მთავარი თემა
თუ ემოციურად გამოიფიტეთ
ანილის არაქათი გამოეცალა. ის ახალ პრესტიჟულ სამუშაოზე მოეწყო, რომელიც გაცილებით მეტ შემოსავალს ჰპირდებოდა. გვიან ღამემდე მუშაობდა, შაბათ-კვირებიც კი, ზოგჯერ კვირაში თითქმის 80 საათი. ანილი ამბობს: «სამუშაოზე სრული ქაოსი იყო და მთელი პასუხისმგებლობა მე დამაწვა. საკუთარ თავს ვუთხარი: „ეს რა დღეში ვარ, რამე თუ არ შევცვალე, ბოლო მომეღება“». ანილი ემოციურად გამოიფიტა.
სამუშაოთი გამოწვეული ემოციური გამოფიტვა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო გადაღლილობა. ეს არ არის ჩვეულებრივი სტრესი, რომელსაც ყოველდღე განვიცდით სამსახურში. ემოციური გამოფიტვა ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: ქრონიკული გადაღლილობა, ფიზიკური უძლურება და სრული იმედგაცრუების განცდა. მათ, ვისაც ასეთი რამ ემართებათ, ემოციურად იმდენად იფიტებიან, რომ მუშაობის თავი აღარ აქვთ, საქმეს გულს ვეღარ უდებენ და უხარისხოდ აკეთებენ. გარდა ამისა, როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, მათ ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობასაც ექმნება სერიოზული საფრთხე.
რა იწვევს ემოციურ გამოფიტვას? ხშირ შემთხვევაში გადატვირთული სამუშაო გრაფიკი. ეკონომიკური კრიზისის გამო ზოგიერთი დამსაქმებელი მოითხოვს, რომ მათმა თანამშრომლებმა დადგენილ ნორმაზე მეტი საათი იმუშაონ, ზოგჯერ დამატებითი ანაზღაურების გარეშეც კი. ტექნოლოგიამ დღეს იმდენად მიაჯაჭვა ადამიანები სამუშაოს, რომ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ზღვარს ვეღარ ავლებენ. ადამიანი შეიძლება მაშინაც მივიდეს ემოციურ გამოფიტვამდე, როცა სამსახურში თავს დაცულად ვერ გრძნობს, საქმეს თავს ვერ ართმევს ან მაშინ, როცა ფიქრობს, რომ უსამართლოდ ექცევიან. გარდა ამისა, ემოციური გამოფიტვის მიზეზი არასწორად დადგენილი პრიორიტეტები და თანამშრომლებთან კონფლიქტიც შეიძლება გახდეს.
მიზეზი შეიძლება ჩვენვე ვიყოთ. კარიერასა და ფულს გამოდევნებული ზოგი ადამიანი იმაზე გაცილებით დიდ საქმეს ეჭიდება, ვიდრე თავს გაართმევს. ასეთებმა შესაძლოა იმაზე მეტი იტვირთონ საკუთარ თავზე, ვიდრე შეუძლიათ, რასაც საბოლოო ჯამში ემოციურ გამოფიტვამდე მიჰყავს.
თუ სამუშაომ თქვენც გამოგფიტათ, რა დაგეხმარებათ ძალების აღდგენაში? შეიძლება ისიც კი, იფიქროთ, რომ იმდენად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდით, რომ ვეღარაფერს შეცვლით, მაგრამ ქვემოთ განხილული ოთხი რჩევა ნამდვილად დაგეხმარებათ. გამოსავალი იმაზე მეტი არსებობს, ვიდრე თქვენ გგონიათ.
1. გადახედეთ თქვენს ფასეულობებს.
რა არის თქვენთვის ყველაზე მეტად ფასეული? ბევრისთვის პირველ ადგილზე ოჯახი და ჯანმრთელობა დგას. არადა უპირველესად სწორედ ეს ეწირება ემოციურ გამოფიტვას.
ფასეულობების გადახედვით აღარ გაგიჭირდებათ რთული გადაწყვეტილებების მიღება და კომპრომისზე წასვლა. მაგალითად, როდესაც ხედავთ, რომ სამუშაო ნელ-ნელა გფიტავთ, შეიძლება თქვათ: „არა, სამუშაოს ვერც შევამცირებ და ვერც თავს დავანებებ. ფული მჭირდება!“. მართალია, ფული ყველას სჭირდება, მაგრამ საკითხავია რამდენი და რის ფასად?
ფრთხილად იყავით, რომ თქვენ გარშემო მყოფი ადამიანების ფასეულობებით არ იცხოვროთ. ფაქტია, რომ თქვენს დამსაქმებელს სხვა პრიორიტეტები აქვს, თქვენ კი — სხვა. სხვებმა შეიძლება სამსახური პირველ ადგილზე დააყენონ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენც ასე უნდა მოიქცეთ.
ბიბლიური პრინციპი: „ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15).
2. გაიმარტივეთ ცხოვრება.
სტრესი რომ შეიმციროთ და დრო იმას დაუთმოთ, რაც ნამდვილად ღირებულია, შეიძლება ღირდეს იმაზე დაფიქრება, რომ ნაკლები იმუშაოთ. იქნებ დამსაქმებელს დაელაპარაკოთ და სამუშაო დრო შეამცირებინოთ, ან იმ გადაწყვეტილებამდე მიხვიდეთ, რომ სამუშაო შეიცვალოთ. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, იცოდეთ რომ, მზად უნდა იყოთ ცვლილებების მოსახდენად როგორც ცხოვრებაში, ისე ფინანსურ საკითხებში. ეს არც შეუძლებელია და არც ისეთი რთული, როგორიც შესაძლოა თქვენ გგონიათ.
ბევრ ქვეყანაში ყიდვა-გაყიდვაზე გადასული საზოგადოების შემხედვარე ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბედნიერი ვერ იქნებით თუ არა გაქვთ ბევრი ფული და დიდი ქონება. მაგრამ ეს ასე არ არის. უბრალო ცხოვრებას უფრო მეტი კმაყოფილება და თავისუფლება მოაქვს. მზად რომ იყოთ ასეთი ცვლილების მოსახდენად, საჭიროა ხარჯები შეამციროთ და დაზოგოთ ფული. ეცადეთ, რომ ვალები რაც შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოთ ან საერთოდ დაფაროთ. ცვლილებების მოხდენის საჭიროებაზე ესაუბრეთ ოჯახის წევრებს, რომ ერთ აზრამდე მიხვიდეთ.
ბიბლიური პრინციპი: „თუ გვაქვს საჭმელი [და] ტანსაცმელი ამით დავკმაყოფილდეთ“ (1 ტიმოთე 6:8).
3. ისწავლეთ უარის თქმა.
თუ არარეალურად ბევრი სამუშაო გაქვთ ან სისტემატურად ერთსა და იმავე პრობლემას ხვდებით, დაელაპარაკეთ დამსაქმებელს. როცა შესაძლებელია, მას ისეთი გამოსავალი შესთავაზეთ, რომელშიც ორივეს მოთხოვნები იქნება გათვალისწინებული. დაარწმუნეთ დამსაქმებელი, რომ საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდებით და აუხსენით, რას ითხოვთ, მაგრამ ამავე დროს გარკვევით და მტკიცედ უთხარით, რას ვერ გააკეთებთ.
იყავით გამჭრიახი და რეალისტი. იცოდეთ, თუ სამუშაო საათებს შეამცირებთ, შემოსავალიც შეგიმცირდებათ. არც ის გამორიცხოთ, რომ შესაძლოა სამსახურიც დაკარგოთ და ამისთვის მზად უნდა იყოთ. გახსოვდეთ, რომ სხვა სამუშაოს მოძებნა მაშინ უფრო ადვილია, როცა ჯერ კიდევ დასაქმებული ხართ.
მაშინაც კი, თუ დამსაქმებელი სიტყვიერად დაითანხმეთ, შეიძლება დროდადრო მან მაინც მოგთხოვოთ დამატებითი სამუშაოს შესრულება. რა დაგეხმარებათ ასეთ დროს თქვენი პოზიციის შენარჩუნებაში? თუ დაკისრებულ სამუშაოს პირნათლად შეასრულებთ, ეს სითამამეს შეგძენთ, რომ სანაცვლოდ დამსაქმებელსაც მოსთხოვოთ, თავისი სიტყვის ერთგული იყოს და ზედმეტი საქმე არ დაგავალოთ.
ბიბლიური პრინციპი: „თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა“ (მათე 5:37).
4. აღიდგინეთ ძალები.
შესაძლოა თვითონ სამუშაო არ გიქმნიდეთ სერიოზულ პრობლემებს, მაგრამ ზოგადად სტრესისგან, პრობლემატური ხალხისგან და არასასიამოვნო სიტუაციებისგან დაზღვეული არავინ არის. ამიტომ დრო გამოყავით საკმარისი დასვენებისა და ზომიერი გართობისთვის. გახსოვდეთ, რომ ოჯახთან ერთად კარგი დასვენება და გართობა ბევრი ფულის გარეშეც შეიძლება.
ნუ შემოიფარგლებით მარტო სამსახურით. გაიფართოვეთ ინტერესისა და მეგობრების წრე. საკუთარ თავს ნუ შეაფასებთ იმით, თუ რა სამუშაოს ასრულებთ და რამდენს. წიგნში „ფული ან სიცოცხლე“ ნათქვამია: „ის უფრო მნიშვნელოვანია, ვინ ხარ, ვიდრე ის, რასაც ფულისთვის აკეთებ“. თუ ღირსების გრძნობას და მეობას მხოლოდ სამსახური გმატებთ, შეიძლება გაგიჭირდეთ იმაზე ფიქრი, რომ სამუშაო არ არის უმთავრესი თქვენს ცხოვრებაში.
ბიბლიური პრინციპი: „ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას“ (ეკლესიასტე 4:6).
ნამდვილად შესაძლებელია, რომ ემოციურად გამოფიტულმა ადამიანმა ძალები აღიდგინოს? დიახ, შესაძლებელია. სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა ანილიმ ეს შეძლო. ის ამბობს: «ყოფილ დამსაქმებელს დავუკავშირდი და ვკითხე, ისევ თუ მიმიღებდა სამსახურში, რაზეც თანხმობა მივიღე. მეუხერხულებოდა ყოფილ თანამშრომლებთან შეხვედრა, რომლებთანაც ნათქვამი მქონდა, რომ „დიდი ფულის საშოვნელად“ მივდიოდი. მართალია გასამრჯელო საგრძნობლად შემიმცირდა, მაგრამ სული დამიმშვიდდა. ოჯახისა და ნამდვილად ღირებული საქმეებისთვის ახლა უფრო მეტი დრო მრჩება».