არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის თვალსაზრისი

პორნოგრაფია

პორნოგრაფია

გმობს ბიბლია პორნოგრაფიას?

„ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5:28).

რატომ ღირს დაფიქრება.

დღეს, ისე როგორც არასდროს, პორნოგრაფია პოპულარული და ხელმისაწვდომია ყველასთვის. თუ გსურთ, რომ ღმერთს ასიამოვნოთ და ბედნიერი იყოთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, ღვთის თვალსაზრისი ამ საკითხზე.

რას ამბობს ბიბლია.

ბიბლიაში კონკრეტულად სიტყვა პორნოგრაფია არ გვხვდება. თუმცა ბევრი ბიბლიური პრინციპი აშკარად ეწინააღმდეგება პორნოგრაფიას.

მაგალითად, ბიბლია გასაგებად ამბობს, რომ თუ დაქორწინებული კაცი იმ „ქალს უყურებს“, ვისზეც არ არის დაქორწინებული და მასთან სქესობრივი ურთიერთობის დამყარების სურვილი აღეძვრება, ამან შეიძლება მას მრუშობა ჩაადენინოს. ამ მუხლში ჩადებული პრინციპი საყურადღებოა ყველასთვის — როგორც დაქორწინებულებისთვის, ისე დაუქორწინებლებისთვის — ვინც პორნოგრაფიას იმ მიზნით უყურებს, რომ სქესობრივი უზნეობა ჩაიდინოს. ასეთი საქციელი შეურაცხყოფს ღმერთს.

მაშინაც დაუშვებელია პორნოგრაფიის ყურება, თუ მას არ მოჰყვება უზნეობის ჩადენა?

„ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, მავნებელი სურვილები და სიხარბე“ (კოლოსელები 3:5).

რას ამბობს ხალხი.

ზოგი მკვლევარი გამორიცხავს იმ აზრს, რომ არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი კავშირი პორნოგრაფიის ყურებასა და მრუშობას შორის. და მაინც, ითვლება თუ არა თავად პორნოგრაფიის ყურება უზნეობად?

რას ამბობს ბიბლია.

ბიბლიაში ნათქვამია, რომ „უწმაწური ხუმრობა“ მიუღებელია ღვთისთვის (ეფესოელები 5:3, 4). ნუთუ პორნოგრაფია უწმაწურ ხუმრობაზე უკადრისი საქციელი არ არის? პორნოგრაფიის ყურებაში იგულისხმება უზნეობის ამსახველი რეალური სცენების ყურება, მათ შორის ჰომოსექსუალური და სხვა სახის უწმინდური სცენების. ცხადზე ცხადია, რომ ასეთი ავხორცული უზნეო კადრების ყურება უფრო მეტად შეურაცხყოფს ღმერთს, ვიდრე უწმაწური საუბარი!

დავა იმ საკითხზეც მიმდინარეობს, მოსდის თუ არა ადამიანს თავში სექსუალური ფანტაზიები პორნოგრაფიის ყურების შემდეგ. მაგრამ ბიბლია ცალსახად უჭერს მხარს იმ აზრს, რომ პორნოგრაფია ანგრევს ადამიანის სულიერობას და ძალიან შეურაცხყოფს ღმერთს. ბიბლია ასეთ გაფრთხილებას იძლევა: „ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, ვნება“ (კოლოსელები 3:5). ის, ვინც პორნოგრაფიას უყურებს, უფრო იღვივებს ხორციელ სურვილებს, ნაცვლად იმისა, რომ ჩაკლას.

როგორ შეიძლება პორნოგრაფიის ყურების მავნე ჩვევის დაძლევა?

„კარგი ეძებეთ და არა ცუდი . . . შეიძულეთ ის, რაც ცუდია და შეიყვარეთ ის, რაც კარგია“ (ამოსი 5:14, 15).

რას ამბობს ბიბლია.

ბიბლია საუბრობს ადამიანებზე, რომლებმაც მიატოვეს უზნეო საქციელი, ლოთობა, ქურდობა და გამოსწორდნენ (1 კორინთელები 6:9—11). როგორ? ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ბრძნული რჩევების შეწევნით მათ შეძლეს და შეიძულეს ის, რაც ცუდია.

პორნოგრაფიის შეძულება ნამდვილად შეიძლება, თუ სერიოზულად ვიფიქრებთ იმ საზიანო შედეგებზე, რაც მის ყურებას მოაქვს. იუტას შტატის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ერთი კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ზოგი, ვინც პორნოგრაფიას უყურებს, „დეპრესიისგან იტანჯება, საზოგადოებას გაურბის, უფუჭდება ურთიერთობები“ და სხვა სამწუხარო შედეგებს იმკის. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასე მოქმედნი ღმერთს შეურაცხყოფენ, რაც კიდევ უფრო მეტად საზიანოა. პორნოგრაფია შემოქმედისგან გვაშორებს!

ბიბლია იმასაც გვასწავლის, თუ როგორ შევიყვაროთ ის, რაც კარგია. რაც უფრო ხშირად ვიკითხავთ ღვთის სიტყვას, მით მეტად გაგვიღვივდება ღვთის ზნეობრივი პრინციპებისადმი სიყვარული. სწორედ ეს სიყვარული დაგვეხმარება, სიმტკიცე გამოვავლინოთ მაშინ, როცა პორნოგრაფიის ყურების ცდუნების წინაშე დავდგებით. მაშინ ჩვენც ამ სიტყვების დამწერივით გადაჭრით ვიტყვით: „უვარგისს არაფერს დავიყენებ თვალწინ“ (ფსალმუნი 101:3).