არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ბიბლიის თვალსაზრისი

უნდა იწონებდეს ადამიანი თავს საკუთარი ქონებით?

უნდა იწონებდეს ადამიანი თავს საკუთარი ქონებით?

«ცნობილი დიზაინერის ტანსაცმელში გამოწყობამ და ცნობილი ბრენდის აქსესუარის მორგებამ ადამიანს შეიძლება ღირსების გრძნობა აუმაღლოს და იმის საჩვენებლად, რომ თითქოს რაღაცას წარმოადგენს, გულში თქვას: „შემომხედეთ, რა მარკის ტანსაცმელი მაცვიაო“» (ჩეიტორ მასონი, ფსიქოლოგი).

სხვები რომ მოხიბლოს, ზოგი ცნობილი დიზაინერების ტანსაცმელს ატარებს ან ძვირადღირებულ და მოდურ ნივთებს ყიდულობს. მაგალითად, ერთ აზიურ ქვეყანაში „ახლად გამდიდრებულები ყიდულობენ ძვირადღირებულ ნივთებს, იქნება ეს ფრანგული ჩანთები თუ იტალიური სპორტული მანქანები. ამასთანავე გავრცელდა სიმდიდრით ტრაბახის ტენდენციაც“ (გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“).

ცხადია, ცუდი არაფერია იმაში, რომ კაცი თავისი ნაშრომით დატკბეს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყოველმა კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში. ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია“ (ეკლესიასტე 3:13). მაგრამ რამდენად სწორია ქონებით ტრაბახი და სხვებისთვის თავის მოწონება?

„მდიდარს ბევრი მეგობარი ჰყავს“

როგორ ადამიანს გაუჩნდება ისეთ პიროვნებასთან დამეგობრების სურვილი, ვინც თავს მდიდარ ადამიანად წარმოაჩენს და თავისი ქონებით იკვეხნის? შემდეგ ბიბლიურ გამონათქვამში კარგად ჩანს კაცის ბუნება: „ღარიბი თავის მოძმესაც კი სძულს, ხოლო მდიდარს ბევრი მეგობარი ჰყავს“ (იგავები 14:20).

ამ გამონათქვამში ასეთი აზრი დევს: მდიდარი კაცის მეგობრები ხშირ შემთხვევაში სიმდიდრის მეგობრები უფრო არიან, ვიდრე ამ ადამიანის. მათი ეგრეთ წოდებული მეგობრობა ანგარებას ეფუძნება, ისევე როგორც მათი ტკბილი და საამო საუბრები. ბიბლია ასეთ საუბრებს პირფერობას და „შენიღბულ სიხარბეს“ უწოდებს (1 თესალონიკელები 2:5).

ამიტომ ჰკითხე საკუთარ თავს: როგორი მეგობრები მინდა მყავდეს? ისეთები, რომელთაც ჩემი ქონება უყვართ თუ ისეთები, რომელთაც მე ვუყვარვარ? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ჩვენ საქციელზე დიდად არის დამოკიდებული ის, თუ ვის მოვეწონებით სამეგობროდ.

„სიბრძნე მოკრძალებულებთანაა“

ძველი ისრაელის მეფის, ხიზკიას ცხოვრებიდან კარგად გამოჩნდა ის, თუ კიდევ რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს სიმდიდრით თავის მოწონებას. ერთხელ მეფე ხიზკიამ ბაბილონელ დიდებულებს აჩვენა „ყველაფერი, რაც მის საგანძურში იყო“. ამხელა სიმდიდრემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მეფის სტუმრებზე. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება მათ შეშურდათ კიდეც მისი. მათი წასვლის შემდეგ ხიზკიას ღვთის წინასწარმეტყველმა ესაიამ უთხრა: „დადგება დრო, როცა ყველაფერს, რაც შენს სახლშია . . . ბაბილონში წაიღებენ. არაფერს დატოვებენ“. ეს ზუსტად ასე მოხდა. წლების შემდეგ ბაბილონელები იერუსალიმში დაბრუნდნენ და ყველა სიმდიდრე, რაც ხიზკიას ოჯახს ეკუთვნოდა, ბაბილონში გაზიდეს (2 მეფეები 20:12—17; 24:12, 13).

დღესაც, მან ვისაც თავისი სიმდიდრით საქვეყნოდ მოაქვს თავი, შეიძლება ყველაფერი დაკარგოს ან ყველაფერი თუ არა, რაღაც მაინც. მექსიკის დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევით ანგარიშში აღნიშნული იყო: „ის, ვინც სიმდიდრით თავს იწონებს, მაგნიტივით იზიდავს მეხიკოს ქურდებს. ძვირფასი სამკაულები, საათები და საფულეში ბევრი ფული  არასასურველ ყურადღებას იპყრობს“. მართლაც გონივრულია, გავითვალისწინოთ ბიბლიის რჩევა და არ ვიტრაბახოთ საკუთარი სიმდიდრით (იერემია 9:23). „სიბრძნე მოკრძალებულებთანაა“, — ვკითხულობთ იგავების 11:2-ში.

„სული ეძებე ადამიანში . . .“

ნუ იქნებით პატივმოყვარე და ნუ გექნებათ „შემომხედეთ, რა მაგარი ვარ“ განწყობა საკუთარ თავზე. მოკრძალებული და თავმდაბალი ადამიანი აფასებს სხვების დადებით თვისებებს და მათ ძლიერ მხარეებს. ფილიპელების 2:3-ში ნათქვამია: „ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად“. გალატელების 5:26-ში კი ვკითხულობთ: „ნუ გავხდებით პატივმოყვარენი, ნუ შევეჯიბრებით და შურის თვალით ნუ შევხედავთ ერთმანეთს“.

ღვთიური სიბრძნის მქონეთ კარგად უწყიან, რომ ნამდვილი მეგობრობის საფუძველი უანგარობა და ურთიერთპატივისცემაა. ასეთი მეგობრები ერთმანეთის ჯიბეში არ იყურებიან. დროთა განმავლობაში მათი ურთიერთობა უფრო ძლიერდება და მტკიცდება. იგავების 17:17-ში ნათქვამია: „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია“. ამ ყველაფერთან ერთად, გონიერი ადამიანი იმისკენ ისწრაფვის, რომ ღმერთს აამოს. მან იცის, რომ გარეგნული მონაცემებით ღმერთზე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს, რადგან ღმერთი „შინაგან ადამიანს“ აფასებს (1 პეტრე 3:4). ამიტომაც ბევრს მუშაობს, რომ შეიძინოს მიმზიდველი თვისებები და, როგორც ბიბლია ამბობს, შეიმოსოს „ახალ პიროვნებად“ (ეფესოელები 4:24). ზოგიერთი ეს თვისება მიქას 6:8-შია მოხსენიებული: „რას ითხოვს იეჰოვა შენგან, თუ არა სამართლის ქმნას, სიკეთის სიყვარულსა და მოკრძალებულად სიარულს შენს ღმერთთან ერთად?!“.

დღევანდელ ქვეყნიერებაში მოკრძალება ნამდვილად არ ფასობს, რაც არ უკვირთ ბიბლიაში ჩახედულ ადამიანებს. ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დღეებში ადამიანები იქნებოდნენ „ხარბები, ტრაბახები, თავმომწონეები . . . და სიამაყით სავსენი“ (2 ტიმოთე 3:1—5, Good News Bible). ასეთ სოციალურ გარემოში მცხოვრები მკვეხარა ადამიანები თავს კარგად გრძნობენ. თუმცა ღმერთი გვირჩევს, ასეთებისგან თავი შორს დავიჭიროთ, რომ მათნაირები არ გავხდეთ.

ვის აირჩევდით მეგობრად: ვისაც თქვენი ქონება უყვარს, თუ ვისაც თქვენ უყვარხართ?