არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ომარი მიირთვით და ისიამოვნეთ!

ომარი მიირთვით და ისიამოვნეთ!

ომარი მიირთვით და ისიამოვნეთ!

ნიუ-იორკის ერთ პატარა რესტორანში მოშიებული მეგობრები მაგიდას უსხედან. ერთგვარი დანა-ჩანგლებით მოხერხებულად ხდიან ჯავშნებს თავ-თავიანთ თეფშებზე გაწოლილ უზარმაზარ მწერისმაგვარ არსებებს. დამშეულ ხალხს თეფშებიდან საცოდავად შეჰყურებს ფოსოებიდან ამოქაჩული მეტყველი თვალები; მაგრამ ისინი აინუნშიაც არ აგდებენ ამ მზერას და მეტისმეტი ნეტარებით გემრიელად ილუკმებიან. მაინც რას შეექცევიან ასე მადიანად ეს მშიერი მეგობრები? ომარის ანუ ზღვის კიბოს.

ამერიკაში ზღვის კიბოს ზღვის ხოჭოსაც ეძახიან. მეთევზეებმა უმალვე შეამჩნიეს ეს მსგავსება, როგორც კი გემბანზე ამოცოცებული კიბოები დაინახეს.

თუმცა კიბოები ხოჭოებს სხვა რამითაც ჰგვანან. მე-18 საუკუნეში ზღვის კიბოები შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროებს მწერების გუნდებივით მოედვნენ. მათ იჭერდნენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, მინდვრებში სასუქად იყენებდნენ. ის მეთევზეებისთვის თევზის იდეალურ სატყუარასაც წარმოადგენდა. ზღვის კიბოები ციხის პატიმრების ძირითად საჭმელად ითვლებოდა. მას იმდენად ხშირად აჭმევდნენ დაქირავებულ მუშებს, რომ გამწარებულმა მუშებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და მოითხოვეს, რომ დამსაქმებლებს მათთვის კვირაში სამზე მეტჯერ არ ეჭმიათ კიბო. სასამართლომ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა.

ამის საპირისპიროდ, ვინც ოკეანიდან საკმაოდ შორს ცხოვრობდა, ომარის იშვიათად მიირთმევდა. მიზეზი ის გახლდათ, რომ, როგორც წესი, წყლიდან ამოყვანილი კიბო მალე კვდება და მალევე ხდება საჭმელად უვარგისი. არც მისი დამარილება შეიძლება და არც გამოშრობა, ანუ შენახვითაც არ ინახება. მაგრამ, მას შემდეგ, რაც მე-19 საუკუნის შუა პერიოდში მისი დაკონსერვება დაიწყეს, ბევრმა გაუსინჯა გემო გემრიელ ომარის. რკინიგზის გაყვანამ კი ხელი შეუწყო იმას, რომ ცოცხალი ომარი შტატების ფარგლებს გარეთ გასულიყო. ამან სწრაფად გაზარდა მასზე მოთხოვნა. ამისდა მიუხედავად, ცოცხალი ომარის ტრანსპორტირება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და ამიტომ მასზე ხელი მხოლოდ მდიდრებს თუ მიუწვდებოდათ.

დღეს მეთევზეები მთელ მსოფლიოში კიბოების არაერთ სახეობას იჭერენ. ამერიკული ზღვის კიბოები მრავლად არიან ატლანტის ოკეანეში ნიუფაუნდლენდიდან ჩრდილოეთ კაროლინამდე. ომარები ძირითადად შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთით, მენის შტატის სანაპიროებზე ბინადრობენ. აქედან მთელ მსოფლიოში ხდება ცოცხალი თუ უკვე მზა კიბოების ექსპორტი. ვაჭრებს ერთ წაღებაზე შეუძლიათ 36 ტონაზე მეტი ასეთი ტვირთი გადაიტანონ თვითმფრინავით.

ჩვეულებრივ, კომპანიები დიდი რაოდენობით პროდუქციას აწარმოებენ მსოფლიო ბაზარზე გასატანად და დიდ მოგებასაც ნახულობენ. მაგრამ ომარების შემთხვევაში საქმე სხვაგვარად არის. უმეტესწილად, კიბოებზე მონადირეები ცალკეული ადამიანები, ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან. ისინი კიბოებს ინკუბატორებში კი არ ამრავლებენ ხელოვნურად, არამედ პირდაპირ ოკეანეში იჭერენ.

როგორ იჭერენ ზღვის კიბოებს

როგორ იჭერენ მეთევზეები ზღვის კიბოებს? ამის გასარკვევად ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ გაესაუბრა მეთევზე ჯეკს, რომელიც ბარ-ჰარბორში (მენის შტატი) ცხოვრობს. ჯეკი უბრალო მეთევზე არ გეგონოთ, მისი წინაპრები გამოცდილი მეთევზეები იყვნენ და ისიც თავისი დიდი ბაბუის წამოწყებული საქმის ღირსეული გამგრძელებელია. ჯეკმა თევზაობა 17 წლის ასაკიდან დაიწყო და დღემდე იმ ყურეში თევზაობს, რომელშიც მისი დიდი ბაბუა თევზაობდა. მას ცოლიც ერთგულად უდგას მხარში. „მე, ფაქტობრივად, თევზაობას გავყევი ცოლად, — ამბობს ანეტი. — ორი წელი ჯეკის დამხმარე ვიყავი, ახლა უკვე ჩემი საკუთარი ნავი მყავს“.

როგორ იჭერენ ჯეკი და ანეტი კიბოებს? „გვაქვს მართკუთხა ფორმის რკინის გალია, რომელსაც წინიდან პატარა შესასვლელი აქვს. გალიაში ვდგამთ პატარა თევზებით სავსე ბადეს, რითაც მსხვერპლს ვიტყუებთ“, — გვიხსნის ანეტი. მეთევზეები გალიებს თოკზე აბამენ, რომელზეც ტივტივაა დამაგრებული. „გალიები ერთმანეთში რომ არ აერიოთ, ტივტივებს სხვადასხვაფრად ღებავენ“, — განაგრძობს ანეტი.

როგორც კი გალიას ზღვაში მოისვრიან, ის ფსკერისკენ ეშვება, ტივტივა კი წყლის ზემოთ ტივტივებს. ასე მეთევზე ადვილად იგებს გალიის ადგილმდებარეობას. „გალიებს წყალში რამდენიმე დღე ვტოვებთ. დაჭერილი კიბოები ამოგვყავს, სათითაოდ ვზომავთ და ვათვალიერებთ“, — კვლავ განაგრძობს ანეტი. ისეთი პატიოსანი მეთევზეები, როგორებიც ჩვენი მასპინძლები არიან, პატარა კიბოებს უკან აბრუნებენ წყალში; მათთან ერთად ზოგ მდედრ კიბოსაც წყალში უშვებენ მომავალი თაობების წარმოსაქმნელად.

ამის შემდეგ მეთევზეები ახლომდებარე გემთსაშენებში მიდიან და იქ ყიდიან თავიანთ „ცოცხალ მოსავალს“. მნიშვნელობა არა აქვს მარტო მუშაობს მეთევზე თუ რამდენიმე კაცთან ერთად, მათ არანაირი ოფიციალური ხელშეკრულება არა აქვთ დადებული ერთმანეთთან. ისინი უბრალოდ ადგილობრივ გადამყიდველებზე ყიდიან თავიანთ პროდუქციას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეთევზეები კიბოებს ხელოვნური გზით არ ამრავლებენ. თუმცა „ზოგმა მეთევზემ ნებართვა მიიღო, რომ ქვირითიან კიბოებზე ითევზაოს, მოამრავლოს და შემდეგ ისევ წყალში გაუშვას, — ამბობს ჯეკი. — ეს კიბოების გამრავლებას დიდად უწყობს ხელს“.

ნურავინ იფიქრებს, რომ ომარებზე თევზაობით კაცი იოლად იშოვის ფულს, გამდიდრებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. მაგრამ თუ მეთევზეებს შეეკითხებით, ისინი იმდენ დადებითს ჩამოგითვლიან, რომ გაოცდებით. მაგალითად, გეტყვიან, რომ ამ დროს შენა ხარ შენი თავის ბატონ-პატრონი; ან რომ ეს ოჯახური ტრადიციის ღირსეული გაგრძელებაა. ულამაზეს სანაპიროებზე ცხოვრება და მუშაობაც ერთობ სასიამოვნო რამ არის. მაგრამ ყველაზე დიდ კმაყოფილებას მეთევზეებს იმის ცოდნა ანიჭებთ, რომ წვალებითა და ჯახირით მოპოვებული მათი ნადავლი მსოფლიოში მრავალს ანაყრებს.

[ჩარჩო⁄სურათი 12 გვერდზე]

რისკი და ხიფათი

ზღვის კიბოებზე ნადირობა ზოგს შეიძლება უსაფრთხო საქმე ეგონოს. მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. აშშ-ს ჯანდაცვისა და საწარმოო ტრავმების ეროვნული ინსტიტუტის თქმით, „1993—1997 წლებში მენის შტატში ზღვის კიბოებზე თევზაობისას ყოველი 100 000 მეთევზიდან 14 იღუპებოდა. ეს რიცხვი 2,5-ჯერ აღემატებოდა ყველა სხვა ინდუსტრიულ წარმოებაში დაღუპულთა რაოდენობას (100 000-დან 4,8)“.

ამავე ინსტიტუტის თანახმად, შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ინფორმაციით, „ხშირია შემთხვევები, როდესაც მეთევზეები გემბანზე დამაგრებულ თოკში იხლართებიან და გალიის წყალში ჩაშვებისას თვითონაც ვარდებიან გემბანიდან. სამწუხაროდ, თუ თოკიდან თავი ვერ გაითავისუფლეს ან გემბანზე ვეღარ ამოვიდნენ, მეთევზეები იხრჩობიან“. 1999—2000 წლებში 103 მეთევზის გამოკითხვისას აღმოჩნდა, რომ 77 მათგანი ერთხელ მაინც გახლართულა თოკში, მაგრამ ყველა არ გადავარდნილა ზღვაში. უსაფრთხოების სამსახურები ზღვის კიბოებზე მონადირეებს ურჩევენ, რომ თან იქონიონ ბასრი იარაღი, რითაც თოკის გადაჭრას შეძლებენ და ამასთან ერთად გამოიჩინონ დიდი სიფრთხილე.

[სურათები 10, 11 გვერდებზე]

1. ჯეკს წყლიდან გალია ამოაქვს

2. ანეტი და ჯეკი გალიიდან ზღვის კიბოებს იღებენ

3. თითოეულ კიბოს სპეციალური ხელსაწყოთი ათვალიერებენ