არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვანდალიზმი მოისპობა

ვანდალიზმი მოისპობა

ვანდალიზმი მოისპობა

„მოზარდების მიერ ჩადენილ ვანდალიზმს ყოველთვის უფროსებისა და მათ მიერ დადგენილი ნორმებისადმი უპატივცემლობად და პროტესტის გამოვლინებად თვლიან“ — აღნიშნავენ ჯეინ ნორმანი და მირონ უ. ჰარისი. თუმცა მრავალ ახალგაზრდას სჯერა, რომ მდგომარეობის შეცვლა შეუძლებელია, „სამიდან ერთი ფიქრობს, რომ ვანდალიზმს არ ექნებოდა ასეთი მასშტაბი, მშობლებს შვილებისთვის მეტი ყურადღება რომ მიექციათ და ახალგაზრდები ასე უსაქმოდ რომ არ ყოფილიყვნენ“ — აღნიშნავენ ისინი. მაშინ როდესაც ახალგაზრდების დასაქმებითა და მშობლების მხრიდან მეტი ყურადღებით ვანდალიზმის შემთხვევები შეიძლება შემცირდეს, მისი ფესვების ამოსაძირკვად მხოლოდ ეს საკმარისი იქნება?

ბევრი ახალგაზრდა, როდესაც მარტოა, არაფერს აშავებს, მაგრამ საზოგადოებაში ცდილობს ბოროტებითა და უგუნური საქციელით ყურადღება მიიქციოს. ასე იყო ნელსონიც, რომელიც ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ზემოქმედების დროს რისხვასა და უკმაყოფილებას ვანდალური აქტებით გამოხატავდა. კათოლიკურ ეკლესიაში მიწის რეფორმასა და მუშათა უფლებებთან დაკავშირებული ქადაგებით გაღიზიანებულმა ჟოზემ გადაწყვიტა, გაფიცვაში მიეღო მონაწილეობა და პროტესტის ნიშნად ვანდალური აქტი მოაწყო. მაგრამ მოგვიანებით, როგორც ნელსონმა, ისე ჟოზემ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა თუ ვანდალიზმზე ბევრად უკეთესი რამ იპოვა.

ვანდალიზმის უფრო საფუძვლიანი მიზეზები

მოდი უფრო დაწვრილებით გამოვიკვლიოთ, რატომ სჩადის ზოგი ახალგაზრდა ვანდალურ აქტს. მრავალი მოზარდი დაბნეულია და “მსოფლიო გიჟებით სავსე, არეულ-დარეულ, არანორმალურ ადგილად წარმოუდგენია“. მაგრამ, ზოგის აზრის საწინააღმდეგოდ, ერთ ცნობაში ნათქვამია: „მოზარდებს აწუხებთ, როგორი იქნება მათი ცხოვრება. ისინი ამაზე უფრო მეტს ფიქრობენ, ვიდრე უფროსებს ჰგონიათ“. ნებით თუ უნებლიედ, ვანდალური აქტის ჩამდენი ახალგაზრდები ამგვარად გამოხატავენ ღრმა იმედგაცრუებას, პრობლემების მოუგვარებლობასა თუ მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობას. ზემოთ მოხსენიებული გამოკითხვის თანახმად, „არც ერთი გამოკითხული არ იცავს და არ ამართლებს ვანდალიზმს; ისინიც კი ვისაც თვითონ მიუღიათ ამაში მონაწილეობა“.

ახალგაზრდებს შეიძლება არც თუ ისე ხშირად ესმით მათი მისამართით ნათქვამი მადლიერებისა და გამხნევების სიტყვები. მათ შესაძლებელია, საკუთარ ძალებში ეჭვი ეპარებოდეთ, რადგან განათლების მიღება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება და სამსახურში მოსაწყობად ბევრგან მაღალი დონის სპეციალიზებული ცოდნა მოითხოვება . . . გარდა ამისა, მშობლები, მასწავლებლები და თანატოლები შეიძლება ძალიან კრიტიკულები და მომთხოვნები იყვნენ, და ახალგაზრდის წარმატებებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ვიდრე მის პიროვნებას. მრავალი ჯანყდება ან ვანდალიზმს მიმართავს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავით უკმაყოფილოა. განა მშობლების მხრიდან გამოვლენილი სიყვარული და ყურადღება დიდად არ შეუმსუბუქებდა მათ გასაჭირს?

ალბათ შენიშნავდით, რომ შეწუხებული მოქალაქეები ჯერაც მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლებისგან მოელიან ვანდალიზმის ალაგმვას, თუმცა კედლებზე წარწერებისა თუ წესრიგის დარღვევის სხვა ფორმების წინააღმდეგ ბრძოლა გარკვეულმა პასუხისმგებელმა ორგანოებმა შეწყვიტეს. სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის შესახებ „მსოფლიო ენციკლოპედია“ აღნიშნავს: „ვანდალიზმისთვის ჯარიმის გადახდით ან დაპატიმრებით ისჯებიან. ზოგი ქვეყნის მთავრობას შემუშავებული აქვს კანონები, რომელთა თანახმადაც, შვილების მიერ ჩადენილ ვანდალიზმზე მშობლები აგებენ პასუხს. მაგრამ ხშირად ვანდალიზმისთვის არ ისჯებიან. ასეთ დროს სამართალდამცავი ორგანოების ჩარევა რთულია, რადგან მიყენებული ზარალი იმხელა არ არის, რომ ღირდეს მასზე რეაგირება“. ერთ-ერთ ცნობაში ისიც კი იყო ნათქვამი, რომ მხოლოდ 3 პროცენტს წაასწრეს დანაშაულზე.

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ მშობლის მოვალეობის ზედმიწევნით კარგად შესრულება წესრიგის დარღვევის ფესვების ამოსაძირკვად საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ, როდესაც ოჯახში ნორმალური ატმოსფერო არ არის, საზოგადოების მდგომარეობაც არასახარბიელოა. სან-პაულუს (ბრაზილია) უნივერსიტეტის პროფესორი ანა ლუიზა ვიეირა დე მატოსი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდებთან დაკავშირებით პრობლემების ზოგ მიზეზს „მშობლების მხრიდან თითქმის უმეთვალყურეობა, არავითარი ხელმძღვანელობა, ზერელე ურთიერთობა, [შვილების] უგულებელყოფა და მათდამი გულცივობის ან უინტერესობის გამოვლენა“ წარმოადგენს.

დღეს ჩვენ ნამდვილად ვხედავთ იესოს სიტყვების შესრულებას: „რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული“ (მათე 24:12). ან ვინ არ დაეთანხმება 2 ტიმოთეს 3:1–4-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებას? მოციქული პავლე წერდა: „იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება, ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, გაბღენძილნი, უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა“. ფაქტია, რომ ასეთ ხალხს შორის უბრალოდ ცხოვრებაც კი ხელს უწყობს წესრიგის დარღვევას. მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ. ზოგადად რომ ვთქვათ, საზოგადოებამ ვერ შეძლო ვანდალიზმის მოსპობა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც შეიცვალეს ცხოვრების წესი და აღარ არიან უხეშები და თავხედები. მათ შეწყვიტეს ვანდალური მოქმედებები.

ახალგაზრდებისთვის სწორი გეზის მიმცემი ხელმძღვანელობა

რა დაეხმარა ვანდალებსა თუ სხვებს საკუთარი პიროვნების გარდაქმნაში? მიუხედავად იმისა, რომ ზოგი პედაგოგისა და მშობლისთვის ეს დაუჯერებელია ბიბლია გვთავაზობს შესანიშნავ და დროულ ხელმძღვანელობას. ბიბლიის რჩევების გამოყენებამ ყოფილი ვანდალები ღვთის ერთი სპეციფიკური კანონის მორჩილებისკენ აღძრა: „უმრავლესობას ნუ აჰყვები ბოროტ საქმეში“ (გამოსვლა 23:2). მრავალი მიიზიდა ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებამ იმ მრწამსისა და სწავლებების შესახებ, რომლებიც ადრე არ ესმოდათ და ამან მათზე დადებითი გავლენა იქონია. განვიხილოთ ერთი ახალგაზრდის, სან-პაულელი ჟოზეს, შემთხვევა. მას ბავშვობიდანვე სწამდა, რომ აუცილებელი იყო ხატების თაყვანისცემა, მაგრამ როდესაც გაიგო, რომ ღმერთს აქვს სახელი, იეჰოვა, და მას არ მოსწონს ხატების მსახურება, შეიცვალა და ღვთისმოსაწონად მოქმედება დაიწყო (გამოსვლა 20:4, 5; ფსალმუნი 82:19, [83:18 აქ]; 1 იოანე 5:21; გამოცხადება 4:11).

ნელსონი ბოროტმოქმედთა ჯგუფებსა და გაფიცვებში მონაწილეობის შემდეგ ერთიმეორეზე მიყოლებით იმედგაცრუების ნაცვლად, ახლა მომავლის ნამდვილ იმედს ატარებს, რაც მას უდიდეს შვებას ჰგვრის. ის ამბობს: „ცუდი მეგობრებისა და ნარკომანობის გამო ადრე ოჯახმა უარმყო, მაგრამ ახლა სახლში ყველაზე მეტად მე მცემენ პატივს. მამა ხშირად მთხოვს, უფროსი ძმები დავარიგო. რაც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე, გავიგე რა არის სიხარული, რადგან ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცა“. მარკოსნაირი ქალაქელი ბიჭისთვის, რომელიც ბოროტმოქმედთა წრეში ცხოვრებას იყო მიჩვეული, იმის გაგება, რომ ღვთის სამეფო მთელ დედამიწას სამოთხედ აქცევს, ნამდვილად გულისამაჩუყებელი იყო (გამოცხადება 21:3, 4).

განვიხილოთ აგრეთვე ბანდის ყოფილი წევრის, ჩხუბისთავისა და ვანდალის შემთხვევა. ვალტერი ობლობაში გაიზარდა და საშინელი ბავშვობა ჰქონდა. ამიტომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ გახრწნილ ბოროტ სისტემაში ღვთის ხალხის არსებობამ, ხალხისა, რომელიც ცხოვრებაში ბიბლიური პრინციპების გამოყენებას და თანაგრძნობის, თავაზიანობისა და სიკეთის გამოვლენას გულწრფელად ყოველ ღონეს ახმარს. ვალტერი ყვება: „იესოს აღთქმისამებრ ახლა ძალზე დიდი ოჯახი მაქვს, მყავს ‘ძმები და დები, დედები და მამები’, ხოლო რაც შეეხება მომავალს, მოველი დროს, როდესაც ხალხი ღვთის სამართლიანი მთავრობის ხელმძღვანელობით ერთიანობაში ბედნიერად იცხოვრებს“ (მარკოზი 10:29, 30; ფსალმუნი 36:10, 11, 29).

პროტესტზე უკეთესი

სხვებისადმი თავაზიანობისა და სიყვარულის გამოვლენის გარდა, ამ ყოფილმა ვანდალებმა ‘ბოროტების შეძულებაც’ ისწავლეს (ფსალმუნი 96:10; მათე 7:12). რა შეიძლება ითქვას თქვენს შესახებ? მაშინაც კი, თუ საყოველთაოდ გავრცელებული ვანდალიზმის მსხვერპლი ხართ, ღვთის სიტყვის შესწავლა იეჰოვას რეალურ, მოსიყვარულე ზეციერ მამად გიქცევთ, მამად, რომელსაც თქვენზე მზრუნველობის გაწევის სურვილი აქვს (1 პეტრე 5:6, 7). თქვენი სისუსტეებისა და სიღარიბის მიუხედავად, ღმერთს შეუძლია სულიერ ზრდაში დაგეხმაროთ. ეს კი სასწაულია!

იეჰოვასა და მის ძეს, იესო ქრისტეს, ნამდვილად სურთ, რომ ყველანაირ ადამიანს ჰქონდეს ბიბლიური ჭეშმარიტების შესწავლის შესაძლებლობა. ღვთის სიტყვას დღეს ვანდალიზმისგან ხალხის ხსნაზე მეტის ძალა შესწევს. მას შეუძლია ადამიანები აღძრას, მიჰყვნენ ღვთის პრინციპებს. შედეგად ისინი სიწმინდითა და კარგი ქცევით ცნობილი საერთაშორისო საძმოს, იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო კრების, წევრები ხდებიან. ეფესელთა 4:24-ის თანახმად, ამ გულწრფელმა ქრისტიანებმა ‘შეიმოსეს ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით’. მალე დედამიწა ასეთი ადამიანებით აივსება, რადგან მხოლოდ ისინი გადარჩებიან და იცხოვრებენ მარადიულად.

ვანდალიზმისგან თავისუფალი ახალი ქვეყნიერება ნამდვილად იქნება

გჯერათ, რომ ვანდალიზმი ნამდვილად ძირფესვიანად აღმოიფხვრება? თუ დიახ, როგორ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს? ღვთის სამეფო მალე მოსპობს ამ ბოროტ სისტემას. დედამიწაზე იმ დროს მცხოვრები თითოეული ადამიანი პასუხს აგებს ღვთის სამართლიანი კანონებიდან ნებისმიერის შეგნებულად დარღვევის გამო (შეადარეთ ესაია 24:5, 6). მაშინ როცა „ბრალეულნი ერთიანად მოისპობიან“, სიმართლის მოყვარულები შვებით ამოისუნთქავენ. „დაეხმარება მათ უფალი და დაიხსნის; დაიხსნის ბოროტთაგან და უშველის, რადგან მასზე არიან მინდობილნი“ (ფსალმუნი 36:38-40).

ნამდვილად, ვანდალიზმის ფესვები ამოიძირკვება. იგივე დაემართება ყოველგვარ ბოროტმოქმედებას, ჩაგვრას, ტანჯვასა და ბოროტებას. მათ ნაცვლად ახალ ქვეყნიერებაში მშვიდობა, ჭეშმარიტი სამართლიანობა და უსაფრთხოება დაისადგურებს. ესაიას 32:18 აღგვიწერს, რა მოხდება პირდაპირი გაგებით: „დამკვიდრდება ჩემი ერი მშვიდობის სამყოფელში, მყუდრო სავანეებში და უზრუნველ სადგომებში“. დიახ, შესანიშნავი, გრანდიოზული სამოთხე დასახლებული იქნება ადამიანებით, რომლებიც ერთმანეთის მიმართ სიყვარულსა და თავაზიანობას გამოავლენენ.

ყოფილი ვანდალები, სხვა მილიონებთან ერთად, უკვე დღესაც ტკბებიან იეჰოვა ღმერთთან ახლო ურთიერთობით. ისინი არანაირ მონაწილეობას აღარ ღებულობენ ვანდალიზმში. მისცემთ თუ არა ღვთის სიტყვას იმის საშუალებას, რომ თქვენც წარგიძღვეთ ახალ ქვეყნიერებაში? რატომ არ უნდა გავიმეოროთ ძველი დროის ფსალმუნმომღერლის სიტყვები, რომელმაც იეჰოვას განაცხადი გადმოგვცა: „გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი, თვალს დავიჭერ შენზე“ (ფსალმუნი 31:8).

[სურათი 7 გვერდზე]

მშობლების ყურადღება და სიყვარული იცავს ახალგაზრდებს.