რჩევები ოჯახებს | ქორწინება
როცა ურთიერთობა სხვა სახეს იღებს
პრობლემა
დავუშვათ მეგობრობთ საპირისპირო სქესის ადამიანთან, რომელიც ძალიან გიგებთ. ერთმანეთს ყველაფერზე ესაუბრებით. „ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ“, — არწმუნებთ საკუთარ თავს. მაგრამ თქვენს მეუღლეს* თქვენი ხანგრძლივი საუბრები რომ მოესმინა, ალბათ, სხვაგვარად იფიქრებდა.
აშკარაა, რომ ერთმანეთს უკვე ძალიან დაუახლოვდით. დროა, გარკვეულ ზომებს მიმართოთ. და მაინც, როგორ შეიძლება დაქორწინებულ ადამიანს ახლო ურთიერთობა განუვითარდეს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან?
* ამ სტატიაში გამოყენებული პრინციპები ეხება როგორც ცოლებს, ისე ქმრებს.
რატომ ხდება?
დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. საპირისპირო სქესის წარმომადგენლისგან ყურადღება ყველას გვსიამოვნებს. ამ დროს ვგრძნობთ, რომ გვაფასებენ და გვიხარია, რომ კვლავაც სასურველი და მიმზიდველი ვართ. დაქორწინებიდან გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა, ამაში დარწმუნება სხვისგანაც მოისურვოთ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ: თუ ცდილობთ, რომ ყურადღება და კომპლიმენტები მეუღლის გარდა სხვისგან მიიღოთ, ეს ძვირად დაგიჯდებათ. როდესაც ახლო ურთიერთობას ამყარებთ საპირისპირო სქესთან და დროთა განმავლობაში მასზე ემოციურად დამოკიდებული ხდებით, ეს ასუსტებს თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის კავშირს. შეიძლება ითქვას, რომ მეუღლეს იმ სიყვარულს ართმევთ, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის.
• ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რას მაძლევს ეს ურთიერთობა ისეთს, რასაც მეუღლე ვერ მომცემდა?“
უყურადღებობა. ბიბლია გვეუბნება, რომ დაქორწინებულებს ზოგჯერ გასაჭირი ექნებათ (1 კორინთელები 7:28). მაგალითად, დროდადრო შეიძლება მეუღლისგან თავი მიტოვებულად იგრძნოთ, ან იფიქროთ, რომ საკმარისად არ გაფასებთ, ან რაღაც გადაუჭრელი კონფლიქტის გამო იყოთ განაწყენებული. შესაძლოა, თქვენი მეუღლე ასეთ საკითხებზე საუბარს თავს არიდებს, რაც გულს ძალიან გტკენთ. და თუ ასეთ დროს ყურადღებას სხვისგან გრძნობთ, ეს ძალიან გსიამოვნებთ. ზოგი ექსპერტის თქმით, თუ მეუღლე თავს არიდებს ასეთ საკითხებზე მსჯელობას, ოჯახში შეიძლება სიტუაცია ძალიან დაიძაბოს ან საქმე განქორწინებამდეც კი მივიდეს.
• ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ხომ არ ვგრძნობ მეუღლისგან უყურადღებობას და ამ დანაკლისის შევსებას სხვისგან ხომ არ ვცდილობ?“
როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ
დაუკვირდით, სად იმალება საფრთხე. ბიბლიაში წერია: „განა ჩაიდებს კაცი უბეში ნაკვერჩხლებს ტანსაცმლის დაუწველად?!“ (იგავები 6:27). ფაქტი ერთია: თუ ადამიანი დაქორწინებულია და სხვასთან იწყებს რომანტიკულ ურთიერთობას, ამან შეიძლება ოჯახი დანგრევამდე მიიყვანოს (იაკობი 1:14, 15). ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს, არამედ იმაზე, რაც უკვე მოხდა. როცა სხვის მიმართ ავლენთ ყურადღებას, ამით მეუღლეს ართმევთ იმას, რაც მხოლოდ მას ეკუთვნის.
თავს ნუ მოიტყუებთ. როდესაც საპირისპირო სქესთან ახლო ურთიერთობა გაქვთ, შეიძლება იმაზე დაიწყოთ ფიქრი, თუ როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, მასზე რომ დაქორწინებულიყავით. ამ დროს ადვილად შესაძლებელია, მისი ძლიერი მხარეები თქვენი მეუღლის ნაკლოვანებებს შეადაროთ, რაც სხვა თუ არაფერი, უსამართლობა იქნებოდა. გაიხსენეთ, რომ მაშინაც, როცა თქვენი მეუღლე გაიცანით, მსგავსი გრძნობები გქონდათ და მაშინაც ეიფორიაში იყავით. ასე რომ, განსაკუთრებული არაფერი ხდება (ბიბლიური პრინციპი: იერემია 17:9).
დაადგინეთ საზღვრები. ქურდებისგან თავდაცვის მიზნით მანქანებსა და სახლებში, როგორც წესი, სიგნალიზაციას ამონტაჟებენ. შეგიძლიათ თქვენს ქორწინებასაც, ასე ვთქვათ, სიგნალიზაცია დაუყენოთ. „გულს გაუფრთხილდი“, — ნათქვამია ბიბლიაში (იგავები 4:23). როგორ გავუფრთხილდეთ გულს? შემდეგი რჩევების გათვალისწინებით:
სამსახურში გამოსაჩენ ადგილას დადეთ მეუღლის სურათი, რაც სხვებს იმაზე მიანიშნებს, რომ დაქორწინებული ხართ და გიყვართ თქვენი მეუღლე (ბიბლიური პრინციპი: დაბადება 2:24).
როცა საქმე საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობას ეხება, დაადგინეთ საზღვრები. მაგალითად, ნამდვილად არ იქნებოდა მართებული, მასთან გელაპარაკათ უშუალოდ თქვენსა და მეუღლეს შორის არსებულ პრობლემებზე. არც ის იქნებოდა სწორი, რომ მასთან ერთად კაფეში ან რესტორანში წასულიყავით.
თუ ატყობთ, რომ ძალიან დაუახლოვდით ერთმანეთს და თქვენი ურთიერთობა სხვა სახეს იღებს, სასწრაფოდ შეწყვიტეთ ურთიერთობა. თუ გიჭირთ ამის გაკეთება, დაფიქრდით, რატომ. ნაცვლად იმისა, რომ მიზეზები ეძებოთ ამ ურთიერთობის გასამართლებლად, მეუღლეს ამოუდექით მხარში და იფიქრეთ თქვენი ქორწინების გადარჩენაზე (ბიბლიური პრინციპი: იგავები 5:18, 19).