არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განკითხვის დღე — ხალხი რაღაც საშინელის მოლოდინშია

განკითხვის დღე — ხალხი რაღაც საშინელის მოლოდინშია

ჩვენ ვისაუბრეთ იმ ზოგიერთ არარეალურ მოსაზრებაზე, რომელიც ქვეყნიერების აღსასრულს უკავშირდება. თუმცა არსებობს საკითხები, რომლებზეც საზოგადოება გაცილებით მეტად ღელავს და წუხს. ბევრი შეშფოთებულია მოსახლეობის სწრაფი ზრდის ტემპით და შესაძლო საკვებისა და წყლის დეფიციტით. ბევრიც მსოფლიო ფინანსური კრიზისის სავალალო შედეგებზე წუხს. რის თქმა შეიძლება სტიქიურ უბედურებებზე, ეპიდემიებზე ან ბირთვულ ომზე? შეიძლება, რომ ამ მოვლენებმა ერთ დღესაც გლობალური კატასტროფა გამოიწვიოს?

მოკლედ მიმოვიხილოთ ქვეყნიერების აღსასრულთან დაკავშირებული ზოგიერთი გავრცელებული თვალსაზრისი. მართალია, ყველა მათგანი კაცობრიობას სრულ გადაშენებას არ უქადის, მაგრამ დღეს არსებულ ცივილიზაციებს ყველა უწინასწარმეტყველებს განადგურებას. აი, ზოგიერთი მათგანი:

 სუპერვულკანები

1991 წელს ფილიპინებზე, მთა პინატუბოზე ამოხეთქილმა ვულკანმა 700 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 100 000 კი უსახლკაროდ დატოვა. ფერფლის უზარმაზარი ღრუბელი 30 კილომეტრზე აიწია ჰაერში, შემდეგ ისევ მიწაზე დაეშვა, გადაწვა ნათესები და საგრძნობლად დააზიანა სახლის სახურავები. პინატუბო და მისი მსგავსი ვულკანები ამოფრქვევიდან წლების განმავლობაშიც კი ახდენენ გავლენას პლანეტის კლიმატზე.

სუპერვულკანების ამოფრქვევა, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე შორეულ წარსულში ხდებოდა, ასჯერ უფრო დიდი და დამანგრეველი იყო, ვიდრე კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი სხვა რომელიმე ვულკანური ამოფრქვევა. გარდა იმისა, რომ ასეთი ვულკანები მომენტალურად მოსპობდა ყველაფერს, ის კლიმატის მნიშვნელოვან ცვლილებებსაც გამოიწვევდა, რაც საბოლოო ჯამში გაანადგურებდა საკვებს და ხალხი შიმშილისგან გაწყდებოდა.

„ვულკანი რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ანადგურებს მცენარეებსა და ცხოველებს; სუპერვულკანები კი იმდენად შეცვლიდა მთელ პლანეტაზე კლიმატს, რომ მთლიანად განადგურდებოდა სახეობები“ (National Geographic).

ასტეროიდები

1908 წლის ერთ მშვენიერ დილას ციმბირში, სოფელ ვანავარადან 60 კილომეტრში მოხდა აფეთქება. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთი მამაკაცი, რომელიც სოფელში მაღაზიის წინ სკამზე იჯდა, სკამიდან გადმოვარდა. მან ისეთი სიმხურვალე იგრძნო, რომ ეგონა ტანსაცმელზე ცეცხლი ეკიდა. აფეთქება 100-მილიონ კილოგრამიანი ასტეროიდის ჩამოვარდნამ გამოიწვია, რომლის დიამეტრიც 35 მეტრი იყო. ატმოსფეროში შემოსული ასტეროიდი აფეთქდა მაღალი წნევისა და სიმხურვალის გამო. წარმოიქმნა ენერგია, რომელიც ჰიროსიმაში ჩამოგდებული ბომბის შედეგად წარმოქმნილ ენერგიას 1 000-ჯერ აღემატებოდა. ამ აფეთქებამ 2 000 კვადრატული კილომეტრის რადიუსში მთლიანად გაანადგურა ციმბირის ტყეები. უფრო დიდი ასტეროიდის ჩამოვარდნის შემთხვევაში წარმოიქმნებოდა უძლიერესი ხანძრები, რომელიც დროთა განმავლობაში გამოიწვევდა დედამიწაზე ტემპერატურის მკვეთრ დაცემას და სახეობათა უმეტესობის გადაშენებას.

„პლანეტა დედამიწა მთელი თავისი არსებობის განმავლობაში იბომბებოდა კომეტებითა და ასტეროიდებით. შეჯახებები წარსულში უფრო ხშირად ხდებოდა და მომავალშიც განმეორდება. საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ როდის მოხდება ეს“ (პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომი და ასტროფიზიკოსი კრის პალმა).

 კლიმატის ცვლილება

მეცნიერების აზრით, დედამიწაზე საშუალო ტემპერატურის მომატება, ამინდის უკიდურესი ცვალებადობა, ყინულოვანი საფარისა და მყინვარების დნობა, მარჯნის რიფებისა და სხვა აუცილებელი სახეობების განადგურება — ეს ყოველივე იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიო კლიმატი იცვლება. მართალია, ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მაგრამ ბევრი ამტკიცებს, რომ კლიმატის ცვლილებების მიზეზი ტრანსპორტისა და მრეწველობის სხვადასხვა დარგში მოხმარებული ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის წვაა. წიაღისეული საწვავი ნივთიერებების წვისას, მკვლევართა თქმით, ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი გამოიყოფა.

ზოგიერთი ექსპერტის თქმით, ატმოსფეროში გამოყოფილი აირები სათბური ეფექტის პრინციპით მოქმედებს, აფერხებს ჰაერის ცხელი მასების დედამიწიდან კოსმოსში გაფანტვას და იწვევს დედამიწაზე ტემპერატურის მომატებას. ტყის მასიურმა გაჩეხვამაც შეიძლება გამოიწვიოს კლიმატის მკვეთრი ცვლილება, რადგან მცენარეები, როგორც წესი, შთანთქავენ ნახშირორჟანგს.

„მეცნიერებს სჯერათ, რომ თუ გლობალური დათბობის პროცესი არ შეწყდა და ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ემისია გაგრძელდა, დედამიწის საშუალო ტემპერატურა კვლავ მოიმატებს. ეს კი იმაზე დიდ კლიმატურ ცვლილებებს გამოიწვევს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ოკეანეებში წყლის დონის მომატება საფრთხეს შეუქმნის სანაპიროებზე მცხოვრებ მოსახლეობას“ (წიგნი: A Mind for Tomorrow: Facts, Values, and the Future).

პანდემია

მე-14 საუკუნეში შავმა ჭირმა ორ წელიწადში ევროპის მოსახლეობის მესამედი შეიწირა. 1918 —1920 წლებში ესპანურმა გრიპმა 50 000 000 ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე. იმ პერიოდში ტრანსპორტის სიმცირის გამო ხალხი იმდენად ხშირად არ მოგზაურობდა ერთი ქვეყნიდან მეორეში, რამაც ხელი შეუშალა დაავადების კიდევ უფრო გავრცელებას. თუმცა დღეს ქალაქებში მოსახლეობის ზრდამ და გაადვილებულმა საერთაშორისო მიმოსვლამ გაზარდა იმის ალბათობა, რომ მსგავსი სახის დაავადებები თვალის დახამხამებაში გავრცელდეს ყველა კონტინენტზე.

ასეთი პანდემიები შესაძლოა ბუნებრივად გაჩნდეს. თუმცა ხალხს გაუჩნდა ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შედეგად გამოწვეული ხელოვნური გზით წარმოქმნილი დაავადებების შიშიც. ამ სფეროში მოღვაწე ექსპერტების თქმით, ადამიანთა იმ მცირე ჯგუფს, რომელთაც საკმარისი ცოდნა გააჩნიათ ამ საკითხში, შეუძლიათ ინტერნეტის მეშვეობით შეიძინონ ის მოწყობილობები და ნივთიერებები, რომლებიც მომაკვდინებელი ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლადაა საჭირო.

„მართალია, ბუნებრივად წარმოქმნილი პანდემიები სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ მოაზროვნე ადამიანმა, რომელიც შეიარაღებულია [სუპერრეზისტენტული] და ხელოვნური პათოგენებით, შეიძლება გაცილებით უფრო სავალალო შედეგები მოიტანოს“ (შეერთებულ შტატებში არსებული კვლევითი ცენტრი: The Bipartisan WMD Terrorism Research Center).

 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახეობების გადაშენება

ბოლო ხუთი წელია, რაც შეერთებულ შტატებში მცხოვრებ მეფუტკრეებს ყოველწლიურად ფუტკრების 30% ეხოცებათ. მთლიანად ნადგურდება ოჯახები, რაც ერთობ აუხსნელი მოვლენაა; ფუტკრები მოულოდნელად სკებიდან სადღაც უჩინარდებიან. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ფუტკარი მარტო თაფლს კი არ იძლევა, სხვა რამისთვისაც სასარგებლოა. ისინი წარმოადგენენ ვაზის, ვაშლის, ბამბის, სოიას და სხვა ძირითადი მოსავლის სახეობების დამმტვერავებს. ჩვენ, გარკვეულწილად, ფუტკრებზე ვართ დამოკიდებულნი.

ჩვენ დამოკიდებულნი ვართ ასევე ფიტოპლანქტონებზე, რადგან მის გარეშე თევზის არც ერთი სახეობა არ იარსებებდა. ვერც მიწა გაფხვიერდებოდა ჭიების გარეშე და ნიადაგიც ვერ გამდიდრდებოდა ჟანგბადით. შესაბამისად, მოსავალიც შემცირდებოდა. იქნებოდა საკვები პროდუქტების უკმარისობა და შიმშილი, რაც თავის მხრივ, ძალადობასა და დიდ არეულობებს გამოიწვევდა. გარემოს დაბინძურება, ჭარბი მოსახლეობა, მიწის გამოფიტვა, ბუნებრივი საარსებო გარემო პირობების რღვევა და კლიმატის ცვლილება ცხოველთა და ფრინველთა განადგურებას ჩვეულებრივთან შედარებით 1 000-ჯერ უფრო მეტად დააჩქარებს.

„ყოველ წელს 18 000 — 55 000 სახეობა შედის გადაშენებულ სახეობათა რიცხვში. ამ ყველაფრის მიზეზი ადამიანი გახლავთ“ (გაეროს განვითარების პროგრამა).

ბირთვული ომი

ერთ ბირთვულ აფეთქებას წამში შეუძლია გააქროს მთელი ქალაქი და ამის სამწუხარო მაგალითები 1945 წლის აგვისტოში უკვე დაფიქსირდა. ამგვარი აფეთქება ხასიათდება საშინლად ძლიერი და დამანგრეველი შედეგებით, რადგან აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ძლიერი ტალღა, ცეცხლი და რადიაცია ყველაფერს ანადგურებს. რადიაცია ასევე წამლავს საკვებს და წყალს. ბირთვული ომი გამოიწვევდა ტონობით მტვრის მოხვედრას ჰაერში, შეაფერხებდა მზის სხივების მოღწევას ჩვენამდე და შედეგად დაეცემოდა ტემპერატურა; განადგურდებოდა ყველანაირი მოსავალი და მთლიანად მცენარეული საფარი. შესაბამისად, ადამიანები, ცხოველები და ფრინველები შიმშილისაგან დაიხოცებოდნენ. დღეისათვის, როგორც ამბობენ, ცხრა ქვეყანას აქვს იმის პოტენციური შესაძლებლობა, რომ ბირთვული ომი წამოიწყოს. რამდენიმე ქვეყანა კი ბირთვული იარაღის წარმოების პროცესშია. ამასთანავე ტერორისტულ ორგანიზაციებს ერთი სული აქვთ, როგორმე ხელში ჩაიგდონ ეს მომაკვდინებელი იარაღი.

„ყველაზე მეტად ადამიანთა ცივილიზაციას ბირთვული ომი ემუქრება . . . მსოფლიოში 25 000 ბირთვული იარაღია . . . ადრე თუ გვიან ტერორისტები ხელში ჩაიგდებენ ამ იარაღს“ (შეერთებულ შტატებში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია: Union of Concerned Scientists).