არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღრუტუნა ფული

ღრუტუნა ფული

ღრუტუნა ფული

„ჩვენს მხარეში ღორი ძალიან ფასობს, ამიტომ მის აღზრდას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, — ამბობს პაპუა-ახალი გვინეის მთიან მხარეში მცხოვრები 17 წლის ანმარი კანაი. — ძალიან გამიხარდა, როცა მამამ პატარა გოჭი მოიყვანა სახლში და მთხოვა, გაზარდეო; მაგრამ ცოტა შემეშინდა, ისეთი პატარა და უსუსური იყო, მეგონა მოკვდებოდა“.

როგორ ზრდიდა თავის პატარა გოჭს ანმარი და რატომ არის პაპუა-ახალ გვინეაში ღორი ასე მნიშვნელოვანი? ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ ანმარისგან პატარა ინტერვიუ აიღო.

რას გვეტყვი შენი საცხოვრებელი ადგილის შესახებ?

ჩვენ — მე, ჩემი ოთხი და-ძმა და მშობლები — დასავლეთით მთიან ადგილას ერთ მივარდნილ სოფელში ვცხოვრობთ ბალახით გადახურულ ხის პატარა ქოხში. სოფელში დაახლოებით 50 მოსახლეა და ყველანი ერთმანეთის ნათესავები ვართ. ჩვენს სახლთან ახლოს პატარა მდინარე მოედინება, რომელიც ფერდობებზე შეფენილ უღრან ტყეში მიიკვლევს გზას.

სოფელში თითქმის ყველა სოფლის მეურნეობას მისდევს. ჩვენს ოჯახს ბოსტნეულის დიდი ბაღი აქვს, სადაც ბატატი (ტკბილი კარტოფილი), გოგრა, კიტრი, ყავა და სხვა მოსავალი მოგვყავს. ბაღის მოვლა და ფიზიკური სამუშაოს შესრულება ძალიან მომწონს. სახლის საქმეებსაც ვაკეთებ ხოლმე, ვალაგებ, ტანსაცმელს ვრეცხავ და, რა თქმა უნდა, ღორს ვუვლი.

როგორ უვლი ღორს?

ერთი წლის წინ, როცა მამამ სახლში მოიყვანა, ისეთი პატარა იყო, რომ ხელში თავისუფლად ვიჭერდი. ყოველდღე ვაჭმევდი წყალში და შაქრის ლერწმის წვენში არეულ თევზის ფხვნილსა და დაჭყლეტილ ტკბილ კარტოფილს. ღამით, როცა მთაში აცივდებოდა, ჩვენი გოჭუნა ცეცხლთან ახლოს ჭერზე ჩამოკიდებულ ბრინჯის ცარიელ ტომარაში იძინებდა. მე კი იქვე ახლოს იატაკზე მეძინა. ასე გადააგორა ჩვენმა პატარამ ცივი ზამთარი; ის ნელ-ნელა იზრდებოდა და მშვენდებოდა.

სახელი არასდროს დამირქმევია, უბრალოდ ღორს ვეძახდი და ბოლომდე ეს სახელი შერჩა. შვილივით ვუვლიდი — ვაჭმევდი, ვაბანავებდი და საათობით ვეთამაშებოდი. ბოლოს ისე მომეჩვია, რომ ყველგან თან დამყვებოდა.

როცა წამოიზარდა, ახალ რეჟიმზე გადავიყვანე. ამ რეჟიმს დღემდე მივყვებით. თოკს შევაბამ ხოლმე და ბაღში მიმყავს, სახლიდან 15 წუთის სავალზე. იქ რომელიმე ხეზე მივაბამ და მთელი დღე მიწას ჩიჩქნის და კვლებს აკეთებს. ძლიერი კისრითა და დინგით თხრის მიწას, ჩადის ფესვებში და იქიდან ჭიები ამოჰყავს, თან მიწასაც აფხვიერებს. დღის ბოლოს სახლში მომყავს, ვაჭმევ უმ და მოხარშულ ტკბილ კარტოფილს და დასაძინებლად თავის ხის პატარა „სახლში“ ვუშვებ.

რატომ ფასობს ღორი მთაში ასე ძალიან?

ჩვენთან ასეთი გამოთქმა არსებობს: „ფული ღორია, ღორი კი — ფული“. ძველად, სანამ ფულით ვაჭრობა შემოვიდოდა მთაში, ხალხი ფულის მაგივრად ღორს იყენებდა და ღორებით ვაჭრობდა. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. ადრე მანქანებით მოვაჭრე ერთი ბიზნესმენი კლიენტებს ყოველი ახალი მანქანის ყიდვისას ღორს ჩუქნიდა. ტომები ერთმანეთში სადავო საკითხებს ხშირად ფულით და ღორების გაცვლა-გამოცვლით აგვარებენ. საქმროები თავიანთი საცოლეების მშობლებს ურვადის სახით ღორებს აძლევენ.

გამოდის, რომ თუ ადამიანი ღორს დაკლავს და შეჭამს, ამით ის საკუთარ ქონებას ანადგურებს!

კი, ეს მართლა ასეა! ჩვენთან ღორი იმდენად ფასობს, რომ მას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში კლავენ, მნიშვნელოვან ღონისძიებებზე. მთაში ზოგიერთი ტომი დიდ ცერემონიებზე ასობით ღორს კლავს თავისი სიმდიდრის წარმოსაჩენად და დიდი პატივისცემის ნიშნად ზოგჯერ ერთმანეთსაც ჩუქნიან ღორებს.

თქვენ რისთვის ზრდით ღორებს?

მართალი ხართ — ღორებს და არა ღორს. ჩვენ ღორს უკვე რამდენიმე გოჭი ჰყავს. ერთი უკვე გავყიდეთ 100 კინად (დაახლოებით 65 ლარი). ამ ფულით მთელი ოჯახი იეჰოვას მოწმეების საოლქო კონგრესზე წავედით ქალაქ ბანზში. მამა ნელ-ნელა სხვა გოჭებსაც დაყიდის, რომ ოჯახს პურის ფული არ მოაკლდეს.

რატომ არ ზრდით უფრო მეტ ღორს, არ გინდათ, მეტი შემოსავალი გქონდეთ?

ჩვენ გამდიდრება ნამდვილად არ გვინდა, უბრალოდ გვინდა, რომ გვქონდეს ის, რაც გვჭირდება: საჭმელი, ჩასაცმელი და სახლ-კარი. ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერი საქმეებია, რაშიც კრების შეხვედრებზე დასწრება და ფიზიკურად და სულიერად სხვების დახმარება შედის. ამ ყველაფერს მთელი ოჯახი ერთად ვაკეთებთ. უბრალოდ ვცხოვრობთ, მაგრამ ბედნიერები ვართ, ერთმანეთთან ახლო და ტკბილი ურთიერთობა გვაქვს.

მე ბაღში ვმუშაობ და ღორებს ვზრდი, მაგრამ მთელი დღე ამით არა ვარ დაკავებული. ჩემი მთავარი საქმე ქადაგებაა, სხვებისთვის ბიბლიურ ცნობაზე საუბარი. ამ საქმის შესრულებას, რომელიც იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, კვირაში რამდენიმე დღეს ვუთმობ (მათე 28:19, 20). დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც მიმიწვევენ პორტ-მორზბიში, იეჰოვას მოწმეების ფილიალში, სადაც ბიბლიური ლიტერატურა ჩვენს ენებზე ითარგმნება. თუმცა ეს რომც არ მოხდეს, ყოველთვის ბედნიერი ვიქნები იმით, რომ სულიერ საკითხებს პირველ ადგილზე ვაყენებ და იეჰოვას ვემსახურები. მადლიერი ვარ, რომ მატერიალურადაც არ გვიჭირს, რადგან ჩვენს სახლში ყოველთვის დარბის ოთხ ფეხზე მოსიარულე ღრუტუნა ფული.

[ჩარჩო⁄სურათი 12 გვერდზე]

საინტერესო ცნობები

● კუნძულ ახალ გვინეაზე დაახლოებით 2 000 000 ღორს ზრდიან. შეფარდება: 3 მოსახლეზე 1 ღორი.

● სოფლის მოსახლეობის ნახევარზე მეტს ჰყავს ღორი.

[რუკები 10 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ინდონეზია

პაპუა-ახალი გვინეა

ავსტრალია

ინდონეზია

პაპუა-ახალი გვინეა

პორტ-მორზბი

დასავლეთის მთიანი მხარე

ავსტრალია

[სურათი 10, 11 გვერდებზე]

გზად ბაღისაკენ

[სურათი 11 გვერდზე]

ჩემი დაბანის დროა

[სურათი 11 გვერდზე]

ახლა უნდა ვითამაშო