არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის თვალსაზრისი

მრუშობა

მრუშობა

მიუხედავად იმისა, რომ ცოლქმრული ერთგულება დიდად ფასობს, მრუშობა კვლავაც ხდება მრავალი ოჯახის დანგრევის მიზეზი.

რა არის მრუშობა?

რას ამბობს ხალხი:

ზოგ კულტურაში ქორწინების გარეშე სექსი, განსაკუთრებით ქმრის მხრიდან, დანაშაულად არ ითვლება. ზოგ კულტურაში კი ქორწინებას მუდმივ კავშირად არ მიიჩნევენ.

რას ამბობს ბიბლია:

ბიბლია მრუშობაში ძირითადად გულისხმობს ქორწინებაში მყოფი ადამიანის — როგორც კაცის, ისე ქალის — საკუთარი სურვილით სქესობრივ კავშირს მასთან, ვინც არ არის მისი მეუღლე (იობი 24:15; იგავები 30:20). ღვთის თვალში მრუშობა სისაძაგლეა. ძველ ისრაელში მრუშობისთვის სიკვდილით ისჯებოდნენ (ლევიანები 18:20, 22, 29). იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ არ ემრუშათ (მათე 5:27, 28; ლუკა 18:18—20).

რატომ არის მნიშვნელოვანი:

მრუშობით ადამიანი მეუღლესთან ქორწინებისას დადებულ აღთქმას არღვევს. ეს აგრეთვე ღვთის წინაშე ჩადენილი ცოდვაა (დაბადება 39:7—9). მრუშობამ შეიძლება შვილები მშობლებს დააშოროს. გარდა ამისა, ბიბლია გვაფრთხილებს, რომ „მრუშებს ღმერთი გაასამართლებს“ (ებრაელები 13:4).

„ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული და ცოლქმრული სარეცელი შეუბილწავი“ (ებრაელები 13:4).

ირღვევა მრუშობით ცოლქმრული კავშირი?

რას ამბობს ბიბლია:

ბიბლია უფლებას აძლევს ადამიანს, რომ შეწყვიტოს ცოლქმრული კავშირი მეუღლესთან, რომელმაც იმრუშა (მათე 19:9). ეს იმას ნიშნავს, რომ მრუშობის ჩადენის შემდეგ უდანაშაულო მეუღლეს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, გაეყრება თუ არა თავის მეუღლეს. ეს მისი პირადი გადასაწყვეტია (გალატელები 6:5).

მეორე მხრივ, ღვთის თვალში ქორწინება მუდმივი და წმინდა კავშირია (1 კორინთელები 7:39). ღმერთს სძულს, როცა ადამიანი უმნიშვნელო მიზეზების გამო ეყრება მეუღლეს, მაგალითად, იმის გამო, რომ უბრალოდ უკმაყოფილოა მისით. ამიტომ, განქორწინება უმნიშვნელო მიზეზების გამო არ უნდა მოხდეს (მალაქია 2:16; მათე 19:3—6).

„მე კი გეუბნებით: ვინც ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე ეყრება, მას მრუშობის საბაბს აძლევს“ (მათე 5:32).

მიუტევებელი ცოდვაა მრუშობა?

რას ამბობს ბიბლია:

არა! ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი წყალობას ავლენს მათ მიმართ, ვინც ინანიებს და წყვეტს ცოდვების ჩადენას, რაშიც მრუშობაც იგულისხმება (საქმეები 3:19; გალატელები 5:19—21). ბიბლიაში ვკითხულობთ იმ ადამიანების შემთხვევებს, რომლებმაც შეწყვიტეს მრუშობის ჩადენა და მოგვიანებით ღვთის მეგობრები გახდნენ (1 კორინთელები 6:9—11).

ღმერთმა წყალობა გამოავლინა ისრაელის მეფე დავითის მიმართ. დავითმა თავისი ჯარის ერთ-ერთი მეთაურის ცოლთან იმრუშა (2 სამუელი 11:2—4). ბიბლიიდან ნათლად ვხედავთ, რომ „არ მოეწონა იეჰოვას დავითის საქციელი“ (2 სამუელი 11:27). შეგონების შემდეგ დავითმა მოინანია და ღმერთმაც აპატია. თუმცა ის ვერ ასცდებოდა თავისი არასწორი საქციელის სავალალო შედეგებს (2 სამუელი 12:13, 14). ბრძენმა მეფე სოლომონმა თქვა: „ვინც . . . მრუშობს, უგუნურია“ (იგავები 6:32).

რის გაკეთება შეგიძლიათ:

თუ იმრუშეთ პატიება უნდა სთხოვოთ როგორც ღმერთს, ისე თქვენს მეუღლეს (ფსალმუნი 51:1—5). ღვთის მსგავსად შეიძულეთ მრუშობა (ფსალმუნი 97:10). მტკიცედ გადაწყვიტეთ, რომ მოერიდოთ პორნოგრაფიას, სექსუალურ ფანტაზიებს, ფლირტსა და ნებისმიერ რამეს, რაც საკუთარი მეუღლის გარდა სხვის მიმართ აღგიძრავდათ სექსუალურ სურვილებს (მათე 5:27, 28; იაკობი 1:14, 15).

თუ მეუღლემ გიღალატათ, დარწმუნებული იყავით, რომ ღმერთს ესმის თქვენი (მალაქია 2:13, 14). სთხოვეთ მას ნუგეში და ხელმძღვანელობა და „ის ამოგიდგებათ მხარში“ (ფსალმუნი 55:22). თუ გადაწყვეტთ, რომ აპატიოთ მეუღლეს და განაგრძოთ მასთან ცხოვრება, ორივე ყველანაირად უნდა შეეცადოთ, რომ კვლავ განამტკიცოთ ოჯახური კვანძები (ეფესოელები 4:32).

წინასწარმეტყველმა ნათანმა დავითს მონანიების შემდეგ უთხრა: „იეჰოვაც გვერდს აუვლის შენს ცოდვას“ (2 სამუელი 12:13).