მთავარი თემა
შემოქმედების საიდუმლო მჟღავნდება
მილიარდობით ადამიანს წაუკითხავს ან გაუგონია სამყაროს წარმოშობის შესახებ ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები. 3 500 წლის წინანდელი ისტორია ყველასთვის კარგად ცნობილი სიტყვებით იწყება: „დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“.
მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ქრისტიანული სამყაროს ლიდერებმა, კრეაციონისტებმა და ფუნდამენტალისტებმა შემოქმედებასთან დაკავშირებული ბიბლიის ეს ჩანაწერი ათასგვარ ზღაპრად გადააკეთეს, რომლებიც ძალიან განსხვავდება ბიბლიური რეალობისგან. მათი ახსნა-განმარტებები ეწინააღმდეგება მეცნიერულ ფაქტებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზღაპრები ბიბლიაში არ წერია, ამან იმხელა გავლენა იქონია ბევრ ადამიანზე, რომ ისინი ბიბლიას მითოლოგიურ წიგნად მიიჩნევენ.
უმრავლესობამ არც კი იცის, სინამდვილეში, რა წერია ბიბლიაში შემოქმედების შესახებ. ეს სხვა თუ არაფერი, სირცხვილია, რადგან ბიბლია საკმაოდ ლოგიკურად და სარწმუნოდ ხსნის სამყაროს წარმოშობის ისტორიას. უფრო მეტიც, ეს ახსნა სრულ თანხმობაშია მეცნიერულ აღმოჩენებთან. დიახ, შეიძლება გაგაოცოთ შემოქმედების შესახებ ბიბლიაში ჩაწერილმა სიმართლემ.
შემოქმედი ქმნილება არ არის
შემოქმედების შესახებ ბიბლიური ჩანაწერი იმ ფაქტს ეფუძნება, რომ არსებობს უზენაესი, ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელმაც ყველაფერი შექმნა. ვინ არის და როგორია ის? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ის საკმაოდ განსხვავდება ძირითადი რელიგიებისა და კულტურების ღვთაებებისგან. ის არის ყველაფრის შემოქმედი, მაგრამ უმრავლესობა ძალიან მწირ ცოდნას ფლობს მის შესახებ.
ღმერთი პიროვნებაა. ის არ არის უპიროვნო ძალა, რომელიც უმიზნოდ მოძრაობს სამყაროში. ღმერთს აქვს გონება, გრძნობები და მიზნები.
ღმერთი განუსაზღვრელ ძალასა და სიბრძნეს ფლობს. ამით აიხსნება სამყაროს რთული აგებულება, განსაკუთრებით კი ცოცხალი ორგანიზმების.
ღმერთმა შექმნა ფიზიკური სამყარო. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია თვითონ იყოს შექმნილი თავისივე შექმნილი ფიზიკური ელემენტებით. ის სულიერი პიროვნებაა, მას არ გააჩნია ფიზიკური სხეული.
ღვთის არსებობის დრო განუსაზღვრელია. ის ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. აქედან გამომდინარე, ის არავის შეუქმნია.
ღმერთს აქვს საკუთარი სახელი, რომელიც ბიბლიაში რამდენიმე ათასჯერ არის ნახსენები. ღმერთს იეჰოვა ჰქვია.
იეჰოვას უყვარს ადამიანები და ზრუნავს მათზე.
რამდენი ხანი მოანდომა ღმერთმა სამყაროს შექმნას?
ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა შექმნა „ცა და დედამიწა“. თუმცა ეს ზოგადი განაცხადი არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა დრო მოანდომა ღმერთმა სამყაროს შექმნას და რა მეთოდები გამოიყენება მისი ფორმირებისთვის. მაშ, რის თქმა შეიძლება კრეაციონისტების მიერ საყოველთაოდ გავრცელებულ შეხედულებაზე, რომ ღმერთმა სამყარო პირდაპირი გაგებით ექვს 24-საათიან დღეში შექმნა? ასეთი შეხედულება, რომელსაც მეცნიერების უმეტესობა უარყოფს, ხალხს ბიბლიის არასწორმა გაგებამ ჩამოუყალიბა. ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია სინამდვილეში.
ბიბლია არ იზიარებს ფუნდამენტალისტებისა და კრეაციონისტების მოსაზრებას, რომლებიც აცხადებენ, რომ შემოქმედებითი დღეები პირდაპირი გაგებით 24-საათიანი ხანგრძლივობის იყო
ბიბლია არ იზიარებს ფუნდამენტალისტებისა და კრეაციონისტების მოსაზრებას, რომლებიც აცხადებენ, რომ შემოქმედებითი დღეები პირდაპირი გაგებით 24-საათიანი ხანგრძლივობის იყო.
ბიბლია ხშირად იყენებს სიტყვა „დღეს“ დროის სხვადასხვა პერიოდის აღმნიშვნელად. ზოგ შემთხვევაში ზუსტად არ არის განსაზღვრული, რა ხანგრძლივობისაა ეს პერიოდები. ამის ერთ-ერთი მაგალითია შემოქმედების შესახებ ბიბლიის წიგნ „დაბადებაში“ ჩაწერილი ინფორმაცია.
ბიბლიაში მოხსენიებული ექვსი შემოქმედებითი დღიდან თითოეული ათასობით წელი უნდა გაგრძელებულიყო.
პირველი შემოქმედებითი დღის დაწყებამდე ღმერთს უკვე შექმნილი ჰქონდა სამყარო, მათ შორის უსიცოცხლო პლანეტა დედამიწა.
როგორც ჩანს, ექვსი შემოქმედებითი დღე ხანგრძლივი პერიოდის იყო, რომლის განმავლობაშიც ღმერთმა დედამიწა ადამიანების საცხოვრებლად მოამზადა.
ბიბლია არ ეწინააღმდეგება მეცნიერულ დასკვნებს სამყაროს ასაკთან დაკავშირებით.
ევოლუციის გზით შექმნა ღმერთმა სიცოცხლე დედამიწაზე?
ბევრი, ვისაც არ სწამს ბიბლიის, იმ აზრს იზიარებს, რომ ცოცხალი ორგანიზმები გაჩნდნენ უსიცოცხლო ქიმიური ელემენტებისგან დაუდგენელი და ქაოსური პროცესების შედეგად. სავარაუდოდ, რაღაც მომენტში გაჩნდა ბაქტერიის მსგავსი თვითწარმოქმნის უნარის მქონე ორგანიზმი, რომლისგანაც თანდათანობით წარმოიქმნა დღეს არსებული ყველა სახეობა. თუ ასე ვიმსჯელებთ, გამოდის რომ, წარმოუდგენლად რთული ქმნილება — ადამიანი — ბაქტერიიდან განვითარდა.
ევოლუციის თეორიას ბევრი ისეთიც უჭერს მხარს, რომლებსაც სჯერათ, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა. მათი აზრით, ღმერთმა დასაბამი მისცა სიცოცხლეს დედამიწაზე, მაგრამ შემდგომ უბრალოდ აკვირდებოდა ან შესაძლოა მართავდა კიდეც განვითარების პროცესებს. მაგრამ ბიბლია არ ასწავლის ამას.
ბიბლია არ ეწინააღმდეგება მეცნიერულ დასკვნებს ერთ გვარში სხვადასხვა სახეობის წარმოშობასთან დაკავშირებით
ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ იეჰოვა ღმერთმა შექმნა მცენარეებისა და ცხოველების ყველა ძირითადი სახეობა, მან აგრეთვე შექმნა ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ სინდისი, სიბრძნე და სიყვარულისა და სამართლიანობის გრძნობა.
როგორც ჩანს, ღვთის მიერ შექმნილმა ცხოველებმა და მცენარეებმა ცვლილებები განიცადეს და წარმოშვეს თავიანთივე გვარის მრავალსახეობა. ბევრ შემთხვევაში, წარმოქმნილი სახეობები საოცრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
ბიბლია არ ეწინააღმდეგება მეცნიერულ დასკვნებს ერთ გვარში სხვადასხვა სახეობის წარმოშობასთან დაკავშირებით.
შემოქმედი შექმნილის მეშვეობით შეიცნობა
მე-19 საუკუნის შუა პერიოდში მცხოვრები ბრიტანელი ბიოლოგი ალფრედ რასელ უოლესი ეთანხმებოდა ჩარლზ დარვინის ევოლუციის თეორიას, რომ ცოცხალი ორგანიზმები წარმოიშვა და განვითარდა ბუნებრივი გადარჩევის გზით. მაგრამ ამ ცნობილმა ევოლუციონისტმა ბოლოს ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „ის, ვისაც თვალები აქვს და ხედავს, ვისაც გონება უჭრის და ფიქრობს, პაწაწინა უჯრედებში, სისხლში, მთელ დედამიწაზე თუ ციურ სხეულებში . . . აუცილებლად დაინახავს გონივრულ ხელმძღვანელობას; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს ინტელექტი“.
უოლესის დაბადებამდე თითქმის ორი ათასი წლით ადრე ბიბლიაში ეწერა: „მისი [ღვთის] უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“ (რომაელები 1:20). დროდადრო შეიძლება თქვენც გაგიჩნდეთ სურვილი, დააკვირდეთ ბუნების საოცრებებს ბალახის პაწაწინა ღეროდან დაწყებული უზარმაზარი ციური სხეულებით დამთავრებული. შემოქმედებაზე დაკვირვებით შეიცნობთ შემოქმედს.
მაგრამ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: „თუ არსებობს მოსიყვარულე ღმერთი, რომელმაც ყველაფერი შექმნა, რატომ უშვებს ტანჯვას? მიატოვა მან თავისი მიწიერი ქმნილებები? რა მომავალი გველის?“ ბიბლია ბევრ სხვა გაუმხელელ ამბავს გვიმხელს. ეს არის ის ბიბლიური სწავლებები, რომლებიც ადამიანის იდეებმა და რელიგიურმა მოძღვრებებმა დაჩრდილა — სწავლებები, რომლებიც უმეტესობისთვის დამალული და გაუმხელელია. ამ ჟურნალის გამომცემლები, იეჰოვას მოწმეები, სიამოვნებით დაგეხმარებიან, გამოიკვლიოთ ბიბლიური ჭეშმარიტება და მეტი გაიგოთ შემოქმედისა და ჩვენი მომავლის შესახებ.