არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს | ახალგაზრდები

როცა სახლში დაბრუნება გარდაუვალია

როცა სახლში დაბრუნება გარდაუვალია

პრობლემა

დასავლეთის ქვეყნებში ახალგაზრდები მშობლიურ კერას ტოვებენ, რათა დამოუკიდებლად გაიკვალონ ცხოვრების გზა. ზოგჯერ სერიოზული ფინანსური პრობლემების გამო ისინი კვლავ მშობლებთან ბრუნდებიან. ასეთ ახალგაზრდებს „ბუმერანგის თაობას“ უწოდებენ. შენთვისაც ნაცნობი ხომ არ არის ეს სიტუაცია?

რაც უნდა ძალიან გიყვარდეს მშობლები, სახლში დაბრუნება შეიძლება მაინც გაგიჭირდეს. მაგალითად, სარა * ასეთ რამეს ამბობს: „ცალკე ცხოვრებამ თავდაჯერებულობა შემმატა, რადგან სხვაზე აღარ ვიყავი დამოკიდებული. მაგრამ, როცა მშობლებთან დავბრუნდი, კვლავ ბავშვივით უსუსურად ვიგრძენი თავი“. სახლში დაბრუნება არც რიჩარდისთვის ყოფილა ადვილი, რომელიც ამბობს: „უკან დაბრუნება ძალიან მიჭირდა, მაგრამ თავს ვეღარ ვირჩენდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ დავმარცხდი“.

თუ შენც მსგავს მდგომარეობაში ხარ, ეს სტატია დაგეხმარება, ფინანსურად კვლავ გაიმართო წელში.

მიზეზი

ფული. სახლიდან წასული ბევრი ახალგაზრდა შოკში ვარდება, როცა ათვითცნობიერებს, რა ძვირი ჯდება დამოუკიდებლად ცხოვრება. რიჩარდი აღნიშნავს: „მთელი დანაზოგი დამეხარჯა“. მსგავსი რამ დაემართა შაინასაც, რომელმაც მშობლიური კერა 24 წლის ასაკში დატოვა, მაგრამ წელიწად-ნახევარში უკან დაბრუნდა. ის ამბობს: „ფული უფრო გონივრულად უნდა დამეხარჯა. სახლში ცარიელ-ტარიელი, ვალებით სავსე დავბრუნდი“. *

უმუშევრობა. სამუშაოს დაკარგვამ შეიძლება კარგად მოფიქრებული გეგმებიც კი ჩაშალოს. ასე მოხდა შაინას შემთხვევაში. ის გვიყვება: „სამედიცინო კურსები გავიარე, შემდეგ კი დასაქმების სააგენტოს წყალობით სამსახურიც ვიშოვე, მაგრამ, როცა მოულოდნელად სამუშაო დავკარგე, ცუდ დღეში ჩავვარდი. ვინაიდან სოფელში ვცხოვრობდი, ჩემს სპეციალობას იქ დიდი გასაქანი არ ჰქონდა“.

არარეალური მოლოდინი. ზოგი ახალგაზრდა ისე იწყებს მუშაობას, რომ წარმოდგენა არა აქვს, რამდენად რთულია თავის რჩენა. ზოგისთვის მუშაობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა. მათ აღმოაჩინეს, რომ სანატრელი დამოუკიდებელი ცხოვრება არც ისე მიმზიდველი ყოფილა. მათ ნამდვილად არ ეგონათ, რომ დამოუკიდებლობა ასეთი რთული იქნებოდა.

გამოსავალი

აუხსენი მშობლებს შენი მდგომარეობა და უთხარი, რომ მათთან დაბრუნებას აპირებ. იმსჯელე მათთან შემდეგ საკითხებზე: რამდენ ხანს აპირებ დარჩენას, როგორ შეეხიდები მშობლებს, მაგალითად სახლის საქმეებში და ხარჯების დაფარვაში. ისიც უთხარი, როგორ აპირებ ფინანსური პრობლემების მოგვარებას. ასაკის მიუხედავად, გახსოვდეს, რახან მშობლების ჭერქვეშ ცხოვრობ, მათ წესებს უნდა დაემორჩილო (ბიბლიური პრინციპი: გამოსვლა 20:12).

ისწავლე ფულის ყაირათიანად ხარჯვა. მოზარდებისა და კოლეჯის სტუდენტების საყურადღებოდ ერთ წიგნში, რომელიც ეხება ფინანსების სწორად განკარგვას, აღნიშნულია: „ფინანსების წარმატებულად განკარგვა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რაში ხარჯავ ფულს . . . ფულის ყაირათიანად ხარჯვა რომ შეძლო, უაღრესად მნიშვნელოვანია, გესმოდეს, რომ ის არასაჭირო ნივთებში არ უნდა დახარჯო“ (ბიბლიური პრინციპი: ლუკა 14:28).

იკითხე რჩევა. მშობლებსა თუ სხვა გამოცდილ ადამიანებს შეუძლიათ გასწავლონ, როგორ შეადგინო კარგი ბიუჯეტი, როგორ დაზოგო ფული გადასახადებში და რა უნდა გაითვალისწინო საბანკო სესხისა თუ კრედიტის აღების დროს. ახალგაზრდა ქალი, სახელად მარია, ამბობს: „მომიწია, ძირფესვიანად გადამეხედა ხარჯებისთვის. ჩემი მეგობარი დამეხმარა, ჩამომეწერა საჭირო და არასაჭირო ხარჯები. ვერ ვიჯერებდი, რომ თურმე ფულს ძირითადად არასაჭირო ნივთებში ვხარჯავდი. აგრეთვე ვისწავლე, როგორ შემეძინა მეტად მნიშვნელოვანი თვისება, თვითდისციპლინა, რის გარეშეც დამოუკიდებლად ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია“ (ბიბლიური პრინციპი: იგავები 13:10).

გახსოვდეს, უფრო მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რას აკეთებ, არამედ ის, თუ რამდენად კარგად აკეთებ

არ შემოიფარგლო ერთი კონკრეტული სამუშაოს ძებნით. შენთვის სასურველი სამუშაოს ძებნის პროცესშიც კი არ დაკარგო დრო უქმად. ზოგმა შეიძლება გითხრას, რომ მხოლოდ შენთვის საოცნებო სამსახურზე უნდა დათანხმდე. მაგრამ მარტო საოცნებო სამსახურის ძებნით საკუთარ თავს ნაკლებ არჩევანს უტოვებ და შეიძლება ხელიდან გაუშვა ძალიან კარგი შესაძლებლობა. ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტული სამუშაოს ძებნას დრო შეალიო, ეცადე, სხვა ვარიანტებზეც იფიქრო. გახსოვდეს, უფრო მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რას აკეთებ, არამედ ის, თუ რამდენად კარგად აკეთებ. პრაქტიკამ ცხადყო, რომ თავის საქმეში გამოცდილი და დახელოვნებული ადამიანი საქმეს უფრო სიამოვნებით ასრულებს. სავსებით შესაძლებელია, შეიყვარო საქმე, რომელიც თავიდან გულზე არ გეხატებოდა.

^ აბზ. 5 ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 8 შეერთებულ შტატებში ხშირად კოლეჯის სტუდენტებიც ანალოგიურ პრობლემას ხვდებიან. ერთ ჟურნალში აღნიშნული იყო, რომ სტუდენტი, რომელიც სწავლის საფასურის დასაფარად სესხს იღებს, საბოლოოდ, ვალად დაახლოებით 33 000 დოლარი ედება (The Wall Street Journal).