არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

3. საჭმელი უსაფრთხოდ მოამზადეთ და უსაფრთხოდვე შეინახეთ

3. საჭმელი უსაფრთხოდ მოამზადეთ და უსაფრთხოდვე შეინახეთ

3. საჭმელი უსაფრთხოდ მოამზადეთ და უსაფრთხოდვე შეინახეთ

დიდი ხნის წინათ ისრაელში ერთმა დაუდევარმა მზარეულმა საჭმლის მოსამზადებლად ტყეში ველური გოგრა დაკრიფა ისე, რომ ამ მცენარის მავნებლობის შესახებ არაფერი იცოდა. გააკეთა საჭმელი და სუფრაზე მიიტანა. შუა ჭამაში ზოგი მიხვდა, რომ საჭმელი მოწამლული იყო და ყვირილი მორთო: „სიკვდილია ქვაბში!“ (2 მეფეები 4:38—41).

ამ შემთხვევიდან იმას ვსწავლობთ, რომ დაუდევრად მომზადებულმა საჭმელმა შეიძლება მოწამლოს ადამიანი და არ არის გამორიცხული, ყველაფერი ფატალური შედეგებითაც კი დამთავრდეს. ამიტომ თუ გნებავთ, თავიდან აიცილოთ კვებითი ინტოქსიკაცია, უნდა ისწავლოთ საკვების უსაფრთხოდ მომზადება და შენახვა. ოთხი რჩევა:

არ გაალღოთ ხორცი ოთახის ტემპერატურაზე

«საყინულიდან გამოღებული და მაგიდაზე დადებული [ხორცი] შეიძლება გალღობილი ჩანდეს, მაგრამ შიგნით ჯერ ისევ გაყინული იყოს. ამიტომ ოთახის ტემპერატურაზე ხორცის კიდეები შეიძლება „საშიშ ზონად“ გადაიქცეს, რადგან სითბოში (4—60°C) სწრაფად მრავლდება ბაქტერიები» (შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობარი). საყინულიდან გამოღებული ხორცი ან მაცივრის თაროზე დადეთ, ან ცელოფანში გაახვიეთ და ცივ წყალში მოათავსეთ ისე, რომ პარკში წყალი არ შევიდეს, ან მიკროტალღოვან ღუმელში გაალღვეთ.

მოამზადეთ სათანადო წესების დაცვით

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, „როცა კერძი სათანადო წესების დაცვით მზადდება, მაშინ თითქმის ყველა მავნე ბაქტერია კვდება“. საჭმელი უნდა მომზადდეს 70°C-ზე (ფარენჰაიტის სკალით 158 გრადუსი), განსაკუთრებით მაშინ, როცა წვნიანს აკეთებთ ან ხორცს შუშავთ. * ძნელია, ზუსტად განსაზღვრო ზოგიერთი კერძის შიდა ტემპერატურა, ამიტომ ბევრი მზარეული ხორცის თერმომეტრს იყენებს.

მალევე მიირთვით

მომზადებული კერძი დიდხანს არ დატოვოთ ოთახის ტემპერატურაზე; მალევე მიირთვით, რომ არ გაფუჭდეს. სანამ მიირთმევთ, ცივი კერძი ცივად შეინახეთ, ცხელი კი, რომ არ გაცივდეს, ღუმელში შედგით. ხორციანი ცხელი საჭმელები ღუმელში დაახლოებით 93°C-ზე გააჩერეთ.

მორჩენილი საჭმელი კარგად შეინახეთ

პოლონეთში მცხოვრები ანიტა ამბობს, რომ ზოგი კერძი გამზადებისთანავე მიაქვს სუფრასთან; რაც რჩება, საყინულეში ინახავს პატარ-პატარა პორციებად, შემდეგში მალე რომ გალღვეს. თუ მორჩენილ საკვებს მაცივარში შეინახავთ, სამ-ოთხ დღეზე მეტხანს ნუ გააჩერებთ.

თუ გარეთ სადილობთ, ძალაუნებურად უცხო მზარეულების ნდობა გიწევთ. აქაც დიდი სიფრთხილე გმართებთ. ამ საკითხზე ვისაუბრებთ შემდეგ თემაში.

[სქოლიო]

^ აბზ. 7 ზოგ კერძს, მაგალითად, შინაური ფრინველისგან მომზადებულს, მაღალი ტემპერატურა სჭირდება.

[ჩარჩო 6 გვერდზე]

ასწავლეთ შვილებს: „როცა ჩემი შვილები საჭმელს ამზადებენ, შევახსენებ ხოლმე, რომ წაიკითხონ და მიჰყვნენ შეფუთვაზე მოცემულ ინსტრუქციას“ (იუკ ლინგი, ჰონკონგი).