ვინ შექმნა?
ჰავაიური კალმარის მანათობელი ორგანო
ჰავაიური უკუდო კალმარი (Euprymna scolopes) ღამეული მონადირეა. მას აქვს სინათლის წარმოქმნის უჩვეულო უნარი. კალმარი ამ სინათლეს ყურადღების მისაპყრობად კი არა, მთვარისა და ვარსკვლავების შუქში გაუჩინარების მიზნით წარმოქმნის. ამ ქმნილების საიდუმლო მასში არსებულ მანათობელ ბაქტერიასთან „თანამშრომლობაა“. მათი ჰარმონიული „თანამშრომლობა“ შესაძლოა ინახავდეს საიდუმლოს, რომლის გაგებაც დიდად წაგვადგება. ამან შეიძლება ჩვენს ჯანმრთელობას არგოს.
დაფიქრდით: ეს კალმარი ჰავაის კუნძულების სანაპიროების კამკამა წყლებში ბინადრობს. როგორც წესი, მთვარისა და ვარსკვლავების შუქი მას ადვილად შესამჩნევს უნდა ხდიდეს მის ქვევით მოცურავე მტაცებლებისთვის. თუმცა ჰავაიური კალმარი მუცლიდან გამოსცემს შუქს, რომელიც სიხშირითა და ინტენსივობით ძალიან წააგავს მთვარისა და ვარსკვლავების მიერ გამოცემულ სინათლეს. შედეგად მისი არც სილუეტი ჩანს და არც ჩრდილი. კალმარის ეს „მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა“ მისი მანათობელი ორგანოა, სადაც ბინადრობს მანათობელი ბაქტერია, რომელიც საკმარის სინათლეს წარმოქმნის საიმისოდ, რომ უჩინარი გახადოს თავისი პატრონი.
გარდა ამისა, შესაძლოა სწორედ ამ ბაქტერიის წყალობით არ ერღვევა კალმარს ძილის რეჟიმი. ამან მეცნიერების ყურადღება მიიპყრო, რადგან ამ ბაქტერიასა და დღეღამურ ციკლს შორის კავშირი მხოლოდ უკუდო კალმარში როდი არსებობს. მაგალითად, ბაქტერია, რომელიც ძუძუმწოვრებს საჭმლის მონელებაში ეხმარება, შესაძლოა დღეღამურ ციკლსაც არეგულირებდეს. ამ ციკლის მოშლა იწვევს დეპრესიას, დიაბეტს, ჭარბწონიანობასა და ძილის დარღვევას. ამგვარად, კალმარის მანათობელი ორგანოს შესწავლა, სადაც ეს ბაქტერიები ბინადრობენ, შესაძლოა დაეხმაროს მეცნიერებს ადამიანის ორგანიზმის უკეთ შესწავლაში.
რას ფიქრობთ? ევოლუციის გზით გაუჩნდა ჰავაიურ უკუდო კალმარს მანათობელი ორგანო, თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?