქ ვცხოვრობ. უდიდესი სიამოვნებაა ჩემთვის, ხალხს რომ ვეხმარები სულიერად. ერთ დროს მეც ხომ ასე დამეხმარნენ სხვები. ხშირად მივდივართ ხოლმე ჩვენი კრების წევრები ერთ მივარდნილ სოფელში, სადაც 20-მდე ადამიანი სწავლობს ბიბლიას. მათ შორის ბევრი ხანდაზმულია, რომელთაც წერა-კითხვა არ იციან. ყოველკვირეულ შეხვედრებს ყველა ესწრება. სამი უკვე მოინათლა და დიდი ქრისტიანული ოჯახის წევრი გახდა.
რამდენიმე წლის წინ გავიცანი ერთი თბილი და კეთილი ადამიანი, ფელიზარდა. ის ბიბლიის შესწავლის დაწყებიდან მალევე მოინათლა. 2011 წელს მე და ფელიზარდა დავქორწინდით. ძალიან მიხარია ანდრეს წარმატებებიც. ის დღეს აღმოსავლეთ ტიმორის იეჰოვას მოწმეების ოფისში მსახურობს. ჩემი ნათესავებიდან ბევრმა შეიცვალა შეხედულება და დღეს უკვე აღარ გვეწინააღმდეგებიან. ანდრეს ბებიაც, რომელიც ერთ დროს საფლავის გათხრას გვპირდებოდა, დღეს უკვე სიამოვნებით გვისმენს, როცა ჩვენს რწმენაზე ველაპარაკებით.
კარგად მახსოვს ის დრო, როცა ცხოვრებისგან გამწარებული, ყველასგან მოძულებული და მიტოვებული ეულად დავიარებოდი ამ ქვეყანაზე. მაგრამ გავიდა დრო და ყველაფერი შეიცვალა; იეჰოვას წყალობით შევიგრძენი ნამდვილი სიყვარულისა და სულის სიმშვიდის საამო გემო.
[სურათი 19 გვერდზე]
აქტივისტი ეჯიდიო
[სურათი 21 გვერდზე]
ეჯიდიო და ფელიზარდა ბაუკაუს კრების წევრებთან ერთად