ჯანმრთელობა
თუ გინდა, რომ სკოლაშიც წარმატებული იყო და ზოგადად ნორმალური ცხოვრებითაც იცხოვრო, ჯანმრთელობას უნდა მიაქციო ყურადღება.
ჩვენი სხეული და ზოგადად სიცოცხლე ღმერთმა მოგვცა და რა თქმა უნდა, მას მოფრთხილება სჭირდება (ფსალმუნი 139:14). დავუშვათ, გყავს მანქანა. რა მოუვა მას, თუ არ მოუვლი? ერთხელაც იქნება და სადღაც გაჩერდები. იმავეს თქმა შეიძლება შენს სხეულზეც. როგორ მოვლას საჭიროებს ის?
დასვენება.
არასაკმარისი ძილის შემთხვევაში ადამიანი ღონემიხდილია, გათიშული დადის, გონებაარეულია და შეიძლება დეპრესიაშიც კი ჩავარდეს. ამის საპირისპიროდ, სრულფასოვანი დასვენება ძალას და ენერგიას შეგმატებს. ეს ასევე ხელს უწყობს მოზარდის ფიზიკურ ზრდას, ტვინის უკეთესად მუშაობას, აძლიერებს იმუნიტეტს და ამაღლებს გუნება-განწყობილებას. თუ ძილს ამდენი სიკეთე მოჰყვება, ადექი და შენც დროზე დაიძინე!
რჩევა: თუ შესაძლებელია, ეცადე ერთი და იმავე დროს დაწვე დასაძინებლად.
კვება.
მოზარდობის წლებში ადამიანი სწრაფად იზრდება. ბიჭები 10 წლიდან მომდევნო 7 წლის განმავლობაში თითქმის ორჯერ იმატებენ წონაში. გოგონებიც სწრაფად იზრდებიან. სხეულის ზრდისთვის საჭიროა დიდი რაოდენობით „ნედლეული“ და ენერგია. ამიტომ შენს თავს დაუსვი შეკითხვა: კვებავ შენს ორგანიზმს სრულფასოვნად?
რჩევა: დილით საუზმის გარეშე ნუ გახვალ სახლიდან. თუ სკოლაში ნაჭამი წახვალ, უკეთესი კონცენტრირების და მახსოვრობის უნარი გექნება.
ვარჯიში.
ბიბლიაში წერია, რომ ვარჯიში სასარგებლოა ორგანიზმისთვის (1 ტიმოთე 4:8). ვარჯიში გაგიმაგრებს კუნთებსა და ძვლებს, შეგმატებს ძალას, შეგინარჩუნებს ნორმალურ წონას, გაგიუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, გაგიძლიერებს იმუნიტეტს, შეგიმსუბუქებს სტრესს და აგიმაღლებს გუნება-განწყობილებას. ამასთანავე, ზოგჯერ ვარჯიშის დროს შეგიძლია გაერთო და გახალისდე კიდეც.
დასკვნა. საკმარისი ძილი, სრულფასოვანი კვება და ზომიერი ვარჯიში — ეს ის საშუალებებია, რომლებიც ხელს შეუწყობს შენს ორგანიზმს, მუდმივად ფორმაში იყოს. ეს კი, თავის მხრივ, სკოლაში შენს სწავლაზეც აისახება. *
ნუ გადადებ. ჩამოწერე გონივრული სავარჯიშო გეგმა. შეადგინე ყოველთვიური გეგმა ძილთან და კვებასთან დაკავშირებით და პერიოდულად შეიტანე საჭირო ცვლილებები.
„როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, როდესაც სასეირნოდ მივდივარ, იქიდან ყოველთვის ენერგიით სავსე ვბრუნდები“ (ჯეისონი, ახალი ზელანდია).
„ღმერთმა საკვები იმიტომ შექმნა, რომ ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია. ამიტომ სერიოზულ ყურადღებას ვაქცევ, რას ვჭამ“ (ჯილი, შეერთებული შტატები).
„კვირაში სამჯერ დავრბივარ. კვირაში ორჯერ კი ველოსიპედით ვსეირნობ ან გარკვეულ მანძილს ფეხით გავდივარ. ვარჯიში ძალებს მმატებს და სტრესს მიხსნის“ (გრეისი, ავსტრალია).
^ აბზ. 9 თუ გსურს, მეტი გაიგო ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შეგიძლია წაიკითხო წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 1. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.