არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმსუქნე ახალგაზრდებში

სიმსუქნე ახალგაზრდებში

შეერთებული შტატების ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მონაცემებით, „1980 წლიდან 2002 წლამდე გასამმაგდა იმ მოზარდთა რიცხვი, რომელთაც სიმსუქნე აწუხებთ; ბავშვებში ეს რიცხვი გაორმაგდა“. ამ დაავადებას ბავშვებში თან ახლავს არაერთი რისკ-ფაქტორი, მათ შორის: მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვადასხვა ტიპის სიმსივნე. *

გამომწვევ მიზეზთა შორისაა უმოძრაო ცხოვრების წესი, უშუალოდ ახალგაზრდებზე გათვლილი მაცდური რეკლამები და იაფფასიანი, არაჯანსაღი საკვები. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, „ბავშვებში სიმსუქნეს იწვევს დიდი რაოდენობით კალორიების მიღება და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა“.

კარგი იქნება, თუ ბავშვები, მოზარდები და ზრდასრულები მთელი სერიოზულობით მოეკიდებიან კვებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მკაცრი დიეტების გარეშეც შესაძლებელია ჭარბ წონასთან ბრძოლა. ახალგაზრდა მარკმა კვების საკითხებში გარკვეული ცვლილება შეიტანა, რამაც დადებითად იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე და გასაოცარი შედეგებიც მიიღო. ის ამბობს: „ადრე საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას, რას ვჭამდი“. ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ მარკისგან ინტერვიუ აიღო იმის გასარკვევად, თუ რა ცვლილებების მოხდენა მოუწია მას. სტატიაში დაბეჭდილია მარკის ინტერვიუ.

როდის დაიწყო კვებასთან დაკავშირებით შენი პრობლემა?

სკოლის დამთავრების შემდეგ. იმ პერიოდში სულ გარეთ ვჭამდი. ჩემს სამსახურთან ახლოს სწრაფი კვების ორი ობიექტი იყო და თითქმის ყოველდღე იქ შევდიოდი. ეს უფრო ადვილი იყო ჩემთვის, ვიდრე სახლში საჭმლის მომზადება.

რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ცალკე გადახვედი საცხოვრებლად?

ვერ ვიტყვი, რომ სიტუაცია გაუმჯობესდა. პირიქით, არც საჭმლის მომზადება ვიცოდი და არც ბევრი ფული მქონდა. თანაც ჩემი საყვარელი სწრაფი კვების ობიექტი არც ისე შორს, ორი კვარტლის მოშორებით იყო. ამიტომ იქ ჭამა უფრო ადვილი იყო და შედარებით იაფიც. ამას ისიც ემატებოდა, რომ ბევრს ვჭამდი;  ჩვეულებრივი ულუფა არ მყოფნიდა, ამიტომ დამატებით ფრის, ჰამბურგერს და დიდი ჭიქით წვენს ვუკვეთავდი. მთელ ფულს, რაც ჯიბეში მქონდა, იქ ვხარჯავდი.

რამ შეგიცვალა აზროვნება?

22—23 წლის ასაკში ჩემს ჯანმრთელობაზე სერიოზულად დავფიქრდი. ძალიან მსუქანი ვიყავი. მოუქნელი და ზანტი გავხდი, საკუთარი თავის რწმენაც დაკარგული მქონდა. მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა.

როგორ შეძელი საკუთარი თავის კონტროლი?

ცვლილებებს ნელ-ნელა ვახდენდი. პირველ რიგში, რაოდენობა შევამცირე. ვეუბნებოდი ჩემს თავს: „კარგი გეყოფა, ბოლოჯერ არა ჭამ საჭმელს!“. ზოგჯერ ვდგებოდი მაგიდიდან და გარეთ გავდიოდი. ეს ადვილი არ იყო, მაგრამ მიხაროდა, როცა თავს ვერეოდი.

მოგიწია რადიკალური ცვლილებების მოხდენა?

ზოგიერთ რამეზე საერთოდ უარი ვთქვი, მაგალითად, წვენებზე; ვსვამდი მარტო წყალს. ძნელი იყო; წვენები სიგიჟემდე მიყვარდა. წყალს ვერ ვიტანდი. ცოტა წყალს რომ დავლევდი, ერთ-ორ ყლუპ წვენს მივაყოლებდი ხოლმე გემოსთვის. თანდათან შემიყვარდა წყალი.

გარდა იმისა, რომ უარი თქვი არაჯანსაღ საკვებზე, კიდევ რა გააკეთე?

უკეთესით ჩავანაცვლე. დავიწყე ხილით — ვაშლით, ბანანით, მარწყვით, მოცვით, ჟოლოთი და ნესვით. ცხოველური ცილებისთვის ქათმის ხორცსა და თევზს ვჭამდი. დროთა განმავლობაში შემიყვარდა ეს საჭმელები. ძირითადად ბოსტნეულს ვიღებდი. დავაკვირდი, რომ ჭამიდან ჭამამდე ჯანსაღი წახემსება მეხმარებოდა იმაში, რომ როცა საჭმელს მივუჯდებოდი, ბევრი აღარ მეჭამა. ძველებურად უკვე აღარ ვგიჟდებოდი არაჯანსაღ საკვებზე.

გარეთ საერთოდ აღარ ჭამ?

როგორ არა, ზოგჯერ გარეთაც ვჭამ. უბრალოდ ვაკონტროლებ, რამდენს ვჭამ. თუ ულუფა, რომელსაც მომიტანენ დიდია, ჭამამდე ვყოფ და ნახევარს პარკში ვდებ. ეს მეხმარება ზომიერად ვჭამო. აღარც სინდისი მაწუხებს, რადგან ვიცი, რომ საჭმელი არ გადაიყრება.

რა სარგებლობა მოგიტანა ცვლილებების მოხდენამ?

წონაში დავიკელი და ენერგიაც მომემატა. თავს უკეთესად ვგრძნობ. ყველაზე მეტად რაც მახარებს ის არის, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვით ღმერთს განვადიდებ, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა (ფსალმუნი 36:9). ადრე ვფიქრობდი, რომ კვების გაკონტროლება რთული და მოსაწყენი იყო, მაგრამ ახლა აბსოლუტურად განსხვავებული აზრი მაქვს. *

^ აბზ. 2 ექსპერტების თქმით, მათ შემთხვევაში, ვისაც ბავშვობაში აწუხებთ ჭარბი წონის პრობლება, 70%-ით მეტია იმის ალბათობა, რომ ზრდასრულობის ასაკშიც შეაწუხებთ ეს დაავადება.

^ აბზ. 20 ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ რეკომენდაციას არ უწევს რომელიმე სახის დიეტას. გულდასმით გამოკვლევისა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ყველამ პირადად უნდა გადაწყვიტოს კვებასთან დაკავშირებული საკითხები. მოერიდეთ ისეთ გავრცელებულ დიეტებს, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა თქვენს ჯანმრთელობას.