რა ხდება მსოფლიოში?
რა ხდება მსოფლიოში?
საქართველოში „ბოლო ათ წელიწადში განქორწინებათა რიცხვი გაორმაგდა“. განქორწინებულთა უმეტესობა 20 წელს ქვემოთაა. (გაზეთი FINANCIAL, საქართველო).
ირლანდიაში 11—16 წლამდე ასაკის მოზარდების 17 % „სრულ სახელს და გვარს უმჟღავნებს ინტერნეტში სრულიად უცხო ადამიანს“. 10% „იმეილს, ტელეფონის ნომერს და სურათსაც არ იშურებს ასეთი უცნობი ნაცნობებისთვის“ (ირლანდიის ბავშვთა დაცვის საზოგადოება).
ტყის ხანძრების მხოლოდ 4 % ჩნდება ბუნებრივად. სხვა შემთხვევებში საქმე გვაქვს ადამიანის ნახელავთან, იქნება ეს შემთხვევით, თუ განზრახ (PRESSEPORTAL, გერმანია).
„ათიდან ერთი ამერიკელი [12 წლის ზემოთ], როგორც თავადვე ამბობენ, სისტემატურად იღებენ ამა თუ იმ სახის ნარკოტიკულ საშუალებებს, მათ შორის მარიხუანას, კოკაინს, ჰეროინს, ჰალუცინოგენებს და ინჰალატორებს“ (USA TODAY, აშშ.).
თავშეკავება — სტაბილურობის გარანტი
„მკვლევრების განცხადებით, მოზარდობის წლებში თავშეკავების ნაკლებობამ შესაძლოა შემდგომ წლებში ჯანმრთელობის პრობლემები და ფინანსური არასტაბილურობა გამოიწვიოს. იმის ალბათობაც დიდია, რომ ასეთმა ადამიანებმა ადვილად ჩაიდინონ ბოროტმოქმედება“, — ასეთი რამ ეწერა ნიუ-იორკში გამომავალ ჟურნალ „ტაიმში“. დაკვირვება იწარმოებოდა 1000-ზე მეტ ადამიანზე, რომელთაც დაბადებიდან 32 წლამდე აკვირდებოდნენ. მათ შემთხვევაში, „ვინც [ბავშვობაში] უფრო იმპულსურები, თავშეუკავებლები და მოუთმენლები იყვნენ, და ვისაც რიგში დგომისას უჭირდა ლოდინი“, ზრდასრულობის ასაკში ცუდი ჯანმრთელობის, დაბალი შემოსავლის, მარტოხელა მშობლობის და დანაშაულის ჩადენის სამჯერ მეტი მაჩვენებელი აღინიშნებოდა. და მაინც, „თავშეკავების სწავლა შესაძლებელია, — დასძენს ჟურნალი. — სკოლასა და ოჯახში ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე უნდა ისწავლოს საკუთარი თავის კონტროლი, რაც მომავალში კარგი ჯანმრთელობისა და სტაბილური ცხოვრების საწინდარია“.
ცუდ მძღოლებს ჭკუას ასწავლიან
ინდოეთის მთავრობა ახალი მეთოდით სჯის წესრიგის დამრღვევ მძღოლებს. მათ პოლიციელად მუშაობას ავალდებულებენ. მიზანი ამ ყოველივესი ის გახლავთ, რომ ასეთი მძღოლები მიხვდნენ, რამდენად რთულია მათ მიერ გამოწვეული ქაოსის მოწესრიგება. ნაცვლად იმისა, რომ გადააყენებინონ მანქანები და დააჯარიმონ მძღოლები, ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ გურგაონში სამართალდამცავები სამართალდამრღვევებს ავალდებულებენ, დაეხმარონ გზებზე მოძრაობის მოწესრიგებაში და ნახევარი საათის განმავლობაში იმსახურონ მათ გვერდით როგორც რიგითმა პოლიციელებმა. ზოგიერთმა მძღოლმა აღნიშნა, რომ ამ ღონისძიებამ მათ თვალსაზრისი შეუცვალა მოძრაობის წესებთან დაკავშირებით. ადგილობრივი პოლიციის განყოფილების წარმომადგენელმა ბართი არორამ განაცხადა: «ყოველდღე გურგაონში მოძრაობის წესების დარღვევისთვის 1000 მძღოლს ვაჯარიმებთ. ეს დამატებით 1000 „პოლიციელს“ უდრის».