რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი
როგორ შეგიძლიათ გამონახოთ საერთო ენა შვილებთან?
პრობლემა
როცა პატარა იყო, ენას არ აჩერებდა, სულ გელაპარაკებოდათ; წამოიზარდა და ხმას საერთოდ აღარ იღებს, არაფერს გეუბნებათ. თუ საუბარს წამოიწყებთ, მოკლე პასუხებს გცემთ ან საუბარი კამათში გადაჰყავს და სახლი ბრძოლის ველს ემსგავსება.
თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ურთიერთობა თქვენს მოზარდთან! მაგრამ ჯერ პრობლემის გამომწვევ ორ მიზეზზე ვისაუბროთ. *
რატომ ხდება გაუგებრობები
თავისუფლების ძიება. პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანად რომ ჩამოყალიბდეს, ხატოვანი ენით რომ ვთქვათ, მოზარდმა თანდათანობით მგზავრის სავარძლიდან მძღოლის სავარძელში უნდა გადაინაცვლოს და ცხოვრების რთულ გზებზე სიარული ისწავლოს. ზოგიერთ მოზარდს იმაზე მეტი თავისუფლება სურს, ვიდრე საჭიროა; თუმცა ზოგს საჭიროზე მეტად ზღუდავენ მშობლები. ასეთმა შეუთავსებლობამ შესაძლოა ოჯახში დიდი დავიდარაბა გამოიწვიოს. „ჩემი მშობლები ყოველ ფეხის ნაბიჯს მიკონტროლებენ. თუ ცოტა მეტ თავისუფლებას არ მომცემენ, როგორც კი 18 წლის გავხდები, წავალ სახლიდან“, — ასე გამოთქვამს თავის უკმაყოფილებას 16 წლის ბრედი. *
თვალსაწიერის გაფართოება. პატარა ბავშვები საკმაოდ რადიკალურად აზროვნებენ. მაგრამ ზრდასთან ერთად უფართოვდებათ თვალსაწიერი და უფრო რაციონალურად იწყებენ აზროვნებას. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარეა, რაც ახალგაზრდას განსჯის უნარის განვითარებაში ეხმარება. მოვიყვანოთ მაგალითი: პატარა ბავშვისთვის სამართლიანობის ცნება საკმაოდ მარტივია: „დედამ ნამცხვარი ორ ნაწილად გაყო, ერთი მე მომცა, ერთი — ჩემს ძმას“. ამ შემთხვევაში ბავშვისთვის სამართლიანობა უბრალოდ მათემატიკური ფორმულაა და მეტი არაფერი. თუმცა მოზარდი ცოტა სხვანაირად ფიქრობს. მისთვის სამართლიანობა არ ნიშნავს ყოველთვის თანასწორობას და თანასწორობა არ ნიშნავს ყოველთვის სამართლიანობას. სწორედ თვალსაწიერის გაფართოება ეხმარება მოზარდს, ჩასწვდეს ასეთ საკითხებს და ჩამოუყალიბდეს საკუთარი აზრი. თუმცა ამ დროს მეტია იმის ალბათობა, რომ ის მშობლის აზრსაც შეეწინააღმდეგოს.
როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ
გქონდეთ მეგობრული საუბრები შვილთან. გამოიყენეთ არაფორმალური სიტუაციები. მაგალითად, ზოგიერთი მოზარდი მშობელთან გულს მაშინ ხსნის, როცა ისინი სახლის საქმეებს ერთად აკეთებენ ან როცა ერთად მგზავრობენ მანქანით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა გვერდიგვერდ სხედან და არა პირისპირ (ბიბლიური პრინციპი: კანონი 6:6, 7).
მოკლედ უთხარით. ყველაფერზე ნუ შეეკამათებით. სათქმელი მოკლედ თქვით . . . და გაჩერდით. ნუ იფიქრებთ, რომ ის ამ დროს არ გისმენთ. მოგვიანებით, როცა მარტო იქნება, აუცილებლად დაფიქრდება თქვენს ნათქვამზე. მიეცით მას ამის საშუალება (ბიბლიური პრინციპი: იგავები 1:1—4).
მოუსმინეთ და სიტუაციებს მოერგეთ. ყურადღებით უსმინეთ, ნუ შეაწყვეტინებთ საუბარს. ასე უფრო სრულად გაარკვევთ პრობლემის არსს. პასუხის გაცემისას გონიერება გამოიჩინეთ. თუ ზედმეტად მკაცრად მიჰყვებით დადგენილ წესებს, თქვენი შვილი სხვა გზებით ეცდება თავისის გატანას, თანაც ისე, რომ სასჯელისგანაც დაიძვრინოს თავი. „ამ დროს ახალგაზრდა გაორებული ცხოვრებით ცხოვრობს. ამბობს ერთს, რის მოსმენაც მშობლებს ესიამოვნებათ, მაგრამ როგორც კი თვალს მოეფარება, აკეთებს მეორეს, იმას, რაც თავად სურს“, — აღნიშნულია წიგნში „შეინარჩუნეთ ახლო ურთიერთობა თქვენს მოზარდთან“ (ბიბლიური პრინციპი: ფილიპელები 4:5).
შეინარჩუნეთ სიმშვიდე. „როდესაც მე და დედა რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით, ყველა ჩემი სიტყვა სწყინს, — ამბობს კარი. — ეს მაღიზიანებს და საბოლოოდ საუბარი კამათში გადადის“. იმის მაგივრად, რომ მდგომარეობიდან გამოხვიდეთ, ეცადეთ, ისეთი რამ უთხრათ თქვენს შვილს, რითაც მიხვდება, რომ გესმით მისი. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ, „არაფერია ამაში სანერვიულო“, უმჯობესი იქნება, თუ ეტყვით: „ვხედავ, როგორ გაღელვებს ეს საკითხი“ (ბიბლიური პრინციპი: იგავები 10:19).
უხელმძღვანელეთ, ნუ უკარნახებთ. მოზარდის განსჯის უნარი კუნთებივითაა, მას ვარჯიში და განვითარება სჭირდება. ასე, რომ, როცა რაიმე პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, თქვენ ნუ „ივარჯიშებთ“ მის მაგივრად. იმსჯელეთ ერთად და მიეცით საშუალება, საკუთარი აზრი გამოთქვას, თუ როგორ შეიძლება არსებული პრობლემის გადაჭრა. შემდეგ თქვენი ვერსიებიც შესთავაზეთ და უთხარით: „როგორც ხედავ, ამ პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზა არსებობს. იფიქრე ერთი-ორი დღე, მერე მითხარი, რომელი ვარიანტი აირჩიე და რატომ“ (ბიბლიური პრინციპი: ებრაელები 5:14).