არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი

როგორ უნდა ასწავლოთ ახალგაზრდებს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება

როგორ უნდა ასწავლოთ ახალგაზრდებს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება

პრობლემა

ახალი ამბების მოსმენაზე ისეთი აზრი გვრჩება, რომ ინტერნეტი კიბერდამნაშავეების, სექსუალური მანიაკებისა და თაღლითების თავშესაფარია. ამის გამო თქვენ, როგორც მშობელი, შეიძლება ნერვიულობთ და არცთუ უსაფუძვლოდ. თქვენი მოზარდი შვილი ხშირად იყენებს ინტერნეტს და შეიძლება არც კი იცის, რა საფრთხის წინაშე დგას.

თქვენ შეგიძლიათ ასწავლოთ შვილს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება. მანამდე მოდი განვიხილოთ, ზოგიერთი რამ, რაც ინტერნეტზე უნდა იცოდეთ.

რა უნდა იცოდეთ

ახალგაზრდებს ინტერნეტში შესვლა მობილური მოწყობილობებიდანაც შეუძლიათ. რჩევა, რომ სახლში კომპიუტერი ყველასთვის გამოსაჩენ ადგილას დადოთ, კვლავაც აქტუალურია. მაგრამ ტაბლეტის ან სმარტფონის მეშვეობით, თქვენს შვილს უკვე ადვილად შეუძლია ინტერნეტის გამოყენება, თანაც თქვენი მეთვალყურეობის გარეშე.

ის ფაქტი, რომ ავტოკატასტროფები ხდება, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მანქანის მართვა ცუდია. იგივე პრინციპი მოქმედებს ინტერნეტზეც. საჭიროა, თქვენს მოზარდ შვილს ინტერნეტის „ფრთხილად მართვა“ ასწავლოთ

ზოგი ახალგაზრდა ძალიან დიდ დროს ატარებს ინტერნეტში. „კომპიუტერს თავიდან მხოლოდ იმიტომ ვრთავ, რომ ხუთი წუთი ფოსტას გადავხედო, მაგრამ ბოლოს ისე ხდება, რომ საათობით ვუყურებ ვიდეოებს,  — ამბობს 19 წლის გოგონა. — ძალიან დიდი თავშეკავება მმართებს“.

ახალგაზრდებმა ინტერნეტით შეიძლება საჭიროზე მეტი ინფორმაცია გაამჟღავნონ. ცუდი განზრახვის მქონე პირებმა შეიძლება ონლაინში დადებული ახალგაზრდის კომენტარებისა და ფოტოების საფუძველზე გაიგონ, თუ სად ცხოვრობს ის და სად სწავლობს; აგრეთვე ის, თუ როდის არ არიან სახლში.

ზოგი თინეიჯერი ვერ ათვითცნობიერებს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის მიერ დადებულ ინფორმაციას. ის, რასაც ონლაინში წერ, არასოდეს იშლება. უხერხული კომენტარები და ფოტოები შეიძლება დიდი ხნის გასვლის შემდეგაც აღმოაჩინონ. მაგალითად, ეს შეიძლება გააკეთოს მომავალმა დამსაქმებელმა, რომელიც სამსახურში აყვანამდე პიროვნების წარსულ ცხოვრებას ამოწმებს.

ამ საფრთხეების მიუხედავად, გახსოვდეთ, რომ ინტერნეტი თქვენი მტერი არ არის. სინამდვილეში, პრობლემები ინტერნეტის არაგონივრულად გამოყენებას მოჰყვება.

 რის გაკეთება შეგიძლიათ

ასწავლეთ შვილს პრიორიტეტების სწორად დადგენა და დროის გონივრულად გამოყენება. პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანად რომ ჩამოყალიბდეს, ახალგაზრდამ უნდა იცოდეს, რის გაკეთებაა უპირველესად მნიშვნელოვანი. ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, საშინაო დავალებების მომზადება და სახლის საქმეები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინტერნეტი. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი კომპიუტერთან დიდ დროს ატარებს, დრო შეუზღუდეთ. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ტაიმერიც დაუყენოთ (ბიბლიური პრინციპი: ფილიპელები 1:10).

ასწავლეთ შვილს იფიქროს მანამ, სანამ კომენტარს დადებს. დაეხმარეთ შვილს იფიქროს შემდეგ კითხვებზე: ჩემ მიერ დადებული კომენტარი, ვინმეს ზიანს ხომ არ მიაყენებს? როგორ იმოქმედებს ეს ფოტო ჩემს რეპუტაციაზე? შემრცხვებოდა, თუ ამ ფოტოს ან კომენტარს ჩემი მშობლები ან სხვები ნახავდნენ? რა შთაბეჭდილება დარჩებოდათ მათ ჩემზე? მე რას ვიფიქრებდი მასზე, ვინც თავის უხერხულ ფოტოსა და კომენტარს დებს? (ბიბლიური პრინციპი: იგავები 10:23).

ასწავლეთ შვილს, ზნეობრივი ფასეულობებით იცხოვროს და არა უბრალოდ წესებით. შვილს დარაჯად ვერ დაუდგებით და ყოველ წუთს ვერ გაუკონტროლებთ. თქვენი, როგორც მშობლის, მიზანი ის არ არის, რომ შვილს თვალი არ მოაცილოთ. თქვენი მიზანია, დაეხმაროთ მოზარდს „აღქმის უნარის“ გაწაფვაში, რათა შეძლოს კარგისა და ცუდის გარჩევა (ებრაელები 5:14). ასე რომ, მთავარ აქცენტს წესებსა და დასჯაზე ნუ გადაიტანთ; შვილის ყურადღება ზნეობრივი ფასეულობებისკენ მიმართეთ. დააფიქრეთ შემდეგ კითხვებზე: როგორი რეპუტაციით სურს, საზოგადოებაში სარგებლობდეს? როგორი თვისებების მქონე ადამიანად უნდა, რომ იცნობდნენ? თქვენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ დაეხმაროთ მოზარდს თქვენ გარეშეც შეძლოს გონივრული გადაწყვეტილებების მიღება (ბიბლიური პრინციპი: იგავები 3:21).

„ბავშვები უკეთ ერკვევიან ტექნოლოგიებში, მშობლები კი — ცხოვრებისეულ საკითხებში“

მანქანის მართვის მსგავსად, ინტერნეტის „მართვასაც“ გამჭრიახობა სჭირდება და არა მარტო ტექნიკის ცოდნა. აქედან გამომდინარე, თქვენი, როგორც მშობლის, მითითებები უაღრესად მნიშვნელოვანია. ინტერნეტ უსაფრთხოების ექსპერტი პერი აფტაბი ამბობს, რომ „ბავშვები უკეთ ერკვევიან ტექნოლოგიებში, მშობლები კი — ცხოვრებისეულ საკითხებში“.