არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 რჩევები ოჯახებს | ქორწინება

როგორ გადავეჩვიოთ გაბუტვას

როგორ გადავეჩვიოთ გაბუტვას

პრობლემა

რატომ ხდება, რომ ცოლ-ქმარი, რომლებმაც სიყვარულის აღთქმა დადეს, იქამდე მიდიან, რომ საათობით ან ზოგჯერ დღეების განმავლობაში არ ელაპარაკებიან ერთმანეთს? ისინი თავს ასე იმშვიდებენ: „ბოლოს და ბოლოს აღარ ვჩხუბობთ“. მაგრამ პრობლემა მაინც პრობლემად რჩება და არც ერთი არ არის ბედნიერი.

რატომ ხდება

სამაგიეროს გადახდა. ზოგი იმიტომ იბუტება, რომ მეუღლეს სამაგიერო გადაუხადოს. დაუშვათ, ქმარმა ცოლთან შეთანხმების გარეშე შეადგინა შაბათ-კვირის გეგმა. როდესაც ცოლი ამის შესახებ იგებს, ბრაზდება და ქმარს ეუბნება, რომ ის უყურადღებოა და მას ანგარიშს არ უწევს. ქმარი კი პასუხობს, რომ ის მეტისმეტად მგრძნობიარეა. ამის გაგონებაზე ცოლი განრისხებული ტოვებს იქაურობას და იბუტება. ფაქტობრივად, ის ამბობს: „შენ მე გული მატკინე; ახლა ნახე, როგორია გულის ტკენა“.

მანიპულაცია. ზოგი იმიტომ იბუტება, რომ თავისი გაიტანოს. მაგალითად, ცოლ-ქმარი გეგმავს სადღაც გამგზავრებას. ცოლს უნდა, რომ თავისი მშობლებიც თან წაიყვანოს. ქმარს ეს არ მოსწონს და ეუბნება: „მე შენზე ვარ დაქორწინებული და არა შენს მშობლებზე“. შემდეგ კი იბუტება და იგნორირებას უკეთებს ცოლს იმ იმედით, რომ თავისას გაიტანს და გააკეთებინებს იმას, რაც თავად სურს.

ზოგჯერ, როცა ატყობთ, რომ ემოციებს ვერ აკონტროლებთ, ჯობია შეწყვიტოთ კამათი და როცა დამშვიდდებით, საუბარი მერე განაგრძოთ. ამ დროს დუმილი შეიძლება სასარგებლოც იყოს. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ არის „დუმილის დრო“ (ეკლესიასტე 3:7). მაგრამ თუ დუმილის მიზანი სამაგიეროს გადახდა ან მანიპულირებაა, ეს სიტუაციას არა მარტო დაძაბავს, არამედ წყვილებს ერთმანეთის პატივისცემასაც დააკარგვინებს. როგორ უნდა მოვერიდოთ ასეთ რამეს?

 როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ

იმის გაცნობიერება, რომ გაბუტვით პრობლემას ვერ გადაჭრით, დაგეხმარებათ, დაძლიოთ ეს ჩვევა. მართალია, დუმილით შეიძლება სამაგიერო გადაუხადოთ მეუღლეს ან თქვენი გაიტანოთ, მაგრამ დაფიქრდით: ნამდვილად გინდათ ასე მოექცეთ ადამიანს, რომელსაც სიყვარული შეჰფიცეთ? სინამდვილეში, უთანხმოების მოგვარების ბევრად უკეთესი გზები არსებობს.

იყავით გამჭრიახი. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „სიყვარული ... არ ღიზიანდება“ (1 კორინთელები 13:4, 5). ასე რომ, მტკივნეულად ნუ აღიქვამთ, თუ მეუღლე გაბრაზებით გეტყვით: „შენ არასდროს არ მისმენ“ ან „შენ ყოველთვის აგვიანებ“. შეეცადეთ, დაინახოთ, რას გულისხმობს ის ამ სიტყვებში. მაგალითად, „შენ არასდროს არ მისმენ“ შესაძლოა ნიშნავდეს, „ასე მგონია, ჩემს აზრს არ აფასებ“ (ბიბლიური პრინციპი: იგავები 14:29).

მეუღლეს ისე უყურეთ, როგორც თანაგუნდელს და არა როგორც მეტოქეს

დაუწიეთ ხმას. რაც უფრო დიდხანს გრძელდება კამათი, მით უფრო იძაბება სიტუაცია. თუმცა თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ გაცხარებული კამათი. ერთ წიგნში ნათქვამია: „ხშირ შემთხვევაში ტონის შერბილება და მეუღლის აზრის გათვალისწინება ეფექტური საშუალებაა დაძაბულობისა და სიტუაციის განსამუხტავად“ (Fighting for Your Marriage) (ბიბლიური პრინციპი: იგავები 26:20).

მხოლოდ საკუთარ თავზე ნუ იფიქრებთ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „თითოეულმა ის კი არ ეძებოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24). თუ მეუღლეს ისე უყურებთ, როგორც თანაგუნდელს და არა როგორც მეტოქეს, ნაკლებად გაღიზიანდებით, ნაკლებად იკამათებთ და ნაკლებად გაიბუტებით (ბიბლიური პრინციპი: ეკლესიასტე 7:9).

გაბუტვა არანაირად არ ეთანხმება შემდეგ ბიბლიურ რჩევას: „თითოეულ თქვენგანს ისე უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი, ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (ეფესოელები 5:33). კარგი იქნება, თუ თქვენ და თქვენი მეუღლე პირობას დადებთ, რომ არ გაებუტებით ერთმანეთს.