არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახლო ურთიერთობა იქონიეთ შვილებთან

ახლო ურთიერთობა იქონიეთ შვილებთან

ყოველთვის მზად იყავით მოსასმენად

„მივხვდი, რომ როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, აუცილებელია მოსმენა, მოსმენა და კიდევ ერთხელ მოსმენა“ (მირანდა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

პრობლემა.

„ჩემი პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩემს გოგონას დროს არ ვუთმობ, არამედ ის, რომ როცა მასთან ვარ, სულ ჩემს საქმეებზე ვფიქრობ“, — ამბობს ქრისტინა.

რჩევები.

შექმენით გარემო გულწრფელი საუბრებისთვის. ხუთი შვილის დედა, ელიზაბეთი ამბობს: „ვცდილობ, ჩემი შვილებისთვის სამაგალითო ვიყო. ისინი გულწრფელები არიან ჩემთან. შვილებს ყოველთვის იმისკენ მოვუწოდებ, რომ ერთმანეთთან ისაუბრონ და არასდროს წავიდნენ დასაძინებლად, სანამ ერთმანეთში უთანხმოებას არ მოაგვარებენ. მათ იციან, რომ არასდროს მოვუწონებ გაბუტვას; იციან, რომ უთანხმოების დროს აუცილებლად უნდა ისაუბრონ“.

თავიდან ნუ მოიშორებთ, მოუსმინეთ. „როცა ჩემი ბიჭი პატარა იყო, ენას არ აჩერებდა, სულ ლაპარაკობდა. მიჭირდა ყოველთვის მოსმენა და ვაჩუმებდი ხოლმე. — წერს ლიანი. — მოზარდობის ასაკში უკვე აღარაფერს მეუბნებოდა; მივხვდი, რომ სერიოზული შეცდომა დავუშვი. დიდი შრომა დამჭირდა, რომ ჩვენ შორის ჩატეხილი ხიდი როგორმე გამემთელებინა. ამაზე კრების ერთ-ერთ უხუცესს დაველაპარაკე. მან მირჩია, დავმშვიდებულიყავი და ნელ-ნელა ამეწყო საუბრები შვილთან. რჩევა გავითვალისწინე და მდგომარეობაც თანდათან გაუმჯობესდა“.

აუცილებელია მოთმინება. არის „დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“, — ნათქვამია ეკლესიასტეს 3:7-ში. სამი შვილის დედა დალსი ამბობს: „ბავშვები ყოველთვის არ იყვნენ ლაპარაკის ხასიათზე. თუმცა მათ იცოდნენ, რომ როცა დასჭირდებოდათ, ნებისმიერ დროს მზად ვიყავი მოსასმენად“. ბავშვს კი არ უნდა დააძალოთ თქვენთან ურთიერთობა, თბილად და მოთმინებით უნდა მიიზიდოთ თქვენკენ. ამას გვირჩევს ბიბლიაც: „კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია, გამჭრიახი კაცი ამოხაპავს მას“ (იგავები 20:5).

იყავი სწრაფი მოსმენაში და ნელი — სიტყვაში (იაკობი 1:19). ზემოთ მოხსენიებული ლიანი ამბობს: „მომიწია იმის სწავლა, რომ ენაზე კბილი დამეჭირა და ემოციები შემეკავებინა, როცა ჩემი შვილები თავიანთ პრობლემებზე მესაუბრებოდნენ. ისიც ვისწავლე, რომ მაშინვე არ მიმეცა რჩევები, სიმშვიდე შემენარჩუნებინა და წყნარად ამეხსნა, თუმცა ეს არ იყო ყოველთვის იოლი“. ორი ბიჭის დედა, ლისა ამბობს: „ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის გულისყურით ვუსმენ ჩემს ბიჭებს. ზოგჯერ მათი პრობლემები ზედმეტად უმნიშვნელო მეჩვენება. ამაზე ნამდვილად მჭირდება მუშაობა“.

 „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს“ (კოლოსელები 4:6). „საუბარი რომ არ შეწყვეტილიყო, — ამბობს ლიანი — ყველანაირად ვცდილობდი, სიმშვიდე შემენარჩუნებინა და თავი შემეკავებინა მაშინაც კი, როცა საქმე სერიოზულად იყო“.

თუ სიმშვიდეს არ შეინარჩუნებთ, მწყობრიდან გამოხვალთ და ყვირილს დაიწყებთ, შეიძლება ყველაფერი გააფუჭოთ (ეფესოელები 4:31). ასეთ დროს ურთიერთობა წყდება და პრობლემა უფრო უარესდება. „ბავშვი ზღვის ნიჟარასავითაა. როცა თბილად და სიყვარულით ელაპარაკები, იხსნება. ხოლო თუ უყვირი და ამცირებ, იკეტება და კომუნიკაციაც წყდება. ეს მაგალითი რომ ყოველთვის თავში მქონდეს, მაცივარზე გახსნილი ზღვის ნიჟარას სურათი მაქვს მიკრული“, — ამბობს ჰაიდი, რომელსაც მოზარდი გოგონა ჰყავს.

თქვენს შვილს კარგად უნდა იცნობდეთ. შესავალ სტატიაში მოხსენიებული ჟასმინი ამბობს: „ჩემი ბიჭები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ერთს ძალიან უყვარს ლაპარაკი, მეორე ისეთი წყნარია, ხმას ვერ ამოაღებინებ. მეორე ბიჭთან ურთიერთობის დროს არ გამოდის სათქმელის პირდაპირ თქმა. ყველაზე კარგად რჩევა-დარიგებებს მაშინ იღებს, როდესაც ჭადრაკს ან სხვა თავის საყვარელ თამაშს ვეთამაშები, ანდა კიდევ, როდესაც თავის საყვარელ თემაზე საუბრობს. ამ დროს ტაქტიანად ვიგებ მის აზრს“.

მაგრამ ზოგჯერ უხერხული სიტუაცია მაშინ იქმნება, როდესაც ბიჭს დედასთან მეტად პირადულ საკითხებზე უწევს ლაპარაკი. ერთხელ მისაოს მისმა მოზარდმა ბიჭმა ასეთი სიტყვები უთხრა: „შენ უბრალოდ ვერ მიგებ“. მისაომ გადაწყვიტა დახმარება კრებაში ერთი გამოცდილი ძმისთვის ეთხოვა. „ეს ადამიანი ჩემი შვილის სანდო მრჩეველი გახდა და ახლა ჩემი ბიჭი თავს უკეთესად გრძნობს“, — ამბობს მისაო.

ნუ აურევთ მშობლისა და მეგობრის როლს ერთმანეთში. „ჩემი მოზარდი გოგონა ჩემი მესაიდუმლე იყო, — ამბობს ორი შვილის დედა, ივოუნა — მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ეს არ იყო სწორი, შეცდომა მაინც დავუშვი და ახლა მიწევს მისი გამოსწორება“. კარგია, როცა შვილთან თბილი ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ მშობელი ხართ და შვილისთვის ავტორიტეტს უნდა წარმოადგენდეთ. როდესაც ღირსეულად იქცევით და აჩვენებთ შვილს თქვენს მოწიფულობას და სიმტკიცეს, უადვილებთ მას თქვენდამი პატივისცემის გამოვლენას და შემდეგი ბიბლიური რჩევის მიყოლას: „ბავშვებო, დაუჯერეთ თქვენს მშობლებს“ (ეფესოელები 6:1, 2).

„გიყვარდეთ შვილები“ (ტიტე 2:4). ბავშვებს სიყვარული ჰაერივით სჭირდებათ. ამიტომ ხშირად უთხარით, რომ გიყვართ და ეს საქმითაც დაუმტკიცეთ! ამგვარად ისინი მარტო უსაფრთხოდ კი არ იგრძნობენ თავს, არამედ უფრო გაიხსნებიან თქვენთან და უფრო მეტადაც დაგემორჩილებიან.