რჩევები ოჯახებს | ქორწინება
თუ ქორწინებამ იმედი გაგიცრუათ
პრობლემა
სანამ დაქორწინდებოდით, თქვენ და თქვენს მეუღლეს თითქოს ძალიან ბევრი რამ გქონდათ საერთო. მაგრამ მალე იმედი გაგიცრუვდათ, რაც თქვენ შორის განხეთქილებას იწვევს. ბედნიერების ნაცვლად, მეუღლის გვერდით თავს პატიმრად გრძნობთ.
თქვენ შეგიძლიათ მდგომარეობის გამოსწორება. მაგრამ ჯერ იმაზე დაფიქრდით, რა შეიძლება იყოს იმედგაცრუების მიზეზი.
რატომ ხდება
რეალობის პირისპირ. ყოველდღიურმა საზრუნავმა — სამუშაომ, ბავშვების აღზრდამ და მეუღლის მშობლებთან ურთიერთობამ შეიძლება თანდათან დაარღვიოს ცოლქმრული იდილია. გარდა ამისა, მოულოდნელმა პრობლემებმა, იქნება ეს ფინანსური პრობლემები თუ ოჯახის წევრის ქრონიკული ავადმყოფობა, შეიძლება დაძაბოს ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა.
განსხვავებულობა, რომელთანაც გიჭირთ შეგუება. შეყვარებულობის პერიოდში წყვილები ხშირად თვალს ხუჭავენ ერთმანეთის განსხვავებულობაზე. მაგრამ ქორწინების შემდეგ აღმოაჩენენ, რომ სრულიად განსხვავებული შეხედულება აქვთ ისეთ საკითხებში, როგორიცაა: საუბრის მანერა, ფულის ხარჯვა და პრობლემების მოგვარება. განსხვავებულობა, რომელიც ერთ დროს პატარა წყენას იწვევდა, ახლა აუტანელი ხდება.
გულგრილობა. დროთა განმავლობაში გულსატკენი სიტყვების, ქცევებისა და მოუგვარებელი კონფლიქტების გამო შეიძლება ქმარი ან ცოლი თავის ნაჭუჭში ჩაიკეტოს, ან უფრო უარესი, ემოციურად სხვაზე გახდეს დამოკიდებული.
არარეალური მოლოდინი. ზოგი დაქორწინებისას დარწმუნებულია, რომ იპოვა ის ერთადერთი ადამიანი, ვის გვერდითაც თავი წარმოედგინა. ერთი შეხედვით, ეს რომანტიკული ჩანს, მაგრამ ასეთმა ფიქრმა ადამიანი შეიძლება უბედურებამდე მიიყვანოს. როგორც კი პრობლემები იჩენს თავს, მითი „იდეალურ მეუღლეზე“ ინგრევა და ორივეს ისეთი გრძნობა ეუფლება, რომ შეცდომა დაუშვა.
როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ
ყურადღება მეუღლის დადებით თვისებებზე გაამახვილეთ. ეცადეთ ასე მოიქცეთ: ჩამოწერეთ თქვენი მეუღლის სამი დადებითი თვისება. ეს თვისებები შეგიძლიათ მობილურ ტელეფონში ჩაიწეროთ ან თქვენი ქორწინების სურათს უკან მიაწეროთ. ხშირად გადახედეთ ამ ჩანაწერს და გაიხსენეთ, რატომ დაქორწინდით თქვენს მეუღლეზე. მეუღლის დადებით თვისებებზე ყურადღების გამახვილება დაგეხმარებათ, შეეგუოთ ერთმანეთის განსხვავებულობას და ოჯახშიც მშვიდობა დაისადგურებს (ბიბლიური პრინციპი: რომაელები 14:19).
დრო გამოუყავით ერთმანეთს. დაქორწინებამდე, ალბათ, დროს ხშირად ატარებდით ერთად. შეყვარებულობის პერიოდი თქვენთვის რაღაც ახალი და აღმაფრთოვანებელი იყო, ამიტომ სულ ერთად გინდოდათ ყოფნა და ამისთვის მიზეზებს ეძებდით. რატომ არ გააკეთებდით იმავეს დღესაც? დაგეგმეთ, სად და როდის შეგიძლიათ დროის ერთად გატარება, ისე როგორც ამას შეყვარებულობის პერიოდში აკეთებდით. ეს უფრო დაგაახლოებთ ერთმანეთთან და უკეთ შეძლებთ ცხოვრების მოულოდნელ პრობლემებთან გამკლავებას (ბიბლიური პრინციპი: იგავები 5:18).
ისაუბრეთ თქვენს გრძნობებზე. შეგიძლიათ მეუღლის გულსატკენი სიტყვები ან ქცევები გულთან ახლოს არ მიიტანოთ? თუ არ შეგიძლიათ, ნუ გაიბუტებით მაინც. მშვიდად დაელაპარაკეთ მეუღლეს და ეს რაც შეიძლება მალე გააკეთეთ, თუ შესაძლებელია იმავე დღეს (ბიბლიური პრინციპი: ეფესოელები 4:26).
შეგიძლიათ მეუღლის გულსატკენი სიტყვები ან ქცევები გულთან ახლოს არ მიიტანოთ?
დაფიქრდით თქვენს გრძნობებსა და მეუღლის მოტივებზე. ბუნებრივია, არც ერთ თქვენგანს არ სურს, რომ ერთმანეთს გული ატკინოს. გულწრფელი მობოდიშებით დაარწმუნეთ მეუღლე, რომ არ გინდოდათ მისი წყენინება. შემდეგ იმსჯელეთ იმაზე, თუ კონკრეტულად რის გაკეთება შეგიძლიათ, რომ ერთმანეთს უნებლიეთ გული არ ატკინოთ. გაითვალისწინეთ ბიბლიური რჩევა: „კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (ეფესოელები 4:32).
გქონდეთ რეალური მოლოდინი. ბიბლია გვარწმუნებს, რომ მათ, ვინც ქორწინდება „გასაჭირი ექნებათ“ (1 კორინთელები 7:28). როცა ასეთი გასაჭირის პირისპირ აღმოჩნდებით, ნაჩქარევად ნუ დაასკვნით, რომ თქვენი ქორწინება შეცდომა იყო. ნაცვლად ამისა, ერთობლივი ძალებით ებრძოლეთ პრობლემებს, რომლებსაც თქვენი განსხვავებულობის გამო ხვდებით და „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლოსელები 3:13).