არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

2011 წლის ბოლოსთვის მსოფლიო მოსახლეობამ 7 მილიარდს გადააჭარბა. „1999 წელს ეს ციფრი 6 მილიარდს შეადგენდა“ (ჰარვარდის ჯანდაცვის ინსტიტუტი, აშშ.).

„ბრიტანეთის მოსახლეობის 58,8 % თვლის, რომ მათი ოჯახებისთვის სასარგებლო იქნებოდა, თუ გამოყოფდნენ დროს, რომლის განმავლობაშიც ოჯახის არც ერთი წევრი არ გამოიყენებდა ტექნიკურ მოწყობილობებსა და ტელეფონს . . . ყოველი მესამე ადამიანი მიიჩნევს, რომ საჭიროებენ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისგან გათავისუფლებას“ (კემბრიჯის უნივერსიტეტი, ბრიტანეთი).

„1976 წლიდან მოყოლებული, ამერიკელ კათოლიკე ეპისკოპოსთა ორგანიზაცია საპრეზიდენტო არჩევნებამდე აგიტაციას უტარებს მრევლს, რომ ხმა მისცენ მათ მიერ მოწონებულ კანდიდატს“ (ფორდჰემის უნივერსიტეტი, აშშ).

„კრიმინალების ჯგუფებს იოლად შეუძლიათ მოაწყონ არეულობები ქუჩებში . . . ამ სულმდაბალ ადამიანებს შეუძლიათ აიყოლიონ ახალგაზრდა ბრიტანელები და შექმნან პატარ-პატარა დაჯგუფებები, რომელთაც საკმარისი ძალა აქვთ საიმისოდ, რომ დააშინონ და ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენონ ხალხს („ეკონომისტი“, ბრიტანეთი).

ცოცხალი ორგანიზმის რამდენი სახეობაა დედამიწაზე?

სამეცნიერო ჟურნალ „PLoS Biology“-ში დაიბეჭდა მეცნიერთა კვლევის შედეგები: „დღემდე გაურკვეველია, ცოცხალი ორგანიზმის რამდენი სახეობაა დედამიწაზე. ეს პლანეტა დედამიწასთან დაკავშირებით ჩვენი ცოდნის დიდ სიმწირეზე მიუთითებს“. მაშინ, როცა მეცნიერთა ეს ჯგუფი დაახლოებით 8,7 მილიონ სახეობას ასახელებს, თანაც ერთმილიონიანი ცდომილებით, მეცნიერთა სხვა ჯგუფი 3-დან 100 მილიონამდე სახეობას ვარაუდობს. დღეისათვის მხოლოდ 1,2 მილიონი სახეობაა გამოკვლეული და თვლიან, რომ დანარჩენი სახეობების კლასიფიკაციას სულ მცირე 1000 წელი დასჭირდება. „ამასობაში კი არ არის გამორიცხული, ის სახეობები გადაშენდეს, რომელთა არსებობის შესახებაც დღემდე არაფერი იციან მეცნიერებმა“.

სატელიტის როლი არქეოლოგიაში

არქეოლოგებმა კვლევის ახალ მეთოდს მიაგნეს. ისინი კომპიუტერული პროგრამებისა და მაღალი ხარისხის ინფრაწითელი სხივების მეშვეობით ახდენენ სატელიტიდან გადაღებული სურათების შესწავლას. 700 კილომეტრის სიმაღლიდან გადაღებულ სურათებზე აღმოჩენილ იქნა 17 აქამდე უცნობი პირამიდა, 1000 უძველესი სამარხი და 3000-მდე ნასოფლარი. ინფრაწითელი სხივებით შესაძლებელია ზემოდან გადაღებული სურათებით დედამიწის ზედაპირის უკეთესად შესწავლა. ამ მეთოდით აღმოჩენილ იქნა დიდი ხნის მივიწყებული და მიწაში ჩამარხული ნაგებობების კონტურები, რომლებიც ჩვეულებრივ არ ჩანს.