არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა უნდა იცოდეთ მალარიაზე

რა უნდა იცოდეთ მალარიაზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2013 წელს მალარიით 198 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, აქედან სავარაუდოდ, 584 000 შემთხვევა ფატალურად დასრულდა. 5 დაღუპულიდან დაახლოებით 4 ხუთ წლამდე ბავშვი იყო. მსოფლიო მასშტაბით მალარია ასამდე ქვეყნისა და ტერიტორიისთვის წარმოადგენს საფრთხეს და დაახლოებით 3.2 მილიარდ ადამიანს აყენებს რისკის ქვეშ.

1 რა არის მალარია?

მალარია პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს მაღალი სიცხე, ციებ-ცხელება, ოფლიანობა, თავისა და სხეულის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და პირღებინება. სიმპტომები შეიძლება განმეორდეს ყოველ 48—72 საათში. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფორმის მალარია აქვს ადამიანს და რამდენი ხანი გრძელდება დაავადება.

2 როგორ ვრცელდება მალარია?

  1. მალარიის პარაზიტი — პარაზიტული უმარტივესი გვარის სახეობა, რომელსაც პლაზმოდიუმს უწოდებენ — ადამიანის სისხლში მდედრი კოღოს კბენის შემდეგ ხვდება. ეს კოღო ანოფელესის სახელით არის ცნობილი.

  2. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ პარაზიტები დაინფიცირებული ადამიანის ღვიძლში იბუდებენ და მრავლდებიან.

  3. როდესაც ღვიძლის უჯრედი სკდება, მასში არსებული პარაზიტები იჭრებიან დაინფიცირებული ადამიანის სისხლის წითელ უჯრედებში, სადაც განაგრძობენ გამრავლებას.

  4. დაინფიცირებული წითელი უჯრედის გასკდომის შემდეგ პარაზიტები უფრო მეტ წითელ უჯრედში აღწევენ.

  5. სისხლის წითელი უჯრედების დაინფიცირებისა და გასკდომის ციკლი არაერთხელ მეორდება. ყოველ ჯერზე, როცა სისხლის წითელი უჯრედები სკდება, დაავადებულ ადამიანში მალარიის სიმპტომები ვლინდება.

3 როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თავი?

თუ ისეთ ტერიტორიაზე ცხოვრობთ, სადაც მალარია ენდემურია:

  • გამოიყენეთ კოღოებისგან დამცავი ბადე, რომელიც უნდა იყოს . . .

    • სპეციალური ქიმიური ნივთიერებებით დამუშავებული.

    • დაუზიანებელი; არ უნდა ჰქონდეს ნახვრეტები.

    • მატრასის ქვეშ კარგად ამოგებული.

  • სახლში მოასხურეთ მწერების საწინააღმდეგო ქიმიური საშუალება.

  • თუ შესაძლებელია, კარებსა და ფანჯრებზე დააყენეთ დამცავი ბადეები. აგრეთვე გამოიყენეთ კონდიციონერი და ვენტილატორი, რომლებიც კოღოებს სახლში გაჩერების საშუალებას არ მისცემენ.

  • ატარეთ ღია ფერის ტანსაცმელი, რომელიც მთლიანად ფარავს სხეულს.

  • შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ბუჩქნარებსა და დაგუბებულ წყლებს, სადაც კოღოები ბუდობენ.

  • დაინფიცირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაიწყეთ მკურნალობა.

თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობას გეგმავთ, სადაც მალარია ენდემურია:

  • გამგზავრებამდე მოიძიეთ უახლესი ინფორმაცია. სხვადასხვა რეგიონში შეიძლება სხვადასხვა ფორმის მალარია იყოს გავრცელებული. სწორედ ეს განსაზღვრავს, თუ რომელი მედიკამენტი იქნება სამკურნალოდ ყველაზე ეფექტიანი. ასევე კარგი იქნება, დაელაპარაკოთ ოჯახის ექიმს, რომელიც გადახედავს თქვენს ჯანმრთელობის ისტორიას და შესაბამის რჩევებს მოგცემთ.

  • ადგილზე ყოფნისას გამოიყენეთ ამ სტატიაში მათთვის განკუთვნილი რჩევები, რომლებიც ისეთ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, სადაც მალარიაა გავრცელებული.

  • დაინფიცირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყეთ მკურნალობა. გაითვალისწინეთ, რომ სიმპტომები შეიძლება დაინფიცირებიდან პირველ ოთხ კვირაში გამოვლინდეს.