არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სალოცავად ადამიანი ტაძარში უნდა დადიოდეს?

სალოცავად ადამიანი ტაძარში უნდა დადიოდეს?

ბიბლიის თვალსაზრისი

სალოცავად ადამიანი ტაძარში უნდა დადიოდეს?

ბევრი სალოცავად ტაძარში, ეკლესიაში ან სხვა რომელიმე სამლოცველო სახლში დადის. ზოგი პილიგრიმი ასეთ ადგილებამდე მისაღწევად საკმაოდ გრძელ გზას გადის. თქვენ რას ფიქრობთ, სალოცავად ადამიანმა რომელიმე შენობაში უნდა იაროს? შეგვიძლია ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან ვილოცოთ? რას ამბობს ბიბლია?

ადამიანის ისტორიის დასაწყისში არანაირი რელიგიური შენობები არ არსებობდა. ჩვენი წინაპრების, ადამისა და ევას, საცხოვრებელი სახლი მშვენიერი ბაღი იყო (დაბადება 2:8). თავიანთ შემოქმედთან, იეჰოვასთან ურთიერთობა მათ უშუალოდ ამ ბაღიდან ჰქონდათ. როცა ადამისა და ევას შთამომავლები გამრავლდნენ, ნოე და სხვა მართალი ადამიანები „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდნენ“ და ამისათვის არანაირი რელიგიური შენობა არ სჭირდებოდათ (დაბადება 6:9). მათ უყვარდათ იეჰოვა და ხშირად ლოცულობდნენ. იეჰოვაც იწონებდა და ისმენდა ამ მორწმუნე ადამიანების ლოცვებს.

ღმერთი ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს

ძველ დროს მცხოვრებმა ღვთის ერთგულმა მამაკაცებმა იცოდნენ, რომ დედამიწისა და მთელი სამყაროს შემოქმედი არ მკვიდრობდა ხელთქმნილ ტაძრებში. „ნუთუ დამკვიდრდება ღმერთი დედამიწაზე ადამიანებთან?!“, — იკითხა ბრძენმა მეფე სოლომონმა. შემდეგ კი თავადვე დასძინა: „აი, ვერ გიტევს შენ ზეცა, ზეცათა ზეცა“ (2 მატიანე 6:18). ისიც აღვნიშნოთ, რომ ძველად ისრაელებს ჰქონდათ კარავი და შემდეგ ტაძარი, სადაც, ღვთის მოთხოვნით, ყოველწლიური რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად იკრიბებოდნენ (გამოსვლა 23:14—17). თუმცა მათ შეეძლოთ ნებისმიერ დროს ელოცათ, მაგალითად, ცხვრის მწყემსვისას, მინდორში მუშაობისას, ოჯახის წევრებთან ყოფნის დროს, ან მაშინ, როცა მარტონი იყვნენ (ფსალმუნი 65:2; მათე 6:6).

ჩვენც შეგვიძლია ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან ვილოცოთ. ჩვენი მისაბაძი მაგალითი იესო ქრისტეც ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე წყნარ ადგილას და იქ ლოცულობდა (მარკოზი 1:35). ერთხელ „ის მთაზე ავიდა, რომ ელოცა, და მთელი ღამე ღვთისადმი ლოცვაში გაატარა“ (ლუკა 6:12).

რა თქმა უნდა, იესო, როგორც იუდეველი, ესწრებოდა რელიგიურ დღესასწაულებს იერუსალიმის ტაძარში (იოანე 2:13, 14). მიუხედავად ამისა, მან იწინასწარმეტყველა, რომ მოვიდოდა დრო, როცა ტაძარი აღარ იქნებოდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრი. ერთხელ, როცა იესო სამარიელ ქალს ელაპარაკებოდა იმ მთასთან ახლოს, რომელზეც სამარიელებს ტაძარი ჰქონდათ, მან თქვა: „მოდის საათი, როცა აღარც ამ მთაზე სცემთ მამას თაყვანს და აღარც იერუსალიმში“. შემდეგ დასძინა, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები „მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს“ (იოანე 4:21, 23).

დიახ, იესოსთვის მნიშვნელობა აგურითა და კირქვით აგებულ შენობას კი არ ჰქონდა, არამედ სუფთა გულიდან გამომდინარე ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. ხომ არ ნიშნავდა ეს იმას, რომ იესოს მიმდევრები, რომლებსაც მოგვიანებით ქრისტიანები ეწოდათ, თაყვანისცემისთვის არასდროს გამოიყენებდნენ რელიგიურ შენობებს? (საქმეები 11:26). ნამდვილად არა, და ამას გარკვეული საფუძველი გააჩნია.

ღვთის ხალხი ერთ სულიერ ოჯახს ქმნის

ღვთის ჭეშმარიტი მსახურები ერთი სულიერი ოჯახის წევრები არიან (ლუკა 8:21). კარგი ოჯახი ბევრ რამეს ერთად აკეთებს, მაგალითად, ისინი ერთად სადილობენ. ასეთი ურთიერთობა აძლიერებს ოჯახურ კვანძებს. ეს ასეა სულიერი გაგებითაც. ქრისტიანული შეხვედრები სულიერ წვეულებებს ჰგავს. იქ მისულები სულიერად იკვებებიან და რწმენაში მტკიცდებიან. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნეოთ ერთმანეთი“ (ებრაელები 10:24, 25).

აქედან გამომდინარე, ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს ესმით, რომ ქრისტიანული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. იქ კრების ყველა წევრს ეძლევა შესაძლებლობა, განივითაროს ქრისტიანული თვისებები, რის გაკეთებასაც იზოლირებულად, სახლში ჯდომით, ბოლომდე ვერასოდეს შეძლებდა. ამ თვისებებში შედის სიყვარული, მიმტევებლობა, სიკეთე, რბილი ხასიათი და მშვიდობა (2 კორინთელები 2:7; გალატელები 5:19—23).

სად იკრიბებოდნენ პირველი ქრისტიანები ღვთის თაყვანსაცემად და ერთმანეთის გასამხნევებლად? ხშირად, საკუთარ სახლებში (რომაელები 16:5; კოლოსელები 4:15). მაგალითად, როდესაც პავლე მოციქულმა ერთ-ერთ თანაქრისტიანს წერილი მისწერა, მან მოიხსენია „კრება, რომელიც [მის] სახლში იკრიბებოდა“ * (ფილიმონი 1, 2).

ეს ასეა დღესაც. თაყვანისმცემლობისთვის ღვთის ხალხი მდიდრულ შენობებში არ იკრიბება. მთავარია ის იყოს მოხერხებული და ყველა დამსწრე თავისუფლად ეტეოდეს. შენობებს, სადაც იეჰოვას მოწმეები იკრიბებიან, „სამეფო დარბაზები“ ეწოდება. ეს არის უბრალო და ლამაზი დარბაზები. იქ განიხილება ბიბლიური თემები; შეხვედრები იწყება და მთავრდება სიმღერით და ლოცვით. ალბათ, თქვენ ახლო-მახლოსაც არის იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იეჰოვას მოწმეები ძალიან აფასებენ ღმერთთან პირად, ახლო ურთიერთობას. ამიტომაც ისინი ყოველდღე გამოყოფენ დროს ლოცვებისთვის, იქნება ეს პირადი თუ ოჯახთან ერთად ლოცვა. იაკობის 4:8-ში ვკითხულობთ: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“.

[სქოლიო]

^ აბზ. 13 ბერძნული სიტყვა ეკლესია (ek·kle·siʹa) მიუთითებს თაყვანისმცემლობისთვის ერთად შეკრებილ ხალხთა ჯგუფზე და არა რელიგიურ შენობა-ნაგებობაზე.

გიფიქრიათ?

● მკვიდრობს ღმერთი ხელით ნაშენებ შენობებში? (2 მატიანე 6:18)

● სად ლოცულობდა იესო მთელი ღამე? (ლუკა 6:12)

● რა მიზნით იკრიბებიან ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები? (ებრაელები 10:24, 25)

[ჩანართი 15 გვერდზე]

გახდის რომელიმე ადგილი თქვენს ლოცვებს ღვთისთვის უფრო მისაღებს?