არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როცა ბავშვები გლოვობენ

როცა ბავშვები გლოვობენ

როცა ბავშვები გლოვობენ

ძალიან ძნელია, როცა ვინმეს საყვარელი ადამიანის სიკვდილს ატყობინებ. მით უმეტეს, როცა ამის თქმა ბავშვისთვის გიწევს.

ბავშვისთვის ოჯახის წევრის ან მეგობრის დაკარგვა უცნაური, გაუგებარი და შემზარავი ფაქტია. მისთვის ამ დროს დახმარება და მხარში ამოდგომა არ არის იოლი, განსაკუთრებით მშობლების მხრიდან, რომლებიც თავადაც საშინელ დღეში არიან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ აქეთ სჭირდებათ გამხნევება და ემოციური მხარდაჭერა.

ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ შვილს ტკივილს შეუმსუბუქებს, თუ დაუმალავს სიმართლეს და გარდაცვლილზე ეტყვის, რომ ის კი არ მოკვდა, უბრალოდ სადღაც წავიდა, მათგან შორს. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს მთლად სწორი გამოსავალი არ არის, ფაქტობრივად, ბავშვი ამ დროს მოტყუებულიც გამოდის. არადა, როგორ გინდა ბავშვს აუხსნა ასეთი საშინელი ამბავი?

რენატოსა და იზაბელის პატარა ისტორიას მოგიყვებით, რომელთაც სამწლი-ნახევრის გოგონა, ნიკოლი, მოულოდნელად გამოეცალათ ხელიდან. იმ დროს მათი უფროსი ბიჭი ფილიპი სულ რაღაც ხუთი წლის იყო. როგორ უნდა ენუგეშებინათ თავადაც გამწარებულ მშობლებს გულმოკლული ფილიპი? „გამოიღვიძეთმა“ ინტერვიუ აიღო ამ წყვილისგან, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არიან.

„გამოიღვიძეთ!“: როგორ აუხსენით ფილიპს ნიკოლის გარდაცვალების ამბავი?

იზაბელი: ვიფიქრეთ, რომ ჯობდა პირდაპირ გვეთქვა ყველაფერი და არაფერი დაგვემალა. ვუთხარით, რომ ეკითხა ჩვენთვის რაც აინტერესებდა, და ჩვენც ისე ვპასუხობდით და ისეთი სიტყვებით ვუხსნიდით, რომ ადვილად გაეგო. ნიკოლი ბაქტერიული ინფექციით გარდაიცვალა. ფილიპს ეს ბავშვური ენით ავუხსენით, ვუთხარით, რომ მისი დაიკოს სხეულში პატარა ხოჭო შევიდა და ექიმებმა ვეღარ გამოიყვანეს იქიდან.

„გამოიღვიძეთ!“: ესაუბრეთ ფილიპს სიკვდილთან დაკავშირებით თქვენს რწმენაზე?

რენატო: ვფიქრობდით, რომ თუ ფილიპთან ვისაუბრებდით იმაზე, რაც ბიბლიაში წერია მკვდრებთან დაკავშირებით, ეს მისთვის მანუგეშებელი იქნებოდა. ბიბლიაში პირდაპირ წერია, რომ გარდაცვლილი ადამიანები უგრძნობ მდგომარეობაში არიან (ეკლესიასტე 9:5). ჩავთვალეთ, რომ თუ ამ საკითხზე ვისაუბრებდით ფილიპთან, მას აღარ ექნებოდა რაიმეს შიში, თუნდაც ღამე ოთახში მარტო დარჩენის.

იზაბელი: ბიბლია იმასაც გვეუბნება, რომ მოვა დრო, როცა მკვდრები გაცოცხლდებიან და სამოთხეში, დედამიწაზე გააგრძელებენ სიცოცხლეს. ჩვენ გვჯერა ამის და დარწმუნებული ვიყავით, რომ ამის ცოდნა ფილიპსაც ანუგეშებდა. ხშირად ვსაუბრობდით ხოლმე მასთან ამ თემაზე. მოვუყევით, როგორ გააცოცხლა იესომ იაიროსის 12 წლის ქალიშვილი და მერე ვუთხარით, რომ ნიკოლსაც ასე გააცოცხლებდა ღმერთი. ეს ზუსტად ის არის, რასაც ბიბლია გვასწავლის (მარკოზი 5:22—24, 35—42; იოანე 5:28, 29).

„გამოიღვიძეთ!“: როგორ ფიქრობთ, ხვდებოდა ფილიპი, რასაც ეუბნებოდით?

რენატო: ვფიქრობთ, რომ ხვდებოდა. საერთოდ, როცა ბავშვს თავის ენაზე, მარტივად და გასაგებად უხსნი, რა ხდება სიკვდილის დროს და არაფერს ატყუებ, იოლად ხვდება ყველაფერს და ისე ძალიანაც აღარ განიცდის. საჭირო არ არის ამ დროს რაღაცების დამალვა. სიკვდილი რეალობაა; სამწუხაროდ ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია და მშობლებმა უნდა ასწავლონ შვილებს, როგორ მოერიონ ახლობლის სიკვდილით გამოწვეულ დარდს. ჩვენ ეს ჩვენს პატარა ბიჭს, ვინისიუსსაც ავუხსენით. *

„გამოიღვიძეთ!“: გყავდათ ფილიპი დასაფლავებაზე წაყვანილი?

რენატო: ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, არ წაგვეყვანა. მის ასაკში ბავშვები ძალიან მგრძნობიარეები არიან. რა თქმა უნდა, ზოგმა მშობელმა შეიძლება წაიყვანოს შვილი სასაფლაოზე; ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და მშობელმა იცის, მის შვილს რის ატანა შეუძლია და რის — არა. მაგრამ თუ მშობელი გადაწყვეტს ბავშვის წაყვანას დასაფლავებაზე, აჯობებს, წინასწარ აუხსნას ყველაფერი, რაც იქ მოხდება.

„გამოიღვიძეთ!“: ბუნებრივია, ნიკოლის გარდაცვალება თქვენზე საშინლად იმოქმედებდა. თუ შეიძლება გვითხარით, ხედავდა თუ არა ფილიპი იმას, როგორ ტიროდნენ მისი მშობლები?

იზაბელი: არასდროს ვმალავდით ჩვენს გრძნობებს ფილიპთან. თუ იესომ იტირა მეგობრის სიკვდილის გამო, რა იქნებოდა იმაში გასაკვირი, რომ ფილიპს ჩვენს თვალზე ცრემლი ენახა? (იოანე 11:35, 36). ატირებული მშობლების დანახვა ფილიპს ერთ რამეს ასწავლიდა: ის მიხვდებოდა, რომ გლოვის დროს ტირილი ნორმალურია. ეს უბრალოდ ემოციების გამოხატვის საშუალებაა. მასაც ვეუბნებოდით, რომ თავისუფლად გამოეხატა ემოციები და გულში არ ჩაედო დარდი.

რენატო: როცა ოჯახს ტრაგედია ატყდება, ბავშვებს რაღაცნაირად შიში იპყრობთ. ამიტომ, როცა მშობლები გულწრფელად და გულახდილად გამოვხატავთ ჩვენს გრძნობებს, ბავშვებიც გულახდილები არიან. ყურადღებით მოსმენა გვეხმარება, გავიგოთ, რა აწუხებს ჩვენს პატარას, რაზე ნერვიულობს და უფრო ადვილად ვეხმარებით დარდისა და შიშის დაძლევაში.

„გამოიღვიძეთ!“: სხვები თუ დაგეხმარნენ ამ მძიმე წუთებში?

რენატო: კრების წევრებმა უზარმაზარი დახმარება გაგვიწიეს. ისინი მოდიოდნენ ჩვენთან, გვირეკავდნენ, წერილებს გვიგზავნიდნენ. ამ ყველაფერს ხედავდა ფილიპი და გრძნობდა, როგორ ვუყვარდით თანაქრისტიანებს და როგორ ზრუნავდნენ ჩვენზე.

იზაბელი: ოჯახის წევრები და ნათესავებიც დიდად ამოგვიდგნენ მხარში. ნიკოლის სიკვდილის შემდეგ მამაჩემი ყოველ დილით მოდიოდა ჩვენთან და ერთად ვსაუზმობდით. ეს მისი მხრიდან უდიდესი სიყვარულის გამოვლინება იყო. ფილიპს ძალიან დაეხმარა ის, რომ ბაბუა გვერდით ჰყავდა.

რენატო: კრების შეხვედრებზეც ვმხნევდებოდით და შვებას ვპოულობდით. თავს ძალას ვატანდით, რომ არ გაგვეცდინა კრებები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ცრემლებს ვერ ვიკავებდით, შეხვედრებზე მაინც მივდიოდით. ხშირად კრების შეხვედრებზე იყო ისეთი სიტუაციები, რომელიც ჩვენს პატარა ნიკოლს გვახსენებდა ხოლმე. მაგრამ ერთი რამ არ გვავიწყდებოდა — ჩვენ ძლიერები უნდა ვყოფილიყავით, თუნდაც ფილიპის გულისთვის.

[სქოლიო]

^ აბზ. 12 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბროშურა „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი“ და „საგუშაგო კოშკის“ 2008 წლის 1 ივლისის ნომერში დაბეჭდილი სტატია: „როგორ შეგიძლიათ გადაატანინოთ ბავშვს მწუხარება?“, გვერდები 18—20.

[ჩარჩო⁄სურათები 14 გვერდზე]

გთავაზობთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნების სიას, რომელთა წაკითხვაც საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს შეგიმსუბუქებთ.

უფროსებისთვის:

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

თავი 6: რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

თავი 7: რეალური იმედი გარდაცვლილთათვის

პატარებისთვის:

ბიბლიური მოთხრობები

მოთხრობა 92: იესომ მკვდრები გააცოცხლა

მოზარდებისთვის:

ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან

თავი 34: რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

თავი 35: მკვდრეთით აღდგომა შესაძლებელია!

თავი 36: ვინ აღდგება? სად იცხოვრებენ მკვდრეთით აღდგენილები?

ახალგაზრდებისთვის:

ახალგაზრდების შეკითხვები პრაქტიკული რჩევები, ტომი 2

თავი 16: როგორ გავუმკლავდე მშობლის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს?

[ჩარჩო⁄სურათი 15 გვერდზე]

როგორ მივუდგეთ

● ხშირად შეუქმენით ბავშვს ისეთი სიტუაცია, რომ თავისუფლად დასვას კითხვები სიკვდილთან დაკავშირებით და აუხსენით, რაც აინტერესებს.

● ნუ გამოიყენებთ ბუნდოვან და აბსტრაქტულ ფრაზებს, მაგალითად, ნუ ეტყვით გარდაცვლილ ადამიანზე: „დაგვტოვა“ ან „წავიდა ჩვენგან“.

● აუხსენით ყველაფერი მარტივად და ყოველგვარი შელამაზების გარეშე.

● სანამ დაკრძალვაზე წაიყვანთ, უთხარით ბავშვს, რა სიტუაცია იქნება იქ. აუხსენით, რომ გარდაცვლილი ვერც ვეღარაფერს დაინახავს და ვერც ვეღარაფერს გაიგებს.

● არ დამალოთ ემოციები. ასე ბავშვი მიხვდება, რომ გლოვა და ტირილი ნორმალურია.

● გახსოვდეთ, არ არსებობს გლოვისთვის დადგენილი ნორმები. ყველა ბავშვი და ყველა სიტუაცია ინდივიდუალურია.

[საავტორო უფლება]

მასალა აღებულია www.kidshealth.org-იდან.

[სურათი 15 გვერდზე]

ფილიპი, რენატო, იზაბელი და ვინისიუსი