ცრემლების საიდუმლო
ადამიანი ტირილით ევლინება ქვეყანას. ერთი ექსპერტის თქმით, ჩვილობაში იმიტომ ვტირით, რომ ფიზიკური და ემოციური მოთხოვნილებები დავიკმაყოფილოთ. მაგრამ ზრდასრულობის ასაკში რაღატომ გვდის ცრემლები, მაშინ როცა ურთიერთობას ტირილის გარეშეც ვახერხებთ?
ცრემლად შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო დავიღვაროთ. ჩვენ ვტირივართ მწუხარების, იმედგაცრუების, ფიზიკური ან ემოციური ტკივილის გამო. მაგრამ ცრემლებით თვალები ეიფორიის, შვების, წარმატების დროსაც გვევსება. ეს სიხარულის ცრემლებია. ზოგჯერ ცრემლები გადამდებია. „როცა ვხედავ, რომ ვიღაც ტირის, თავს ვერ ვერევი და მეც ტირილს ვიწყებ“, — ამბობს მარია. შეიძლება ფილმის ყურების ან წიგნის კითხვის დროსაც ატირდეთ.
რაც უნდა იყოს მიზეზი, ტირილი უსიტყვო ენაა ემოციების გამოსახატავად. „ძალიან ცოტა საშუალება თუ არსებობს გრძნობების ასე მცირე დროში გადმოსაცემად“, — აღნიშნულია წიგნში „ზრდასრული ადამიანების ტირილი“. ცრემლები ადამიანს თანაგრძნობისკენ აღძრავს. მაგალითად, უმეტესობას გულგრილს არ ტოვებს მწუხარების ცრემლები, რადგან ეს ცრემლები იმას გეუბნება, რომ ვიღაც იტანჯება. ამ დროს მისი დახმარებისა და ნუგეშისცემის სურვილი გვიჩნდება.
ზოგი ექსპერტის აზრით, ტირილის დროს ადამიანი ემოციებს გულში აღარ იტოვებს, ხოლო ვინც გამუდმებით თავს იკავებს ტირილისგან, შეიძლება ჯანმრთელობა დაიზიანოს. სხვები ირწმუნებიან, რომ მეცნიერულად არ არის დამტკიცებული, რამდენად კარგად მოქმედებს ტირილი ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. თუმცა, გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ქალების 85 პროცენტი და მამაკაცების 73 პროცენტი ტირილის შემდეგ თავს უკეთ გრძნობს. „ზოგჯერ ვგრძნობ, რომ ტირილი მჭირდება. ტირილის შემდეგ შვებას ვგრძნობ და მოვლენებს უფრო ნათლად და სწორად აღვიქვავ“, — ამბობს ნოემი.
გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ქალების 85 პროცენტი და მამაკაცების 73 პროცენტი ტირილის შემდეგ თავს უკეთ გრძნობს
მაგრამ შვება მხოლოდ ცრემლებს არ მოაქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს, სხვებს რა რეაქცია ექნებათ ჩვენს ტირილზე. მაგალითად, შვებას ვგრძნობთ მაშინ, როცა ჩვენი ცრემლები სხვებს აღძრავს, გვანუგეშონ ან დახმარების ხელი გამოგვიწოდონ. მაგრამ, თუ ჩვენს ცრემლებს დადებითი რეაქცია არ მოჰყვება, შეიძლება შეგვრცხვეს და თავი უარყოფილად ვიგრძნოთ.
აშკარაა, რომ ტირილის შესახებ ბევრი რამ უცნობია. თუმცა ერთი რამ ნამდვილად ვიცით — ცრემლები ღვთისგან არის ბოძებული და ის ემოციებზე საპასუხო რეაქციაა.