არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მხოლოდ მეგობრული ურთიერთობაა თუ?.. ნაწილი 2

მხოლოდ მეგობრული ურთიერთობაა თუ?.. ნაწილი 2

ახალგაზრდების შეკითხვები

მხოლოდ მეგობრული ურთიერთობაა თუ?.. ნაწილი 2

წინა ნომერში ვისაუბრეთ ორ საკითხზე:

● თუ ჯერ მზად არა ხარ სერიოზული ურთიერთობისთვის და ამ დროს ვინმეზე ემოციურად დამოკიდებული ხდები, იცოდე, გულნატკენი დარჩები (იგავები 6:27).

● თუ ჯერ მზად არა ხარ სერიოზული ურთიერთობისთვის და ამ დროს ვინმეზე ემოციურად დამოკიდებული ხდები, შეიძლება საერთოდ დაკარგო ეს ადამიანი * (იგავები 18:24).

ამ ნომერში ვისაუბრებთ:

● კიდევ ერთ საკითხზე, რაც ვინმეზე ემოციურად დამოკიდებულებას ეხება.

● როგორ უნდა მიხვდე, გადაიზარდა თუ არა თქვენი ურთიერთობა რომანტიკულ გრძნობებში.

რეალობა: თუ ჯერ მზად არა ხარ სერიოზული ურთიერთობისთვის და ამ დროს ვინმეზე ემოციურად დამოკიდებული ხდები, არ არის გამორიცხული, შენს რეპუტაციას საფრთხე შეექმნას. 21 წლის მია * ამბობს: „მინახავს ბიჭები, რომლებიც რამდენიმე გოგოსთან მეგობრობენ. ამ დროს გოგო ფიქრობს, რომ რაღაცა ხდება, ამ ბიჭს რაღაც ინტერესი აქვს მის მიმართ, არადა ეს ბიჭი უბრალოდ ერთობა და ნებივრობს გოგონების გარემოცვაში“.

დაფიქრდი:

● არა აქვს მნიშვნელობა ბიჭი ხარ თუ გოგო, დაფიქრდი ერთ რამეზე: როგორ შეიძლება საპირისპირო სქესთან ზედმეტად დაახლოებამ რეპუტაცია შეგილახოს?

„საპირისპირო სქესთან მესიჯობა დიდი შეცდომაა. ჯერ იწყებ ერთთან და ცოტას წერ. მერე ნელ-ნელა სხვებსაც ემესიჯები, თანაც საათობით. სანამ გონს მოხვალ, უკვე სამ ბიჭთან გაქვს რომანი გაჩაღებული და თითოეული მათგანი ფიქრობს, რომ ის განსაკუთრებულია შენთვის. მერე, როცა სიმართლეს გაიგებენ, რა თქმა უნდა, გული ეტკინებათ, შენ კი ამ დროს ფლირტისა და არშიყის მოყვარულის რეპუტაცია გექმნება“ (ლარა).

რას ამბობს ბიბლია: „ყმაწვილი თავისი საქციელით აჩვენებს, სუფთა და მართალია მისი საქმეები თუ არა“ (იგავები 20:11).

დასკვნა: ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობაში ცუდი არაფერია. მაგრამ თუ ამ ურთიერთობაში საზღვრები არა გაქვს დადგენილი, იცოდე, განწირული ხარ ტკივილისა და ტანჯვისთვის. შენს რეპუტაციასაც და მეგობრობასაც ერთგვარი ბზარი უჩნდება.

როგორ უნდა გაიგო, გადაიზარდა თუ არა თქვენი ურთიერთობა სასიყვარულო გრძნობებში? ერთი, რაც შეგიძლია გააკეთო, ის არის, რომ გულწრფელად ჰკითხო შენს თავს: „ეს ადამიანი ჩემი მესაიდუმლე ხომ არ გახდა?“. 17 წლის ერინი ამბობს: „თუ ბიჭთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა გაქვს და მეტი არაფერი, მაშინ არ უნდა გქონდეს მასთან ყოველდღე საუბრის მოთხოვნილება და არც იმის სურვილი, რომ ყველა სიახლე პირველ რიგში მას მოუყვე. ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს შენი ემოციური ნუგეშის წყარო“.

დაფიქრდი:

● ერთგვარად მიმზიდველია ის, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი გაიხადო მესაიდუმლედ. როგორ ფიქრობ, რატომ? იმალება ამაში რაიმე საფრთხე?

„ძალიან ახლოს არა ვარ ბიჭებთან და არც საათობით ველაპარაკები ტელეფონით, როგორც გოგონებს. თანაც არის საკითხები, რაზეც მათთან საერთოდ არ ვსაუბრობ“ (რიანა).

რას ამბობს ბიბლია: „ვინც თავის ბაგეს დარაჯობს, თავის სულს იცავს, პირმორღვეული კი დაიღუპება“ (იგავები 13:3).

როგორ ფიქრობ: არის რამე სახიფათო იმაში, რომ საპირისპირო სქესს ბევრი რამ გაუმჟღავნო საკუთარ თავზე? ერთხელაც თქვენი ურთიერთობა რომ შეწყდეს, მერე რა იქნება? ისეთი რაღაცები ხომ არ ეცოდინება, რომ მერე სანანებელი გაგიხდეს?

ახალგაზრდა ალექსისი ამ ყველაფერს კარგ დასკვნას უკეთებს: „ნუ მოერიდები ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ ის საპირისპირო სქესის წარმომადგენელია. მაგრამ, მეორე მხრივ, ნუ მოიტყუებ თავს და ნუ იტყვი, მხოლოდ მეგობრები ვართო მაშინ, როცა ეს ასე არ არის. აკონტროლე გრძნობები და ბევრ ტკივილს აირიდებ თავიდან“.

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 წაიკითხე „გამოიღვიძეთის“ 2012 წლის ივნისის ნომერი, გვერდები 15—17.

^ აბზ. 9 ზოგი სახელი შეცვლილია.

[ჩარჩო 17 გვერდზე]

ნამდვილი ამბავი: „ერთ ბიჭთან მქონდა მეგობრული ურთიერთობა. ერთმანეთთან თავს კარგად ვგრძნობდით. მაგრამ ერთხელაც შევამჩნიე, რომ ჩვენ უფრო და უფრო ბევრ დროს ვუთმობდით ერთმანეთთან საუბრებს და თან უფრო მეტ პირადულ საკითხებს ვეხებოდით. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ზედმეტად დავუახლოვდით ერთმანეთს, რადგან ის ყველა თავის პრობლემას მიყვებოდა. ერთ მშვენიერ დღესაც იმეილი მომწერა და მითხრა, რომ ჩემ მიმართ გრძნობები ჰქონდა. არ ვიცოდი, რა მეპასუხა. გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ გულის სიღრმეში მესიამოვნა მისი ნათქვამი — ან რა გასაკვირია, ვის არ სიამოვნებს სხვების ყურადღება? მაგრამ ამავდროულად ცოტათი ავნერვიულდი. მივხვდი, რომ მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აღარ გამოვიდოდა, იმიტომ, რომ ის უკვე სხვანაირად ფიქრობდა. რომ მეთქვა, სამაგისოდ ჯერ პატარები ვართ-მეთქი, დარწმუნებული ვარ, ძალიან ეტკინებოდა გული. ავდექი და ყველაფერი ჩემ მშობლებს მოვუყევი. მშობლებმა პირდაპირ მითხრეს, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იყო ჩვენთვის, ორივესთვის, რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი გვქონოდა ერთმანეთთან. ამ პატარა შემთხვევამ მაჩვენა, რა უცბად შეიძლება უწყინარი ურთიერთობა სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ამ ყველაფრის მერე უკვე ვფრთხილობ ბიჭებთან ურთიერთობის დროს, განსაკუთრებით, როცა საქმე მიწერ-მოწერას ეხება. ეს ასევე იმაში მეხმარება, რომ მთლიანობაში ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდეს და არ ვიყო ერთ ადამიანზე ჩაციკლული. ასეთი სახით არც ძალიან პირადული საუბრები გექნება ვინმესთან და არც ზედმეტად დაუახლოვდები ვინმეს“ (ელენა).

[ჩარჩო 18 გვერდზე]

გაიგე შენი მშობლების აზრი

გაიგე შენი მშობლების აზრი ქვესათაურებში „დაფიქრდი“ მოცემულ კითხვებზე. ხომ არ განსხვავდება თქვენი აზრები ერთმანეთისგან? რა დადებითის დანახვა შეიძლება მათ შეხედულებებში? (იგავები 1:8).

[ჩარჩო/სურათები 18 გვერდზე]

შენი თანატოლები ამბობენ. . .

ანდრე — რაც უფრო დიდ დროს ატარებ გოგოსთან, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ გრძნობები გაგიჩნდეს. იმანაც შეიძლება იოლად იფიქროს, რომ სხვანაირად უყურებ. თუ ჯერ სხვა მიზნები გაქვს და არ აპირებ დაქორწინებას, მაშინ ნუღარ აჩვენებ თავს ისე, რომ თითქოს რაღაცებს ცდილობ.

კასიდი — მე თვითონ ბუნებით ურთიერთობის მოყვარული ვარ. ბავშვობიდან სულ ბიჭების გარემოცვაში ვიზრდებოდი და ამიტომ მათთან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. მაგრამ ზოგჯერ ეს არ არის კარგი. ბიჭთან ისეთი ურთიერთობა გქონდეს, როგორიც გოგოსთან, არ არის სწორი — ამან შეიძლება ვიღაცას რაღაც აფიქრებინოს. ბიჭთან ისეთი ურთიერთობა მაქვს, როგორიც ძმასთან და არა როგორიც დასთან.

[ჩარჩო 19 გვერდზე]

მშობლებისთვის

ზომიერების ფარგლებში არაფერია არასწორი იმაში, თუ ახალგაზრდა საპირისპირო სქესთან ურთიერთობს. მაგრამ მათ, ვინც არ არიან მზად ისეთი ურთიერთობისთვის, რომელიც შეიძლება ქორწინებით დასრულდეს, საზღვრების დადგენას ვურჩევთ. * მათთვის საპირისპირო სქესთან ურთიერთობა მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა უნდა იყოს და მეტი არაფერი.

რა შეიძლება მოხდეს, თუ ორი ადამიანი ჯერ არ არის მზად სერიოზული ურთიერთობისთვის და უკვე ისინი ერთმანეთზე ემოციურად ხდებიან დამოკიდებულები? ამ ურთიერთობას, რომელიც თავიდან ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელია, ჩვეულებრივ, იმედგაცრუება მოჰყვება. ეს ჰგავს ისეთ მანქანაში ჯდომას, რომელსაც საბურავები არა აქვს. ადრე თუ გვიან, ერთიც და მეორეც მიხვდება, რომ მათი ურთიერთობა შორს ვეღარ წავა. ამ დროს ზოგმა შეიძლება ფარულად დაიწყოს შეხვედრები. ასეთი შეხვედრები სახიფათოა, ჯერ ერთი იმიტომ რომ ტყუილების თქმა უწევთ, მერე კიდევ იმიტომ, რომ უზნეობის ჩადენის ალბათობაა დიდი. ზოგიერთები, წყვეტენ ურთიერთობას — ურთიერთობას, რომელმაც შეიძლება ორივე იმედგაცრუებამდე, ტკივილამდე და დეპრესიამდეც კი მიიყვანოს. მშობლებო, როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს მოზარდს, არ გაიხლართოს ნაადრევ რომანტიკულ გრძნობებში? (ეკლესიასტე 11:10).

მთავარია, თქვენს მოზარდთან თავისუფალი და გულღია საუბრები გქონდეთ ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე. მხოლოდ ასე შეძლებთ სიტუაციის გარკვევას და დახმარებას.

ზოგი მშობელი ისე უკეტავს ბავშვს მასთან მისასვლელს, რომ თვითონაც ვერ ხვდება. აი, რა აღნიშნა ზოგმა ახალგაზრდამ „გამოიღვიძეთთან“ საუბრისას.

„ყოველთვის მინდოდა დედასთვის მეთქვა, ვინ მომწონდა, მაგრამ უკან ვიხევდი. ვფიქრობდი, რომ მძაფრი რეაქცია ექნებოდა“ (კარა).

«როცა დედას ვეუბნებოდი რომელიმე ბიჭზე, მომწონს-მეთქი, სულ ერთი და იმავე პასუხს ვიღებდი: „იცოდე, ჩემი ფეხი არ იქნება შენს ქორწილში!“ დედაჩემს რომ ეთქვა, მომიყევი რამე იმ ბიჭზე, რა მოგწონსო მასში, შესაძლოა, მისი რჩევები უფრო ადვილად გამეთვალისწინებინა» (ნადინი).

ახლა მოდი, იმ მოზარდების აზრი გავიგოთ, რომელთა მშობლებმაც მოთმინებით მოუსმინეს შვილებს და პრაქტიკულადაც დაეხმარნენ.

„ჩემს მშობლებს მძაფრი რეაქცია არ ჰქონიათ, როცა ერთ ბიჭზე ვუთხარი, მომწონს-მეთქი. ისინი შევიდნენ ჩემს მდგომარეობაში, თუმცა მითხრეს ის, რაც საჭირო იყო. ამის გამო გამიადვილდა მათი რჩევების მიღება და მას მერე უფრო გულწრფელად ვესაუბრები ჩემს გრძნობებზე“ (კორინა).

„ერთხელ, ჩემთან საუბრის დროს, მშობლებმა გაიხსენეს თავიანთი ახალგაზრდობა; გაიხსენეს, ვინ მოსწონდათ და ისიც, თუ რატომ დაშორდნენ იმ ადამიანებს. ამის შემდეგ უფრო თავისუფლად ვსაუბრობდი მათთან ჩემს გრძნობებზე“ (ლინეტი).

არსებობს კიდევ სხვა მიზეზები, რომელთა გამოც მოზარდი ნაადრევად აბამს რომანს.

„ერთ ბიჭს ფარულად იმიტომ ვხვდებოდი, რომ მასთან თავს ბედნიერად ვგრძნობდი და როცა ველაპარაკებოდი, ის ყოველთვის ყურადღებით მისმენდა“ (ანეტი).

„ყოველთვის მომწონდა ამ ბიჭის გვერდით ყოფნა. სულ ყურადღებას მაქცევდა, რაც ჩემი დიდი სისუსტეა. ძალიან მიყვარს, როცა ყურადღებას მაქცევენ, ცუდად იქნება ეს თუ კარგად“ (ემი).

„როცა მშობლები გულწრფელად მეუბნებიან, რომ კარგად გამოვიყურები და ძალიან მიხდება, რაც მაცვია, უკვე ნაკლებად მადარდებს, მეტყვის თუ არა რომელიმე ბიჭი ამაზე რაიმე კომპლიმენტს“ (კარენი).

ჰკითხეთ საკუთარ თავს:

როგორ უნდა მოვიქცე, რომ შვილებს გაუადვილდეთ ჩემთან მოსვლა და თავისუფლად საუბარი? (ფილიპელები 4:5).

ვარ „სწრაფი . . . მოსმენაში და ნელი — სიტყვაში“? (იაკობი 1:19).

როგორ უნდა მოვიქცე, რომ შვილმა გარეთ არ ეძებოს სითბო და სიყვარული და პირველ რიგში ეს ოჯახში იგრძნოს? (კოლოსელები 3:21).

დასკვნა: დაეხმარეთ თქვენს მოზარდს, რომ საპირისპირო სქესთან ჰქონდეს ზომიერი ურთიერთობა პრობლემების გარეშე. ეს აუცილებლად გამოადგება მას მომავალში, როცა გაიზრდება (კოლოსელები 3:5; 1 თესალონიკელები 4:3—6).

[სქოლიო]

^ აბზ. 37 იხილეთ რუბრიკა „ახალგაზრდების შეკითხვები“ „გამოიღვიძეთის“ ამ და წინა ნომერში.

[ცხრილი 17 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

საზღვრები

შეიძლება არ შეიძლება

ურთიერთობა მეგობრების წრეში  X განმარტოება მეგობრული ურთიერთობის მიზნით

გაცნობა  X ერთმანეთის მესაიდუმლეობა

საუბარი  X ფლირტი

[დიაგრამა 18 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

მეგობრული ურთიერთობა

ფლირტი

შეხება

ხელის ჩაკიდება

კოცნა