არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პოდაგრა — გამომწვევი მიზეზები

პოდაგრა — გამომწვევი მიზეზები

პოდაგრა — გამომწვევი მიზეზები

პოდაგრა ართრიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა; ხშირ შემთხვევაში ხასიათდება მწვავე ტკივილებით. წიგნში „ართრიტი“ აღნიშნულია, რომ „პოდაგრას იწვევს შარდმჟავას მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლა) დარღვევა ორგანიზმში. ეს არის დაავადება, რომლის გამომწვევი მიზეზებიც კარგადაა ცნობილი — ამ დროს ხდება სახსრების სინოვიალურ სითხეში შარდმჟავას კრისტალების ჩალაგება . . . ის, ძირითადად, ფეხის ცერა თითში ვითარდება“.

შარდმჟავა არის ორგანიზმში დარჩენილი უვარგისი ნივთიერება, რომელიც ხვდება სისხლში და ასუსტებს ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა პურინები. შარდის არასაკმარისად გამოყოფისას ორგანიზმში მატულობს შარდმჟავას რაოდენობა და შედეგად ფეხის ცერა თითის სახსარში (შესაძლოა სხვა სახსრებშიც) ჩნდება ნემსისმაგვარი კრისტალები. ვითარდება ანთება და სახსარი სივდება და ხურს. ამავე დროს ადამიანს აღენიშნება მწვავე ტკივილები. * „ოდნავი შეხებაც კი საშინლად მტკივნეულია, თითქოს რაღაც გჩხვლეტს“, — ამბობს ალფრედი.

„იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი არ მკურნალობს, შეტევა ჩვეულებრივ ერთი კვირა გრძელდება, — აღნიშნული იყო ავსტრალიაში გამომავალ ერთ სამედიცინო ცნობარში. — მორიგი შეტევა შეიძლება თვეების ან წლების შემდეგ განმეორდეს. მაგრამ თუ ადამიანმა ყურადღება არ მიაქცია, შეტევა უფრო მალე განმეორდება და [შესაძლოა] ტკივილები უფრო მწვავე იყოს და სახსრებმაც დეფორმაცია მიიღოს. არის შემთხვევები, როდესაც პოდაგრა ქრონიკულ სახეს იძენს“.

პოდაგრა ართრიტის ფორმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ადვილად განკურნებადი დაავადებაა. მკურნალობა ჩვეულებრივ ხორციელდება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით, შეტევის განმეორების ან გამწვავების შემთხვევაში კი — პრეპარატ ალოპურინოლით, რომელიც ხელს უშლის შარდმჟავის წარმოქმნას. შესაძლებელია თუ არა პოდაგრის ხელახლა განვითარების თავიდან არიდება? შესაძლებელია.

რისკ-ფაქტორები

ძირითადი რისკ-ფაქტორებია ასაკი, სქესი და გენეტიკა. მედიცინის ზოგიერთი მუშაკის აზრით, პოდაგრის დაავადებათა შემთხვევის 50% გამოწვეულია გენეტიკით. „პოდაგრა მამაჩემსაც ჰქონდა და პაპაჩემსაც“, — ამბობს ზემოთ მოხსენიებული ალფრედი. ეს დაავადება ძირითადად მამაკაცებს აღენიშნებათ, განსაკუთრებით 40-დან 50 წლამდე ასაკში. ფაქტობრივად, მამაკაცებში ოთხჯერ უფრო მეტია პოდაგრის განვითარების ალბათობა, ვიდრე ქალებში მენოპაუზამდე.

ავადმყოფური სიმსუქნე და დიეტა: ერთი სამედიცინო ენციკლოპედია აღნიშნავს: „პოდაგრასთან ბრძოლა არ გულისხმობს კვების რაციონიდან ისეთი საკვები პროდუქტების ამოღებას, რომელიც მდიდარია პურინებით. ნაცვლად ამისა, საჭიროა ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება, რაც პოდაგრის გამომწვევ ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად ითვლება. ამიტომ რისკ-ფაქტორები უფრო მეტად დაკავშირებულია ავადმყოფურ სიმსუქნესთან და დისლიპიდემიასთან“, სისხლში ლიპიდების დონის მომატებასთან (ამ დროს ორგანიზმში ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელია). ამასთანავე, „პოდაგრის განვითარების ალბათობა მაშინაც დიდია, როცა ორგანიზმი ინსულინის მიმართ რეზისტენტული ხდება“.

ზოგი ექიმის თქმით, სასურველია ადამიანი მოერიდოს პურინების მაღალი შემცველობის მქონე საკვებს. მაგალითად, საფუარს, ზოგიერთი სახეობის თევზს და წითელ ხორცს. *

სასმელი: სასმელის გადაჭარბებული დოზით მიღებამ შეიძლება ორგანიზმში შარდმჟავას მომატება გამოიწვიოს.

ჯანმრთელობის მდგომარეობა: შეერთებულ შტატებში არსებული მეიოს კლინიკის მონაცემებით, პოდაგრის გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვადასხვა დაავადება გახდეს, მათ შორის „მაღალი ქრონიკული წნევა (ჰიპერტონია), ქრონიკული დიაბეტი, ჭარბი წონა, სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობა (ჰიპერლიპიდემია) და არტერიების შევიწროება (არტერიოსკლეროზი)“. პოდაგრა შესაძლოა გამოწვეულ იქნეს უეცრად გაჩენილი ან მწვავე დაავადების, ტრავმის ან წოლითი რეჟიმის შედეგადაც. თირკმელების დაავადებამაც შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრა. მთლიანობაში, ფეხის ცერა თითი ყველაზე „სასურველი“ სამიზნეა ამ შემთხვევაში, რადგან იქ ნაკლებად მოძრაობს სისხლი და შედარებით დაბალი ტემპერატურაა. ეს ორი ფაქტორი კი ხელს უწყობს შარდმჟავას მომატებას.

მედიკამენტები: პოდაგრის განვითარების რისკი იზრდება, როდესაც ადამიანი იღებს ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავს თიაზიდ შარდმდენებს (პრეპარატი, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის წყალს; ხშირ შემთხვევაში გამოიყენება მაღალი წნევის მატარებელი პაციენტების სამკურნალოდ), ასპირინის მცირე დოზას, ქიმიოთერაპიულ მედიკამენტებს და პრეპარატებს, რომელსაც იყენებენ ტრანსპლანტაციის (ორგანოს გადანერგვა) დროს.

ხუთი რჩევა, რათა კვლავ არ განმეორდეს

ვინაიდან პოდაგრის განვითარება პირდაპირ კავშირშია ადამიანის ცხოვრების სტილთან, ქვემოთ მოცემული რჩევები შესაძლოა გარკვეულწილად დამხმარე აღმოჩნდეს. *

1. ვინაიდან პოდაგრას მეტაბოლიზმის დარღვევა იწვევს, სასურველია ნორმალური წონა და კალორიების სასურველი დოზის მიღება. ჭარბი წონა ფეხის სახსრებსაც ერთგვარ პრობლემას უქმნის.

2. მოერიდეთ მკაცრ დიეტებს და წონის სწრაფ კლებას. ეს ხელს უწყობს სისხლში შარდმჟავის მომატებას.

3. მოერიდეთ დიდი რაოდენობით ცხოველური ცილის მიღებას. ზოგიერთი ექიმის რეკომენდაციით დღიური ნორმა მჭლე ხორცის (შინაური ფრინველი და თევზი) 170 გრამია.

4. სასმელის ზომიერად მიღება დასაშვებია. თუ ამჟამად გაქვთ შეტევა, კარგი იქნება, თუ საერთოდ თავს შეიკავებთ დალევისგან.

5. დალიეთ რაც შეიძლება ბევრი უალკოჰოლო სითხე. სითხე შლის შარდმჟავას და გარეთ გამოჰყავს. *

ეს ყველაფერი ალბათ შეგვახსენებს ბიბლიურ რჩევას, რომ ვიყოთ ზომიერები და არა „ღვინოს მიძალებულები“ (1 ტიმოთე 3:2, 8, 11). დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენმა მოსიყვარულე შემოქმედმა იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 იგივე სიმპტომები აღენიშნება ადამიანს, როდესაც ხდება ძვლის დაბოლოებებზე გლუვი ხრტილების გადაბმის ადგილებში კალციუმის პიროფოსფატის კრისტალების ჩალაგება. თუმცა ეს დაავადება, რომელსაც „ფსევდოპოდაგრას“ უწოდებენ, სხვა ტიპის დაავადებაა და განსხვავებული სახის მკურნალობას საჭიროებს.

^ აბზ. 9 ჟურნალში „ავსტრალიელი ექიმი“ დაბეჭდილ ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ პურინებით მდიდარი სოკოსა და ბოსტნეულის (ლობიო, ოსპი, მუხუდო, ისპანახი და ყვავილოვანი კომბოსტო) სახეობები „არ აღმოჩნდა პოდაგრის გამომწვევ რისკ-ფაქტორთა შორის“.

^ აბზ. 14 ეს არ არის სამედიცინო შინაარსის სტატია. ყველას ინდივიდუალური სახის მკურნალობა სჭირდება. ამასთანავე, არ იქნებოდა სწორი, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ დაუყოვნებლივ შეეწყვიტა ვინმეს ექიმის დანიშნული წამლების მიღება ან შეეცვალა კვების რაციონი ექიმის კონსულტაციის გარეშე.

^ აბზ. 19 მასალა აღებულია მეიოს სამედიცინო განათლებისა და კვლევითი ცენტრის მიერ შედგენილი ცნობარიდან.

[დიაგრამა/სურათი 24 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

სახსრის ანთება

სინოვიუმი

[სურათი]

შარდმჟავას დაგროვილი კრისტალები