არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს | ახალგაზრდები

როცა შეყვარებულები ერთმანეთს შორდებიან

როცა შეყვარებულები ერთმანეთს შორდებიან

პრობლემა

„მეგონა, რომ შესაფერის ადამიანს შევხვდი. ვფიქრობდი, რომ მასთან ერთად მთელ სიცოცხლეს გავატარებდი. მაგრამ ორი თვის შემდეგ ერთმანეთს დავშორდით. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩვენი ურთიერთობა, რომელსაც შესანიშნავი დასაწყისი ჰქონდა, ასე სწრაფად დასრულდა“ (ანა). *

„თავიდან თითქოს ერთმანეთს მშვენივრად ვუგებდით. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი ურთიერთობა ქორწინებით დაგვირგვინდებოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებოდით. როცა გავაანალიზე, რომ სერიოზულ შეცდომას ვუშვებდი, შეყვარებულს დავშორდი“ (ელინი).

შენც ხომ არ გამოგიცდია მსგავსი რამ? თუ დიახ, ეს სტატია დაგეხმარება, გაუმკლავდე განშორებით გამოწვეულ ტკივილს.

რა უნდა იცოდე

განშორება მისთვისაც მტკივნეულია, ვინც პირველი დგამს ამ ნაბიჯს. სარა, რომელიც შეყვარებულს ექვს თვეში დაშორდა, იხსენებს: „თავს საშინლად ვგრძნობდი. ადამიანი, რომელსაც სულ ახლახან ცხოვრებასა და მომავალს ვუკავშირებდი, ჩემი ცხოვრებიდან საერთოდ გაქრა. დაშორების შემდეგ იმ სიმღერებს ვუსმენდი, რაც მასთან გატარებულ სასიამოვნო დროს მახსენებდა და იმ ადგილებს ვინახულებდი, სადაც ერთად დავდიოდით ხოლმე, რაც კიდევ უფრო მიძლიერებდა დაშორებით გამოწვეულ ტკივილს. მართალია, განშორების ინიციატორი მე ვიყავი, მაგრამ თავს მაინც ძალიან ცუდად ვგრძნობდი“.

ტკივილის მიუხედავად, განშორება ზოგჯერ კარგიც კია. „არ გინდა, შეყვარებულს გული ატკინო, მეორე მხრივ არც ის გინდა, რომ საბოლოოდ ორივეს დიდი ზიანი მოგაყენოთ ურთიერთობამ, რომელიც კარგად არ ეწყობა“, — აღნიშნავს ელინი. მის აზრს სარაც იზიარებს, რომელიც ასეთ რამეს ამბობს: „ჩემი აზრით, თუ ტრფობის პერიოდში ვერ გრძნობ თავს შეყვარებულთან ბედნიერად, ალბათ ვერც დაქორწინების შემდეგ იგრძნობ. ამიტომ ასეთ დროს დაშორება საუკეთესო გადაწყვეტილებაა“.

თუ შეყვარებულს შორდები, სულაც არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანი ხარ. ტრფობის პერიოდი ყოველთვის ქორწინებით არ გვირგვინდება, ზოგჯერ ის განშორებით მთავრდება. თუ მიჯნურობის დროს სერიოზული პრობლემები გაქვთ, შესაძლოა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება დაშორება აღმოჩნდეს. თუ თქვენი ურთიერთობა წარუმატებლად დასრულდა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი ადამიანი ხარ. იცოდე, რომ ცხოვრება ამით არ მთავრდება; ტკივილთან გამკლავება შესაძლებელია. მაგრამ როგორ?

როგორ შეგიძლია მოიქცე

გააცნობიერე ის ტკივილი, რაც განშორებას ახლავს თან. „უბრალოდ მეგობარი კი არა, საუკეთესო მეგობარი დავკარგე“, — გვიზიარებს სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ელინი. გასაკვირი არაფერია იმაში, თუ საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ დიდ ტკივილს განიცდი. ახალგაზრდა კაცი, სახელად ადამი ამბობს: „მაშინაც კი, როცა ხვდები, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, თავს მაინც ძალიან ცუდად გრძნობ“. შესაძლოა ისეთივე გრძნობები დაგეუფლოს, როგორიც ბიბლიაში მოხსენიებულ მეფე დავითს, რომელმაც ძლიერი ემოციური ტკივილის დროს დაწერა: „მთელი ღამე ცრემლით ვასველებ საწოლს“ (ფსალმუნი 6:6). თავი არ მოიტყუო, თითქოს არაფერი ხდება. ასეთ დროს გულისტკივილი და განცდა სავსებით ნორმალურია. ამის გათვითცნობიერება პირველი ნაბიჯია მდგომარეობიდან გამოსასვლელად (ბიბლიური პრინციპი: ფსალმუნი 4:4).

ურთიერთობა იქონიე მათთან, ვინც შენზე ზრუნავს. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყოველთვის არ არის ადვილი. ზემოხსენიებული ანა ამბობს: „თავიდან არავის დანახვა არ მინდოდა. დრო მჭირდებოდა, რომ თავში ყველაფერი დამელაგებინა და გამეაზრებინა, რა მოხდა“. მოგვიანებით ანა მიხვდა, რომ გონივრული იქნებოდა, თუ დროს ახლო მეგობრებთან გაატარებდა, რომლებიც გაამხნევებდნენ და მხარში ამოუდგებოდნენ. ის განაგრძობს: „ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ და განშორებას ისე მძაფრად აღარ განვიცდი, როგორც მაშინ“ (ბიბლიური პრინციპი: იგავები 17:17).

ისწავლე საკუთარი გამოცდილებიდან. ჰკითხე საკუთარ თავს: „ამ შემთხვევამ ხომ არ დამანახვა, რაში მჭირდება გაუმჯობესება? რა მოხდება, თუ სხვასთან ურთიერთობისას სხვაგვარად მოვიქცევი?“. ახალგაზრდა ქალი, მარსია ამბობს: „მართალია, დროის სვლასთან ერთად უფრო გამიადვილდა მომხდარის გაანალიზება, მაგრამ საკმაო დრო დამჭირდა იმისათვის, რომ მდგომარეობა ემოციებით კი არა, საღი აზრით შემეფასებინა“. ზემოთ მოხსენიებულ ადამსაც მსგავსი გრძნობები აქვს. ის ამბობს: „ერთი წელი დამჭირდა, რომ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. საკუთარი გამოცდილებიდან სწავლას კი გაცილებით დიდი ხანი მოვანდომე. შედეგად, უკეთ გავიცანი საკუთარი თავი და ბევრი რამ ვისწავლე როგორც საპირისპირო სქესის, ისე ზოგადად ურთიერთობების შესახებ. ახლა განშორებას ისე მტკივნეულად აღარ აღვიქვამ, როგორც მაშინ“.

ილოცე საწუხარზე. ბიბლია ამბობს, რომ ღმერთი „კურნავს გულგატეხილებს და უხვევს მტკივნეულ ჭრილობებს“ (ფსალმუნი 147:3). მართალია, ღმერთი არავის ურჩევს ცხოვრების თანამგზავრს და არც შეყვარებულებს აშორებს ერთმანეთს, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული იყავი: მას აღელვებს შენი კეთილდღეობა. ამიტომ გრძნობები ღმერთს ლოცვაში გადმოუღვარე (ბიბლიური პრინციპი: 1 პეტრე 5:7).

^ აბზ. 4 ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.