არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

გერმანიაში 2010 წელს ბავშვების 33% უკანონოდ დაიბადა მაშინ, როცა 1993 წელს ეს მაჩვენებელი 15%-ს შეადგენდა (ÄRZTE ZEITUNG და THE LOCAL, გერმანია).

2010 წლის ოფიციალური მონაცემებით, შეერთებულ შტატებში ბავშვების 69,4% ცხოვრობდა დედ-მამასთან, 23,1% — მარტოხელა დედასთან, 3,4% — მამასთან, 4,1% კი მშობლების გარეშე იზრდებოდა (შეერთებული შტატების მოსახლეობის აღწერის ბიურო).

2011 წელს სტიქიურმა უბედურებებმა გლობალური ეკონომიკა 380 მილიარდი დოლარით დააზარალა. სტიქიურ უბედურებათა შორის კაცობრიობის ისტორიაში „ყველაზე დიდი ზარალი (210 მილიარდი დოლარი) მოჰყვა იაპონიაში მომხდარ მიწისძვრას. ამაში არ შედის ფუკუსიმაში მომხდარი ბირთვული აფეთქების შედეგად მიღებული ზარალი“ (NEW SCIENTIST, ბრიტანეთი).

მსოფლიოში მოპარულ საკვებ-პროდუქტთა შორის პირველ ადგილზეა ყველი. მსოფლიო ბაზრებსა და სავაჭრო ცენტრებში არსებული ყველის მარაგის 3% ყოველწლიურად იკარგება. ძირითადად ყველს იპარავენ მაღაზიის ქურდები და მაღაზიის თანამშრომლები (CENTRE FOR RETAIL RESEARCH, ბრიტანეთი).

რა საფრთხე ახლავს თან ბურთის თავით თამაშს?

თავით თამაში ფეხბურთის დროს ჩვეულებრივი რამაა. მაგრამ ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევებისას, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა დიაგნოსტიკის წარმოსახვითი კომპიუტერული მეთოდი და სპეციალური ფსიქოლოგიური (კოგნიტური) ტესტები, შემაშფოთებელი შედეგები დაფიქსირდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამხელა საშიშროებას წარმოადგენს ბურთისთვის თავის დარტყმა რამდენჯერმე. „ალბერტ აინშტაინის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტში“ (აშშ) მოღვაწე მკვლევრების თქმით, ეს „ზრდის ტვინის ტრავმის რისკს და აქვეითებს გონებრივ შესაძლებლობებს“. დაკვირვების შედეგად მსგავსი ტრავმა აღენიშნათ იმ მოყვარულ მოთამაშეებს, რომლებიც წელიწადში 1 000—1 500-ჯერ ურტყამდნენ ბურთს თავს. „ამ რაოდენობის დარტყმებს პროფესიონალი ფეხბურთელი მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში ასრულებს“.

ჰიბრიდული ავტომობილი ქვეითად მოსიარულეთათვის უფრო სახიფათო აღმოჩნდა

„იურისტთა კავშირებმა წამოჭრეს საკითხი, თუ რამდენად უსაფრთხოა ჰიბრიდულ-ელექტრონული ავტომობილები (HEV) ქვეითად მოსიარულეთათვის. ამის მიზეზი არის ის, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით, ასეთი ავტომობილები უხმაუროდ მოძრაობენ და ქვეითად მოსიარულენი და ისინი, ვინც ველოსიპედით დადიან, ვერ გრძნობენ მანქანის მოახლოებას“, — ნათქვამია შეერთებული შტატების სატრანსპორტო განყოფილების ანგარიშში. და მართლაც, სხვა ჩვეულებრივ ავტომობილებთან შედარებით „ჰიბრიდულმა ავტომობილებმა ორჯერ მეტი ქვეითად მოსიარულე დააზარალეს“, — აღნიშნული იყო იმავე ანგარიშში. „გზებზე უსაფრთხო მოძრაობის ეროვნული ადმინისტრაცია“ გამოვიდა ინიციატივით, რომლის თანახმადაც, ჰიბრიდულმა და ელექტრონულმა ავტომობილებმა უნდა გამოსცენ გარკვეული ხმა დაბალი სიჩქარით მოძრაობისას.