მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
ახალგაზრდების შეკითხვები . . . როგორ ვიკითხო ბიბლია სიამოვნებით? (აპრილი, 2009) 24 წლისა ვარ. ერთი შვილი მყავს. დროის სიმცირის გამო სულ მიჭირდა ბიბლიის კითხვისთვის დროის გამონახვა. გავითვალისწინე ამ სტატიაში მოცემული რჩევები, ამოვჭერი ბიბლიის კითხვის გეგმა და დღემდე მივყვები ამ გეგმას. დღეს უკვე ერთი სული მაქვს, როდის წავიკითხავ ბიბლიას. ვხედავ, რომ ბიბლიის წიგნები ჰარმონიულად და იდეალურად არის შერწყმული ერთმანეთთან. ბიბლიის კითხვით აქამდე არასოდეს ვყოფილვარ ასეთი აღტაცებული. უღრმესი მადლობა.
კ. თ. (შეერთებული შტატები).
წიგნი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ — ნაწილი 6 (აპრილი, 2011) სტატიაში, „რომი ბიბლიურ ისტორიაში“, ასეთი რამ ეწერა: „რა ბედი ეწია იერუსალიმს? რომაელთა ლეგიონები, რომელთაც ვესპასიანე და მისი ვაჟი ტიტუსი ედგნენ სათავეში, ამჯერად 60 000-იანი ლაშქრით დაბრუნდნენ“. აქ ნათქვამია, რომ ვესპასიანე და ტიტუსი ერთად მიუძღოდნენ ჯარს, როცა იერუსალიმს შეუტიეს. მაგრამ ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ, რომ ვესპასიანე ამ დროს რომში იყო.
ჯ. ო. (ავსტრალია).
„გამოიღვიძეთის“ პასუხი: პოლ მაიერის ნაშრომში „იოსებ ფლავიუსი — მნიშვნელოვანი ჩანაწერები“, ასეთი რამ წერია: „ტიტუსი სასწრაფოდ გამოემართა ალექსანდრიიდან, წამოიყვანა მეთხუთმეტე ლეგიონი და პტოლემაიდაში მამამისს შეუერთდა. ვესპასიანე იქ მეხუთე და მეათე ლეგიონებთან ერთად იცდიდა“. „რომის იმპერიის ენციკლოპედიაში“ ავტორი მეთიუ ბანზენი ვესპასიანეს შესახებ აღნიშნავს: „თავისი ვაჟის ტიტუსის თანხლებით მან ჩაახშო იუდეველთა აჯანყება და იერუსალიმის ტაძრის ალყისთვის ემზადებოდა, როცა 68 წელს მაცნემ იმპერატორ ნერონის დამხობისა და გალბას გამეფების ამბავი შეატყობინა. 70 წლის შემოდგომაზე ვესპასიანე რომში ჩავიდა“. აქედან გამომდინარე, ვესპასიანე და ტიტუსი თავიდან სინამდვილეში ერთად იყვნენ, როცა იერუსალიმს შეუტიეს. მაგრამ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ვესპასიანე რომში დაბრუნდა, ტიტუსი კი იერუსალიმში დატოვა.
ისახავთ რეალურ მიზნებს? (თებერვალი, 2011) სტატიაში არარეალურ მიზნებზე საუბრისას ასეთი ჩამონათვალი იყო: „სახელისა და სიმდიდრის მოხვეჭა, იდეალური მეუღლის პოვნა და სრულყოფილი ჯანმრთელობის ქონა“. არარეალურ მიზნებში რატომ შედის იდეალური მეუღლის პოვნა? რატომ არის არარეალური ცხოვრების თანამგზავრის პოვნა?
ს. კ. (შეერთებული შტატები).
„გამოიღვიძეთის“ პასუხი: სტატიაში ნათქვამი არ იყო, რომ ქორწინებაა არარეალური მიზანი. მასში საუბარი იყო იმაზე, რომ „იდეალური მეუღლის“ პოვნაა არარეალური. იდეალური მეუღლე იმას ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს არანაირი ნაკლი და არანაირი უარყოფითი მხარე. ცხოვრების ასეთი თანამგზავრის ძებნა მართლაც ამაოა ორი მიზეზის გამო: 1) ასეთი ადამიანი დედამიწაზე არ არსებობს (რომაელები 3:23). 2) იდეალური მეუღლის ძებნით ადამიანი იმაზე უფრო ფიქრობს, რა მიიღოს ქორწინებიდან ვიდრე იმაზე, თუ რა გასცეს. ზოგი დაქორწინებული ადამიანიც არარეალურად უყურებს ამ საკითხს და სურს, რომ მეუღლე იდეალურ პიროვნებად აქციოს. ამის საპირისპიროდ, ქორწინება მაშინ არის მყარი, როცა მეუღლეებს ესმით, რომ ორივენი არასრულყოფილები არიან და მზად არიან, „მოუთმინონ და მთელი გულით აპატიონ ერთმანეთს“ (კოლოსელები 3:13).