რა ხდება მსოფლიოში?
«2004 წლიდან „Google“-ის საძიებო სისტემაში სამჯერ მეტი რაოდენობით იწერება სიტყვა porn (პორნოგრაფია)» („ეკონომისტი“, ბრიტანეთი).
„რუსეთში, როცა ქალი თხოვდება . . . 60 პროცენტია იმის ალბათობა, რომ ის ქმრის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდება“ (MOSKOVSKIYE NOVOSTI, რუსეთი).
„გაერთიანებულ სამეფოში შვიდიდან ერთი მკვლევარი ან ექიმი გამხდარა იმის მოწმე, რომ მისი კოლეგები განზრახ ცვლიან ან აყალბებენ თავიანი კვლევის შედეგებს უკეთესი ანგარიშის გამოქვეყნების მიზნით“ (BRITISH MEDICAL JOURNAL, ბრიტანეთი).
„1971 წლიდან მოყოლებული დღემდე შეერთებულ შტატებში გაოთხმაგდა კიბოთი დაავადებულთა განკურნების შემთხვევები (დაახლოებით 12 მილიონი) . . . მიზეზი სკრინინგის (მიკროსკოპული გამოკვლევა) მეშვეობით დაავადების ადრეულ სტადიაზევე გამოვლინება, ეფექტური მკურნალობა და გაუმჯობესებული რეაბილიტაციის მეთოდები გახლავთ“ (UC BERKELEY WELLNESS LETTER, შეერთებული შტატები).
2011 წელს შობის წინა დღეებში ბეთლემში შობის ეკლესიაში შეტაკება მოხდა დაახლოებით 100 მღვდელსა და ბერ-მონაზონს შორის. „ეს არ იყო სერიოზული პრობლემა . . . ასეთი რამ ყოველ წელს ხდება, — აღნიშნა პოლიციის ერთ-ერთმა ვიცე-პოლკოვნიკმა. — არც ერთი მათგანი არ დაგვიკავებია, რადგან ყველანი ღვთის მსახურები იყვნენ“ (REUTERS NEWS SERVICE, შეერთებული შტატები).
აფრიკაზე გამავალი დიდი მწვანე კედელი
2007 წელს აფრიკის კავშირის მიერ წამოწყებული პანაფრიკული პროექტის მიზანია უდაბნოში დიდი მწვანე კედლის გაშენება. დასავლეთით სენეგალიდან აღმოსავლეთით ჯიბუტიმდე 11 ქვეყნის მოსახლეობა რგავს მილიონობით შესაფერის ნარგავს, რათა შექმნან 7 600 კილომეტრი სიგრძისა და 15 კილომეტრი სიგანის მცენარეული საფარი. „ჩვენ ისეთ მცენარეებს არ ვრგავთ, რომლებიც ხე-ტყის მასალისთვის გამოდგება“, — ამბობს დაკარის (სენეგალი) ჩეიხ ანტა დიოპის უნივერსიტეტში მოღვაწე პროფესორი ალიუ გიესა. იმედია, ტყის საფარი ბუნებრივი საფარის მოვალეობასაც შეასრულებს და ადგილობრივი მოსახლოებაც დიდად ისარგებლებს.
რატომ ვამთქნარებთ?
მეცნიერებს ვერ აუხსნიათ ის, თუ რატომ ამთქნარებს პლანეტაზე აბსოლუტურად ყველა ადამიანი — ხშირ შემთხვევაში დღეში რამდენჯერმე. თქვენ წარმოიდგინეთ, დედის მუცელში მყოფი ბავშვიც კი ამთქნარებს. თურმე ამთქნარებენ ზღარბებიც, სირაქლემებიც, გველებიც და თევზებიც. ამ საკითხზე უამრავი თეორია არსებობს, ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი, თუმცა მეცნიერები ვერც ერთ მათგანს ვერ ეყრდნობიან ბოლომდე. ბევრი მკვლევარი აცხადებს, რომ ჰაერის ეს ხარბი ჩასუნთქვა, რომელიც საშუალოდ ექვსი წამი გრძელდება, ტვინის ჟანგბადით გამდიდრებას ემსახურება. თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ „ეს თეორია ჯერ-ჯერობით პრაქტიკულად არ არის დადასტურებული“, — აცხადებს სამეცნიერო ჟურნალი Science News. ვირთხებზე ჩატარებულმა უახლესმა ცდებმა აჩვენა, რომ შესაძლოა „მთქნარება გადახურებული ტვინის გაგრილებას ემსახურებოდეს“. მაგრამ სიმართლე ჯერ-ჯერობით დაუდგენელია.