არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიზეზები

მიზეზები

მიზეზები

ძალადობის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს. ხშირ შემთხვევაში ძალადობას მხოლოდ ერთი ფაქტორი არ განაპირობებს. მაგალითად, მარტო გარემო, გართობის სახეობა ან ის, თუ ვისთან ურთიერთობ, არ შეიძლება იყოს ძალადობის გამომწვევი მიზეზი. მას ხელს სხვა უამრავი ფაქტორიც უწყობს. მაგალითად:

გულგატეხილობა და უიმედობა. როცა ადამიანს ჩაგრავენ ან საზოგადოებაში იგნორირებას უკეთებენ, მან შეიძლება ძალადობით ამჯობინოს ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა. ეკონომიკურმა გაჭირვებამაც შეიძლება უბიძგოს ადამიანს ძალადობისკენ. მოძალადე შეიძლება ისიც გახდეს, ვისაც ცხოვრებაზე ხელი აქვს ჩაქნეული.

შმაგი მასები. შეიმჩნევა, რომ სპორტულ ღონისძიებებზე გულშემატკივრებს ხშირად უჭირთ თავის შეკავება და ადვილად ხდებიან აგრესიულები და მოძალადეები. რატომ? „ასეთ დროს ისინი არას დაგიდევენ საკუთარ მორალურ სტანდარტებს და აგრესიას აგრესიითვე პასუხობენ“, — აღნიშნულია წიგნში „სოციალური ფსიქოლოგია“. სხვა სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ ასეთი ადამიანები შეიძლება უჭკუო მარიონეტები გახდნენ და „დაკარგონ ყველანაირი პასუხისმგებლობის გრძნობა“.

შური და სიძულვილი. უძველესი წერილობითი წყარო ადასტურებს, რომ კაცობრიობის ისტორიაში პირველი მკვლელობა ჩაიდინა კაცმა, სახელად კაენმა (დაბადება 4:1—8). შურითა და სიძულვილით აღვსილმა კაენმა საკუთარი ძმა მოკლა, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა გააფრთხილა, გაეკონტროლებინა თავისი ემოციები. ღმერთმა მას ისიც უთხრა, რომ თუ სძლევდა საკუთარ ემოციებს, დიდად აკურთხებდა. რა ჭეშმარიტია ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „სადაც შური და შუღლია, იქ არის უწესრიგობა და ყველანაირი ბოროტება“! (იაკობი 3:16).

ალკოჰოლი და ნარკოტიკები. ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება არა მარტო ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს უარყოფითად, არამედ აფერხებს ტვინის იმ უბნის ფუნქციონირებას, რომელიც ორგანიზმის კონტროლზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ადამიანმა შეიძლება ადვილად მიმართოს ძალადობას და უფრო მეტი აგრესიულობით უპასუხოს პროვოკაციულ გამოხტომებს.

უსამართლო სასამართლო სისტემა. „სწრაფადვე რომ არ სრულდება განაჩენი ბოროტი საქმისთვის, ამიტომ არის ადამიანის გული მთლიანად ბოროტების ჩადენისკენ მიმართული“, — ვკითხულობთ ეკლესიასტეს 8:11-ში. სუსტი, არაკომპეტენტური და კორუმპირებული სასამართლო სისტემა პირდაპირ თუ ირიბად ხელს უწყობს ძალადობას.

ცრუ რელიგია. ხშირ შემთხვევაში ძალადობის მიღმა რელიგია დგას. სხვადასხვა კონფესიის ადამიანებს შორის დაპირისპირება და ტერორისტული აქტები ამის უტყუარი დასტურია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამაში მხოლოდ რელიგიური ფანატიკოსებისა და ექსტრემისტების ხელი არ ურევია. I და II მსოფლიო ომების დროს წამყვანი რელიგიების მიმდევრები, ქრისტიანები თუ სხვები, ერთმანეთს ხოცავდნენ და ხშირად ამას თავიანთი სულიერი ლიდერების ლოცვა-კურთხევით აკეთებდნენ. ასეთი საქციელი სძულს ღმერთს (ტიტე 1:16; გამოცხადება 17:5, 6; 18:24).

მაშინ, როცა დღევანდელი მსოფლიო მხარს უჭერს და განადიდებს ძალადობას, ნუთუ შესაძლებელია, ადამიანმა მშვიდობიანი და წყნარი თვისებები გამოიმუშაოს და მშვიდად იცხოვროს? რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ კითხვაზე პასუხი დადებითია და სწორედ ამაზე ვისაუბრებთ მომდევნო სტატიაში.

[ჩარჩო 6 გვერდზე]

ეს ხომ ადამიანის შიგნიდან მოდის

მართალია, ძალადობის გამომწვევი მრავალი ფაქტორი არსებობს, მაგრამ ძირითადი მიზეზი მაინც ადამიანის შინაგანი პიროვნებაა. გულთამხილველმა იესო ქრისტემ თქვა: „შიგნიდან ანუ ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვები: სიძვა, ქურდობა, მკვლელობა, მრუშობა, სხვისი რამის სურვილი, ბოროტი საქმეები, ცბიერება, თავაშვებულობა, შურიანი თვალი, მკრეხელობა, ამპარტავნობა, უგუნურება“ (მარკოზი 7:21, 22). ჩვენც განგვივითარდება ასეთი მავნე და მიუღებელი თვისებები, თუ ვუყურებთ და ვუსმენთ იმას, რაც არასწორია ან ვფიქრობთ მასზე (იაკობი 1:14, 15).

მეორე მხრივ, თუ გონებას ისეთი კარგი რამეებით ვკვებავთ, რაზეც მე-8 გვერდზე მოცემულ სტატიაში იქნება საუბარი, ჩავკლავთ არასწორ სურვილებს და გზას მივცემთ ჩვენში კარგ ჩვევებს (კოლოსელები 3:5; ფილიპელები 4:8). შემდეგ კი ღმერთი დაგვეხმარება „რომ [ჩვენი] შინაგანი ადამიანი გაძლიერდეს“ (ეფესოელები 3:16).

[ჩარჩო 7 გვერდზე]

ექსპერტები გაუგებრობაში არიან

რატომ არის ზოგ ქვეყანაში სხვა ქვეყნებთან შედარებით მკვლელობის მაჩვენებელი 60-ჯერ მაღალი? რატომ არის კაცობრიობის ისტორია სავსე ომებითა და ძალადობით? კითხვა ბევრია, პასუხი კი — ძალიან ცოტა.

ზოგი მკვლევრის აზრით, ძალადობის გამომწვევი მიზეზი სიღარიბე და უთანასწორობაა. ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემით, ძალადობისა და მკვლელობის 90%, თვითმკვლელობების ჩათვლით, მოდის ნაკლებად შეძლებულ ქვეყნებზე; ამავე მონაცემების თანახმად, ასეთ ქვეყნებში ყველაზე მეტი დანაშაული ქალაქის ღარიბ უბნებში ხდება. მაგრამ, მართლა ღარიბები არიან ყველაზე მოძალადე ხალხი? ან მიზეზი ის ხომ არ არის, რომ ღარიბ ქვეყნებში სათანადოდ არ ფუნქციონირებენ სამართალდამცავი ორგანოები? მაშ, რის თქმა შეიძლება ისეთ ქალაქებზე, სადაც მილიონები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ? მაგალითად, რას ვიტყვით ინდოეთის ქალაქ კალკუტაზე? ეს არის ქალაქი, სადაც მკვლელობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში.

არსებობს კიდევ სხვა მოსაზრება: რაც უფრო ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის იარაღი, მით უფრო მეტია ბოროტმოქმედებისა და ძალადობის ფაქტები. ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ იარაღი კიდევ უფრო საშიშს ხდის მოძალადე ადამიანს. მაგრამ მთავარი კითხვა კითხვად რჩება: რატომ არის ზოგ ქვეყანაში ძალადობის მაჩვენებელი უფრო მაღალი, ვიდრე სხვა ქვეყანაში? ექსპერტები ამ საკითხშიც ვერ თანხმდებიან.