არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს | ქორწინება

როგორ მოვიბოდიშოთ

როგორ მოვიბოდიშოთ

პრობლემა

ეს-ეს არის მეუღლესთან კამათი მოგივიდათ. „მე საბოდიშო არაფერი მაქვს, კამათი მე არ დამიწყია“, — ამბობთ თქვენთვის.

კამათი შეწყვიტეთ, მაგრამ მდგომარეობა კვლავაც დაძაბულია. ფიქრობთ, რომ მობოდიშება საჭიროა, მაგრამ ძალიან გიჭირთ ერთი უბრალო სიტყვის თქმა — მაპატიე.

მიზეზი

სიამაყე. „ზოგჯერ ბოდიშის მოხდა იმიტომ მიჭირს, რომ წინ პატივმოყვარეობა მეღობება“, — ამბობს ერთი დაოჯახებული მამაკაცი, სახელად ჩარლზი. * მეტისმეტი სიამაყის გამო შეიძლება ძალიან გაგიჭირდეთ იმის აღიარება, რომ რაღაცაში ბრალი თქვენც მიგიძღვით.

შეხედულება. შესაძლოა ფიქრობთ, რომ მობოდიშება თქვენი მხრიდან იმ შემთხვევაში იქნება უპრიანი, თუ პრობლემის მიზეზი უშუალოდ თქვენ ხართ. ერთი ქალბატონი, სახელად ჯილი, ამბობს: „როდესაც ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული ჩემს შეცდომაში, ბოდიშის მოხდა მიადვილდება. მაგრამ, თუ ორივემ ვთქვით სანანებელი სიტყვები, ძნელია ბოდიშის მოხდა. მე რატომ უნდა მოვიხადო ბოდიში, თუ ორივემ დავაშავეთ?“.

თავის მართლება უფრო მეტად მაშინ შეიძლება დაიწყოთ, თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი თქვენი მეუღლის ბრალია. ერთი ქმარი, სახელად ჯოზეფი, გვიზიარებს: „როცა გულწრფელად გჯერა, რომ არაფერი დაგიშავებია, თვლი, რომ შენი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბოდიში არ უნდა მოიხადო“.

აღზრდა. შესაძლოა ისეთ ოჯახში აღიზარდეთ, სადაც სიტყვა „ბოდიშს“ თითქმის ვერ გაიგონებდით. ასეთ გარემოში ცხადია, შეცდომების აღიარებას ვერ ისწავლიდით. თუ ბავშვობაში ძალიან იშვიათად გიწევდათ ბოდიშის მოხდა, ბუნებრივია, გულწრფელი მობოდიშება ვერც დიდობაში გახდებოდა თქვენი ბუნების ნაწილი.

გამოსავალი

მობოდიშებას შეუძლია უთანხმოების ცეცხლი ჩააქროს

იფიქრეთ მეუღლეზე. გაიხსენეთ ის მომენტი, როცა ვიღაცამ მოგიბოდიშათ და ის, თუ რა კარგად იგრძენით ამ დროს თავი. ნუთუ არ გინდათ, რომ თქვენმა მეუღლემაც მსგავსად იგრძნოს თავი? მაშინაც კი, როდესაც თქვენს უდანაშაულობაში დარწმუნებული ხართ, ბოდიში იმიტომ უნდა მოიხადოთ, რომ მეუღლეს გული ეტკინა, ან იმის გამო, რომ თქვენმა უნებლიე საქციელმა გაანაწყენა. ამგვარად, მეუღლეს ტკივილს დაუამებთ (ბიბლიური პრინციპი: ლუკა 6:31).

იფიქრეთ თქვენს ქორწინებაზე. ბოდიში საკუთარ დამარცხებად არ აღიქვათ; მას ისე უყურეთ, როგორც თქვენი ქორწინების გადამრჩენ საშუალებას. იგავების 18:19-ში ნათქვამია, რომ პიროვნება, რომელიც განაწყენებული რჩება, „ძლიერ ქალაქზე მეტად მიუდგომელია“. მართლა ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელი, აღადგინო მშვიდობა ადამიანთან, რომელსაც ვერაფრით მიუდგები. მეორე მხრივ, როცა ბოდიშს იხდით, წყენა გადაულახავ ბარიერად არ გექცევათ. ფაქტობრივად, ასე მოქმედებით, საკუთარ თავზე წინ თქვენს ქორწინებას აყენებთ (ბიბლიური პრინციპი: ფილიპელები 2:3).

ნუ დააყოვნებთ ბოდიშის მოხდას. მობოდიშება შეიძლება მაშინ უფრო გაგიჭირდეთ, როცა უდანაშაულო ხართ. თუმცა მაშინაც კი, როცა მეუღლეა დამნაშავე, არ გაქვთ საკუთარი არასწორი საქციელის გამართლების უფლება. ამიტომ, ნუ დააყოვნებთ ბოდიშის მოხდას და ნუ იფიქრებთ, რომ დრო გააქარვებს წყენას. თქვენმა მობოდიშებამ შეიძლება მეუღლესაც გაუადვილოს ბოდიშის მოხდა. რაც უფრო ხშირად მოიხდით ბოდიშს, მით უფრო გაგიადვილდებათ ამის გაკეთება (ბიბლიური პრინციპი: მათე 5:25).

გულწრფელად მოიხადეთ ბოდიში. საკუთარი საქციელის გამართლება ბოდიშის მოხდას არ ნიშნავს და ვერც სარკასტული ტონით ნათქვამი შემდეგი სიტყვები ჩაითვლება მობოდიშებად: „ბოდიში, არ მეგონა ასეთი მგრძნობიარე თუ იყავი“. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვებსა თუ საქციელზე და ბოდიში თუნდაც იმის გამო მოიხადეთ, რომ მეუღლეს გული ეტკინა. არა აქვს მნიშვნელობა ამის მიზეზი ნამდვილად მიეცით თუ არა.

თვალი გაუსწორეთ სინამდვილეს. იყავით საკუთარ თავთან გულწრფელი და თავმდაბლურად აღიარეთ, რომ შეცდომებს თქვენც დაუშვებთ. ბოლოს და ბოლოს, შეცდომებს ყველა უშვებს. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ მოცემულ სიტუაციაში ბრალი არაფერში მიგიძღვით, აღიარეთ, რომ მდგომარეობის თქვენეული შეფასება შესაძლოა, სრულ სურათს ვერ ასახავდეს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „სასამართლოში პირველი გამომსვლელი მართალია, სანამ არ მოვა მისი მოძმე და ამხილებს მას“ (იგავები 18:17). ბოდიშის მოხდა გაგიადვილდებათ, თუ საკუთარ თავს რეალურად აფასებთ და ხვდებით, რომ შეცდომებს თქვენც უშვებთ.

^ აბზ. 7 ამ სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.