არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ინტერვიუ | სტივენ ტეილორი

პროფესორი, საფინანსო-ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტი, მოგვითხრობს თავის რწმენაზე

პროფესორი, საფინანსო-ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტი, მოგვითხრობს თავის რწმენაზე

პროფესორი სტივენ ტეილორი სიდნეის (ავსტრალია) ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ასწავლის და კვლევებს აწარმოებს. ის სწავლობს ფინანსურ ბაზრებს და იმას, თუ როგორ შეიძლება მათი წარმატებით მართვა. ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა იმის თაობაზე, თუ როგორ მოახდინა მის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა გავლენა მის რელიგიურ შეხედულებებზე.

მოგვიყევით თქვენს წარსულზე.

მორწმუნე ოჯახში დავიბადე. ჩემი მშობლები ეკლესიის აქტიური წევრები იყვნენ და პატიოსნებითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდნენ. ისინი მომიწოდებდნენ, კარგი განათლება მიმეღო. ჰოდა მეც ახალ სამხრეთ უელსის (შტატი ავსტრალიაში) უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დავამთავრე. სწავლის პროცესში აღმოვაჩინე, რომ კვლევა ძალიან მიტაცებდა და გადავწყვიტე, პროფესორი გავმხდარიყავი.

რა მიმართულებით აწარმოებდით კვლევებს?

განსაკუთრებით მაინტერესებდა საფონდო ბირჟების * მუშაობის პრინციპები. საფონდო ბირჟები ხალხს საშუალებას აძლევს სხვადასხვა კომპანიაში იყიდონ და გაყიდონ წილი და კაპიტალი თავიანთი ბიზნესის განვითარებას მოახმარონ. სხვა რამეებთან ერთად, იმასაც ვსწავლობდი, თუ რა ფაქტორები განაპირობებდა კომპანიის აქციების კურსის გაზრდას და დაცემას.

შეგიძლიათ მაგალითი მოიყვანოთ?

კომპანიები ვალდებულნი არიან, რეგულარულად წარადგინონ ანგარიში შემოსავლების შესახებ. ინვესტორები ამ ანგარიშის საფუძველზე ადგენენ კომპანიის რეალურ ფინანსურ მდგომარეობას. თუმცა ზოგჯერ კომპანიები ანგარიშების წარსადგენად არასტანდარტულ გზებს მიმართავენ. კრიტიკოსებმა ეს შეიძლება სისტემურ ხარვეზად ჩათვალონ, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს, დამალონ თავიანთი ნამდვილი ღირებულება და შემოსავალი. როგორ შეუძლიათ ინვესტორებს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღება? რა ფაქტებს უნდა ფლობდნენ სპეციალისტები  იმაში დასარწმუნებლად, რომ ფინანსური ბაზრები პატიოსნად მუშაობს? მე და ჩემი კოლეგები ვცდილობთ ამ კითხვებს გავცეთ პასუხი.

ადრე რომელი რელიგიის მიმდევარი იყავით?

რეგულარულად დავდიოდი პრესვიტერიანულ ეკლესიაში მშობლებთან ერთად, მაგრამ მოზარდობის ასაკში რელიგიაზე ხელი ავიღე. შემოქმედის მწამდა და ბიბლიას ვაფასებდი, მაგრამ ვეჭვობდი, რომ რელიგიას შეეძლო აეხსნა გარშემო არსებული პრობლემების მიზეზები. ჩემთვის რელიგიები საზოგადოების თავშეყრის ადგილებს უფრო ჰგავდა. ევროპაში რამდენიმე დიდ ეკლესიაში ვარ ნამყოფი. მიკვირდა, რატომ ფლობდნენ ისინი ამდენ სიმდიდრეს, მაშინ როცა მსოფლიო სიღარიბეში იძირებოდა. ასეთმა მკვეთრმა სხვაობამ ჩემზე ისე იმოქმედა, რომ რელიგიისადმი სკეპტიკურად განვეწყვე.

რამ შეგიცვალათ შეხედულება?

ჩემმა მეუღლემ, ჯენიფერმა, იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა და მათ კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. ვიფიქრე, კარგს ვიზამდი, თუ მეუღლეს გავყვებოდი და მოწმეების რელიგიას გადავამოწმებდი. მალევე მივხვდი, რომ ბიბლია საერთოდ არ მცოდნია. გაოგნებული ვიყავი. ამიტომ, მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე.

მოწმეებისეულმა ბიბლიის სწავლების მეთოდმა ძალიან მომხიბლა. ისინი კითხვებს სვამდნენ, აგროვებდნენ ფაქტებს და ანალიზს უკეთებდნენ, შემდეგ კი ლოგიკურ დასკვნებს აკეთებდნენ. მეც ამ მეთოდს მივმართავდი, როცა უნივერსიტეტში კვლევებს ვაწარმოებდი. ჯენიფერის მონათვლიდან რამდენიმე წელში, 1999 წელს, მეც მოვინათლე როგორც იეჰოვას მოწმე.

განგიმტკიცათ ბიბლიისადმი ნდობა თქვენმა სპეციალობამ?

უდავოდ. მაგალითად, ძველი ისრაელისთვის მიცემული ღვთის კანონი მიმართული იყო იმ ეკონომიკური პრობლემებისკენ, რომლებიც დღესაც აწუხებთ ეკონომისტებს. კანონის თანახმად, ისრაელებს მოსავლის ნაწილი ღარიბებისთვის უნდა დაეტოვებინათ (დაბეგვრისა და დაზღვევის ფორმა), ფული სარგებლის გარეშე გაეცათ (კრედიტორებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის გარანტია) და მემკვიდრეობით მიღებული მიწა 50 წლის შემდეგ თავდაპირველი მფლობელისთვის დაებრუნებინათ (საკუთრების უფლების დაცვა) (ლევიანები 19:9, 10; 25:10, 35—37; კანონი 24:19—21). ეს და სხვა ეკონომიკური ღონისძიებები ხალხს სამ მნიშვნელოვან რამეში ეხმარებოდა: 1) ატანინებდა ეკონომიკურ გაჭირვებას, 2) იცავდა, რომ წლების მანძილზე არ ყოფილიყვნენ სიღარიბეში და 3) აგვარებდა ეკონომიკურ უთანასწორობას. და ეს ყველაფერი ხდებოდა 3 000 წლით ადრე მანამ, სანამ გაჩნდებოდა ეკონომიკა, როგორც მეცნიერების დარგი.

ბიბლია ისეთი თვისებების განვითარებაშიც გვეხმარება, რაც ეკონომიკურ უსაფრთხოებას უწყობს ხელს. მაგალითად, ბიბლია გვასწავლის, ვიყოთ პატიოსნები, სანდოები, თანამგრძნობები და გულუხვები (კანონი 15:7—11; 25:15; ფსალმუნი 15). საინტერესოა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ მომხდარი გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ზოგიერთმა ბიზნეს სკოლამ და ორგანიზაციამ ბიზნესმენებსა და ფინანსისტებს გარკვეული ეთიკური ნორმების დაცვისკენ მოუწოდეს. ჩემი აზრით, ბიბლიის მორალური ნორმები გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე თანამედროვე ბიზნეს-ეთიკა.

როგორ იმოქმედა რწმენამ თქვენს შინაგან პიროვნებაზე?

ბიბლიის შესწავლა ყველაზე საუკეთესო „კაპიტალდაბანდება“ იყო ჩემს ცხოვრებაში

თუ ჯენიფერს დავუჯერებთ, უფრო გონიერი გავხდი. ადრე მაქსიმალისტი ვიყავი და ყველაფერს შავ-თეთრ ფერებში ვხედავდი. შეიძლება ამიტომაც ავითვისე კარგად საბუღალტრო საქმე. ბიბლიურმა პრინციპებმა უფრო გაწონასწორებული გამხადა. დღეს უფრო ბედნიერები ვართ, მეც და ჩემი ოჯახიც. ბიბლიურ სიბრძნეს სხვებსაც ვუზიარებთ. ბიბლიის შესწავლა ყველაზე საუკეთესო „კაპიტალდაბანდება“ იყო ჩემს ცხოვრებაში.

^ აბზ. 7 აგრეთვე უწოდებენ ფასიანი ქაღალდების ბაზარს.