არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ბიბლიის თვალსაზრისი | სისუფთავე

სისუფთავე

სისუფთავე

როგორ უყურებს ღმერთი ჰიგიენას?

„განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს“ (2 კორინთელები 7:1).

რას ამბობს ბიბლია:

ჩვენ შემოქმედს ვუყვარვართ და სურს, რომ დავტკბეთ ჯანმრთელი, ხანგრძლივი და აზრით აღსავსე ცხოვრებით. ღმერთი მოგვიწოდებს: „გულით დაიცავი ჩემი მცნებები, რადგან ეს შეგმატებს დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებსა და მშვიდობას“ (იგავები 3:1, 2). ისრაელებისთვის მიცემული კანონი, რომელიც შეიცავდა კონკრეტულ მითითებებს ჰიგიენისა და სანიტარიის დაცვასთან დაკავშირებით, ღვთის სიყვარულზე მეტყველებდა (კანონი 23:12—14). როდესაც ისრაელები ერთგულად იცავდნენ ამ გონივრულ მითითებებს, მათ უკეთესი ჯანმრთელობა ჰქონდათ და დაცულნი იყვნენ ისეთი დაავადებებისგან, რომლებიც გავრცელებული იყო სხვა ერებში, მაგალითად ეგვიპტეში, სადაც არ ჰქონდათ მსგავსი კანონი (კანონი 7:12, 15).

დღესაც ყველა, ვინც განიწმინდება „ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცს“ — მაგალითად, ისეთი მავნე ჩვევებისგან, როგორიცაა: მოწევა, ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება და ნარკოტიკების მოხმარება — ნაკლებად დგას ფიზიკური და გონებრივი დაავადებების რისკის წინაშე. ასეთ ადამიანებს ნაკლებად ემუქრებათ ნაადრევი სიკვდილი. რადგანაც საზოგადოებისგან იზოლირებული არავინ არის, სისუფთავესთან დაკავშირებული ღვთის პრინციპების მიყოლით ცხადვყოფთ, რომ სხვებსაც ვუფრთხილდებით (მარკოზი 12:30, 31).

 მოითხოვს ღმერთი ზნეობრივ და სულიერ სისუფთავეს?

„ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, მავნებელი სურვილები და სიხარბე, რაც კერპთაყვანისმცემლობაა. ამ ყველაფრის გამო ღვთის რისხვა მოდის“ (კოლოსელები 3:5, 6).

რას ამბობს ბიბლია:

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბიბლია მოგვიწოდებს, რომ „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს“. იესო ქრისტეს დროს ბევრი, მათ შორის იუდეველი რელიგიური წინამძღოლები, დიდ ძალისხმევას ახმარდა ფიზიკურ სისუფთავეს, მაგრამ ისინი უგულებელყოფდნენ ზნეობრივ და სულიერ ფასეულობებს (მარკოზი 7:1—5). ამ საკითხზე სწორი თვალსაზრისის საჩვენებლად იესომ მათ უთხრა: „რაც ადამიანში გარედან შედის, ის არ ბილწავს მას, რადგან შედის . . . ნაწლავებში და გამოსვლისას ორმოში ჩადის“. შემდეგ მან დასძინა: „ადამიანს ის ბილწავს, რაც მისგან გამოდის, რადგან შიგნიდან ანუ ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვები: სიძვა, ქურდობა, მკვლელობა, მრუშობა, სხვისი რამის სურვილი, ბოროტი საქმეები, ცბიერება, თავაშვებულობა, შურიანი თვალი, . . . უგუნურება. ყველა ეს ბოროტება . . . ბილწავს ადამიანს“ (მარკოზი 7:18—23).

იესოს სიტყვების თანახმად, ისინი ვინც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ფიზიკურ სისუფთავეს, მაგრამ უგულებელყოფენ ღვთის ზნეობრივ და სულიერ ნორმებს, ჰგვანან ჭურჭელს, რომელიც გარედან სუფთაა, შიგნიდან კი ჭუჭყიანი (მათე 23:25, 26).

გონივრულია ბიბლიური ნორმების მიყოლა?

„ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, მისი მცნებები კი დამამძიმებელი არ არის“(1 იოანე 5:3).

რას ამბობს ბიბლია:

მიქას 6:8-ში ვკითხულობთ: „რას ითხოვს იეჰოვა შენგან, თუ არა სამართლის ქმნას, სიკეთის სიყვარულსა და მოკრძალებულად სიარულს შენს ღმერთთან ერთად?!“. განა არსებობს ამაზე გონივრული მოთხოვნა? გარდა ამისა, ჩვენს შემოქმედს სურს, რომ მორჩილებისკენ სიყვარული აღგვძრავდეს. სწორედ ამას მოაქვს ნამდვილი სიხარული (ფსალმუნი 40:8). როცა შეცდომებს ვუშვებთ, ღვთის გულმოწყალების იმედი გვანუგეშებს. „როგორც მამა იწყალებს შვილებს, იეჰოვაც ისე იწყალებს თავის მოშიშებს. მან კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ“, ანუ ახსოვს, რომ სუსტები და არასრულყოფილები ვართ (ფსალმუნი 103:13, 14).

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფიზიკურ, ზნეობრივ და სულიერ სისუფთავესთან დაკავშირებული ღვთის ნორმებიდან კარგად ჩანს, რომ ღმერთს ვუყვარვართ და ჩვენთვის მხოლოდ კარგი სურს. ჩვენ კი ამ ნორმების დაცვით, ცხადვყოფთ, რომ სიბრძნეს ვავლენთ და გვიყვარს ღმერთი.