ყველგან ძალადობა
ყველგან ძალადობა
მსოფლიო შეძრა ძალადობამ და ბოროტმოქმედებამ. საინფორმაციო საშუალებები სავსეა საზარელი ფაქტებით. ირგვლივ ყველგან ძალადობაა! ძალადობა ქუჩაში, ძალადობა სამსახურში, ძალადობა სკოლაში. საკუთარ სახლშიც კი, სადაც ადამიანი ყველაზე მეტად უნდა გრძნობდეს თავს დაცულად, ათასები და მილიონები შიშში ცხოვრობენ, განსაკუთრებით ქალები. არის ქვეყნები, სადაც ქალების 70 % საკუთარ ოჯახში ხდება ძალადობისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი.
ბევრ ქვეყანაში სისხლიანი პოლიტიკური და სოციალური დაპირისპირების შემხედვარე, ხალხი საგონებელშია ჩავარდნილი. ბევრს სიტყვა ტერაქტის გაგონებაზეც კი შიშის ჟრუანტელი უვლის. ზოგან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც ტერორისტების პოტენციურ სამიზნეს წარმოადგენს, მიმდინარეობს გაძლიერებული ვიდეოკონტროლი ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
გასაგებია, რატომ არის დღეს ამგვარ აუდიო-ვიდეო ტექნიკაზე ასეთი ბუმი, და ეს იმის ფონზე, როცა მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს. ვისი ჯიბიდან მიდის ეს თანხები? ისევ და ისევ ჩვენი — ჩვენი გადახდილი გადასახადების სახით. და რაკი უსაფრთხოების დაცვის ამ ახალ ზომებზე მოთხოვნილება დღითი დღე იზრდება, და თან მისი შეძენა და მოხმარება უფრო და უფრო ძვირი ხდება, არ არის გამორიცხული გადასახადებმაც მოიმატოს.
ზოგადად ძალადობამ, შესაძლოა, ჩვენს ეთიკურ ნორმებსა და მრწამსზეც იქონიოს გავლენა. მომდევნო სტატიებში განვიხილავთ შემდეგ კითხვებს: რა როლს ასრულებს მასმედია ძალადობის გავრცელებაში? რამ შეიძლება დაუმახინჯოს ადამიანს შეხედულება ძალადობაზე? რა უნდა გავაკეთოთ, რომ სხვებივით ჩვენც არ ჩამოგვიყალიბდეს არასწორი შეხედულება ამ საკითხზე?