ქვეყნები და ხალხები
სტუმრად იტალიაში
იტალია კონტრასტების ქვეყანაა. აქ შეხვდებით გრძელ პლაჟებსა და უსწორმასწორო მთებს; სამხრეთში პაპანაქება ზაფხული იცის, ჩრდილოეთში კი — ცივი ზამთარი. იტალიაში ბევრი ვულკანია, მაგრამ მათგან მხოლოდ რამდენიმეა მოქმედი, მაგალითად, სტრომბოლი და ეტნა.
იტალია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. ძველთაგანვე ვინ აღარ სტუმრობდა იტალიას — არაბები, ბიზანტიელები, ბერძნები, ნორმანები თუ ფინიკიელები.
ქვეყანა ცნობილია მდიდარი ისტორიითა და ხელოვნების საგანძურით. იტალიის ბევრ პატარა თუ დიდ ქალაქში შეხვდებით ძველი ბერძნული და რომაული კულტურის ნაშთებს, ბაროკოსა და რენესანსის არქიტექტურას. ფერწერული ნამუშევრები, მარმარილოს ქანდაკებები და შადრევნები დღემდე პატივს მიაგებენ ხელოვნების ისეთ ცნობილ მოღვაწეებს, როგორებიც იყვნენ ბერნინი, მიქელანჯელო და რაფაელი.
იტალიელებს მდიდარი სამზარეულო აქვთ. იტალიელთა ბევრი წეს-ჩვეულება სწორედ სამზარეულოს უკავშირდება. მათი პირველი კერძი გახლავთ პასტა (მაკარონი), რასაც მოჰყვება ხოლმე ხორციანი კერძი ან თევზი და ბოსტნეული. ზეითუნის ზეთს იტალიელები აქტიურად იყენებენ, რადგან ის აქ დიდი რაოდენობით იწარმოება. პიცა და რიზოტო პოპულარული იტალიური კერძებია.
იტალიელები თბილი, სტუმართმოყვარე, ურთიერთობის მოყვარული ხალხია. მათ უყვართ საუბარში სხვების ჩართვა, ამიტომ პარკებსა და ქუჩებში ხშირად შეხვდებით ტკბილად მობაასე ხალხს და ისეთებსაც, რომლებიც მთელი გრძნობებით და ემოციებით საუბრობენ.
იტალიელთა უმრავლესობა თავს კათოლიკედ მიიჩნევს, თუმცა ძალიან ცოტა თუ დადის რეგულარულად ეკლესიაში. ამბობენ, რომ ბოლო ათწლეულებში რომის კათოლიკური ეკლესიის გავლენა შესუსტდა, ვინაიდან ხალხი არ ითვალისწინებს ეკლესიის წესებს აბორტთან და გაყრასთან დაკავშირებით.
იტალიაში ბევრი იეჰოვას მოწმეა. ისინი ცნობილნი არიან იმით, რომ ხალხს ბიბლიას ასწავლიან და ცხოვრობენ მაღალზნეობრივი ნორმებით. მთელ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების 3 000-ზე მეტი კრებაა. ბევრ კრებაში მაუწყებლები მათთან ქადაგებენ, ვისთვისაც იტალიური მშობლიური ენა არ არის. ბოლო ათ წელიწადში იტალიაში უცხოელების რიცხვი გასამმაგდა, რის გამოც გაიზარდა უცხო ენაზე ბიბლიის შესწავლის მსურველთა რიცხვი.
იცოდით თუ არა?
ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო რომში მდებარეობს, მაგრამ 1929 წლიდან მან დამოუკიდებლობა მოიპოვა და ამგვარად, იტალიელები მას უცხო ქვეყნად თვლიან.