შეუძლიათ მკვდრებს ცოცხლების დახმარება?
ბიბლიის თვალსაზრისი
შეუძლიათ მკვდრებს ცოცხლების დახმარება?
ადამიანებს ოდითგანვე სწამდათ, რომ მკვდრებს აქვთ უნარი, უხელმძღვანელონ და დაეხმარონ ცოცხლებს. ამ აზრს მხარს უჭერს ანტიკური ხანის ბერძენი პოეტის, ჰომეროსის, უკვდავი ნაწარმოები „ოდისეა“. ჰომეროსის ლეგენდარულ გმირს ერთი სული ჰქონდა, გაეგო, როგორ დაბრუნებულიყო თავის სამშობლოში, კუნძულ ითაკაზე. ამისათვის ის სულების სამყაროში მიდის და მკვდარ მისანს ელაპარაკება.
იმ იმედით, რომ მათთვის ამოუცნობ კითხვებზე პასუხს მიიღებენ, მრავალი მიმართავს სულების გამომძახებელს, ზოგი წინაპრების საფლავზე იძინებს ან სპირიტულ რიტუალებში მონაწილეობს. მართლა შეუძლიათ მკვდრებს, ზებუნებრივი ხელმძღვანელობა გაუწიონ ცოცხლებს?
საყოველთაოდ გავრცელებული ჩვეულება
მსოფლიოს წამყვანი რელიგიების უმრავლესობა ასწავლის, რომ მკვდრებთან კავშირის დამყარება შესაძლებელია. „რელიგიის ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „ნეკრომანტია, ანუ მკითხაობა მკვდრების სულების გამოძახების გზით, ჯადოქრობისა და მომავლის წინასწარმეტყველების ერთ-ერთი ფორმაა“. ენციკლოპედია იმასაც შენიშნავს, რომ ეს ფორმა „საყოველთაოდ გავრცელებულია“. ამ მოსაზრებას „კათოლიკური ენციკლოპედიაც“ უჭერს მხარს და აღნიშნავს: „ნეკრომანტია, თავისი სხვადასხვა სახეობით, მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული“. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, თუ რატომ მიმართავს დახმარებისთვის მრავალი რელიგიის მიმდევარი სულთა სამყაროს.
როგორც ზემოხსენებული ენციკლოპედია ადასტურებს, მკვდრებთან კავშირის დამყარებას საფუძვლად უდევს „მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს სიკვდილის შემდეგ ადამიანის გარკვეული ნაწილი კვლავ განაგრძობს სიცოცხლეს, ცოცხლებზე გაცილებით მეტი იცის და ცოცხლებს მათთან კავშირის დამყარება შეუძლიათ“. მაგრამ რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე?
მკვდარს უნდა ეკითხებოდეს ცოცხალი?
ძველ დროში იეჰოვამ თავის ხალხს უბრძანა: „არ იყოს შენში . . . მკვდართა გამომკითხველი“ (კანონი 18:9—13). რატომ აუკრძალა ღმერთმა ამის გაკეთება ისრაელებს? თუ მართლა შესაძლებელია მკვდრებთან საუბარი, მაშ, რატომ არ დართო მოსიყვარულე ღმერთმა თავის ხალხს ამის ნება? მარტივად რომ ვთქვათ, გარდაცვლილებთან დაკავშირება ყოვლად შეუძლებელია! რატომ ვამბობთ ასე გადაჭრით?
წმინდა წერილები ასწავლის, რომ მკვდრები უგონო მდგომარეობაში არიან და ვერაფერს გრძნობენ. ეკლესიასტეს 9:5-ში წერია: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან“. ფსალმუნის 146:3, 4-ში კი ასეთ რამეს ვკითხულობთ: „იმედს ნუ დაამყარებთ წარჩინებულებზე, ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაგანაც არ არის ხსნა. ამოსდის სული, თვითონ კი უბრუნდება მიწას, იმ დღეს ქრება მისი ფიქრები“. წინასწარმეტყველმა ესაიამაც თქვა, რომ მკვდრები „უსიცოცხლოები არიან“ (ესაია 26:14).
მაგრამ უამრავ ადამიანს სჯერა, რომ სპირიტიზმის მეშვეობით შესაძლებელია გარდაცვლილ ახლობლებთან დაკავშირება. ოდითგანვე სპირიტიზმს მრავალი მიმართავდა. და ისიც აშკარაა, რომ ბევრ ცოცხალს ულაპარაკია ვიღაცასთან სულთა სამყაროდან. მაგრამ თუ ზემოთ მოყვანილ ბიბლიურ მუხლებს გავითვალისწინებთ, სინამდვილეში, ისინი მკვდრებთან ვერ ილაპარაკებდნენ. მაშ, ვინ იყვნენ ის ვიღაცები?
ვისთან საუბრობენ სინამდვილეში?
ბიბლია მოგვითხრობს, რომ ერთ დროს ღვთის სულიერი ქმნილებები თავიანთ შემქმნელს დაუპირისპირდნენ დაბადება 6:1—5; იუდა 6, 7). სწორედ ეს სულიერი არსებები უწყობენ ხელს მკვდრებთან დაკავშირებით არასწორი მოსაზრების დამკვიდრებას. ცოცხლებს რომ ეს მოსაზრება დააჯერონ, თავს ისე აჩვენებენ, თითქოს გარდაცვლილი ადამიანები არიან და ცოცხლებს სულთა სამყაროდან ელაპარაკებიან.
და დემონები გახდნენ (ბიბლიაში ჩაწერილია ერთი შემთხვევა, როცა ისრაელის მეფე საული, რომელსაც ურჩობის გამო ღმერთი უკვე აღარ ხელმძღვანელობდა, სულების გამომძახებელთან მივიდა, რათა რჩევა ეკითხა გარდაცვლილი სამუელისთვის. საულმა მიიღო პასუხი სულთა სამყაროდან, თუმცა არა სამუელისგან. ფაქტობრივად, წინასწარმეტყველ სამუელს სიცოცხლეშივე აღარ უნდოდა მეფე საულის ნახვა. ისიც გავითვალისწინოთ, რომ სამუელი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა მედიუმებსა და სულების გამომძახებლებს. რეალურად, საულმა დემონისგან მიიღო პასუხი, რომელმაც თავი სამუელად წარადგინა (1 სამუელი 28:3—20).
დემონები ღვთის დაუძინებელი მტრები არიან და მათთან ნებისმიერი სახის კავშირი საშიშია. ამიტომ წმინდა წერილები მკაცრად გვაფრთხილებს: „არ მიმართოთ სულების გამომძახებლებს და რჩევა არ ჰკითხოთ მარჩიელებს, რათა არ გაგაუწმინდურონ“ (ლევიანები 19:31). კანონის 18:11, 12 გვაფრთხილებს, რომ ნებისმიერი, ვინც მკვდრებს ეკითხება რჩევას, იეჰოვას თვალში დიდ სისაძაგლეს სჩადის. სინამდვილეში, ორგულობის მაჩვენებელ სხვა საქმეებთან ერთად, იეჰოვამ მეფე საულის სიკვდილი იმის გამოც დაუშვა, რომ მან „გამოსაკითხად სულების გამომძახებელს მიმართა“ (1 მატიანე 10:13, 14).
მაშ, ვის უნდა მიმართოთ რჩევისთვის, როდესაც ისეთ საკითხზე გიწევთ ფიქრი ან გადაწყვეტილების მიღება, რაშიც მოკვდავი ადამიანი ვერ დაგეხმარებათ? წმინდა წერილებში იეჰოვა მოხსენიებულია, როგორც „დიდებული მოძღვარი“. თუ თქვენ და თქვენი ახლობლები რჩევას ღვთის სიტყვას, ბიბლიას, დაეკითხებით და მასში მოცემულ მითითებებს გაითვალისწინებთ, თქვენს «„ყურს უკნიდან მოესმება სიტყვა: „ეს არის გზა, იარეთ მასზე“» (ესაია 30:20, 21). დღეს ქრისტიანები არ ფიქრობენ, რომ პირდაპირი გაგებით მოესმებათ ღვთის ხმა. მათ იციან, რომ ღმერთი ბიბლიის მეშვეობით ხელმძღვანელობს თავის ხალხს. შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი ასეთ რამეს გვეუბნება: „მე ვიქნები შენი მრჩეველი და ხელმძღვანელი“.
გიფიქრიათ?
● როგორია ღვთის თვალსაზრისი მკვდრებთან კავშირის დამყარებაზე? (კანონი 18:9—13)
● შეუძლიათ მკვდრებს, რამე შეატყობინონ ცოცხლებს? (ეკლესიასტე 9:5)
● ვის ხელმძღვანელობას შეგვიძლია ვენდოთ სრულად? (ესაია 30:20, 21)