არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვანდალიზმი — რატომ?

ვანდალიზმი — რატომ?

ვანდალიზმი — რატომ?

„არაფერი მაქვს სათქმელი“. ეს სიტყვები უზარმაზარი ასოებით იყო დაწერილი სან-პაულუს ერთ-ერთი კვარტალის ახლად შეღებილ კედელზე. ეს ვანდალიზმია, შეიძლება იფიქროთ თქვენ, მაგრამ კედლებზე წარწერების გაკეთება ვანდალიზმის მხოლოდ ერთ-ერთი სახეა.

წარმოიდგინეთ, რომ ვანდალებმა ახალი მანქანა დაგიმახინჯეს. ან შეიძლება შეგინიშნავთ, რომ საზოგადოებრივი საკუთრება, რომლითაც ბევრი სარგებლობს, ვანდალების მიერ დამახინჯებული ან დანგრეულია. რატომ? დიახ, რატომ? ოდესმე გიფიქრიათ, რატომ არის ვანდალიზმის შემთხვევები ასე მომრავლებული? ბევრგან ვანდალები თითქოს სიამოვნებით აფუჭებენ ან ამტვრევენ ტელეფონის ჯიხურებს. ხშირად მათი სამიზნე საზოგადოებრივი ტრანსპორტია; მაგალითად, მატარებლები ან ავტობუსები. ერთი შეხედვით, ვანდალებისთვის ყველაფერი სულ ერთია. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში რა დგას ვანდალიზმის უკან, ვანდალიზმისა, რომელსაც ვხედავთ ან რომელიც ზიანს გვაყენებს?

რიო-დე-ჟანეიროელ მარკუს * თავისი ფეხბურთის გუნდის მიერ თამაშის წაგებამ საშინლად დასწყვიტა გული. უკმაყოფილება იმდენად დიდი იყო, რომ განაწყენებულმა ქვები დაუშინა გამარჯვებული გუნდის გულშემატკივრებით სავსე ავტობუსს. ან განვიხილოთ კლაუსის შემთხვევა. როდესაც დაინახა, რომ სკოლაში კარგად ვერ სწავლობდა, ამან იმდენად გამოიყვანა წონასწორობიდან, რომ სკოლის ფანჯრების მინები ჩაამსხვრია. მაგრამ „სიამოვნება“ მაშინვე გაუქრა, როდესაც მამამისს მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოსთხოვეს. სხვა მოზარდი, ერვინი, სკოლაში სწავლასთან ერთად მუშაობდა კიდეც. მას და მის ამხანაგებს კარგ ახალგაზრდებად მიიჩნევდნენ, მაგრამ მათი დროს ტარება ირგვლივ ყველაფრის გაფუჭებაში გამოიხატებოდა. ერვინის მშობლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ვალტერი ობოლი იყო; ამიტომ მას არჩევანი არ ჰქონია და სახლად სან-პაულუს ქუჩები ექცა. მისი საუკეთესო მეგობრები ვანდალთა ჯგუფის წევრები იყვნენ, რომლებსაც არც თვითონ ჩამოუვარდებოდა; ამასთანავე კარატეს ილეთებს სწავლობდა. ასეთი მაგალითები ცხადყოფს, რომ ვანდალიზმის უკან ადამიანები დგანან და მისი გამომწვევი მიზეზები და ემოციები სხვადასხვაგვარია.

„ვანდალიზმი შეიძლება შურისძიების ან პოლიტიკური ანგარიშსწორების გამოხატვის საშუალება იყოს. როგორც ახალგაზრდები, ისე ასაკოვანი ხალხი დანაშაულს ზოგჯერ მხოლოდ საკუთარი განწყობილების ასამაღლებლად სჩადის“ — აღნიშნავს ერთ ერთი ენციკლოპედია (The World Book Encyclopedia). მაგრამ გართობის ნაცვლად, ვანდალიზმი შეიძლება სერიოზული ზიანის წყარო და ზოგჯერ მომაკვდინებელიც კი აღმოჩნდეს; ახალგაზრდების ჯგუფს სურდა, თავი რაღაცით „გაერთო“. იქვე მძინარე კაცი დაინახეს, რომელსაც ადვილად აალებადი სითხე გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. მსხვერპლი, ბრაზილიაში მცხოვრები ინდიელი, მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მიღებული ცნობის თანახმად, „ახალგაზრდებს ეგონათ, რომ უცნობ მათხოვარზე არავინ იზრუნებდა, რადგან მათხოვრები ქუჩაში ადრეც დაუწვავთ, და ამის საწინააღმდეგოდ არავითარი ზომები არ ყოფილა მიღებული“. მიუხედავად იმისა, საბოლოოდ იმსხვერპლებს ვანდალიზმი ადამიანს თუ არა, მიყენებული ფინანსური და ემოციური ზარალი ჯერჯერობით უზარმაზარია. მაშ, რას შეუძლია ვანდალიზმის შეჩერება ან მოსპობა?

ვის შეუძლია ვანდალიზმის შეჩერება?

შეუძლია პოლიციას და სკოლას ვანდალიზმის შეჩერება? ერთ-ერთი პრობლემა შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ ხელმძღვანელობა „უმსხვერპლო“ დანაშაულს იმდენად არ აქცევს ყურადღებას, რამდენადაც ისეთ სერიოზულ შემთხვევებს, როგორიც არის: ნარკოტიკებით ვაჭრობა ან მკვლელობა. პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის აზრით, ახალგაზრდების პრობლემებში მშობლები ხშირად „თანატოლების გავლენას, სკოლას ან პოლიციას ადანაშაულებენ“. განათლებამ და მართლწესრიგის დაცვამ შეიძლება შეამციროს ვანდალიზმის მასშტაბურობა, მაგრამ რა მოჰყვება იმას, თუ მშობლები არ შეიცვლიან თვალსაზრისს? არასრულწლოვან წესრიგის დამრღვევებთან მომუშავე ერთი ქალი წერდა: „[ვანდალიზმის] მიზეზია უსაქმურობა და მისი ჩადენის შესაძლებლობა. [ბავშვები] გვიანობამდე უსაქმოდ არიან გარეთ. მათ, ალბათ, არავინ უწევს მეთვალყურეობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქუჩაში არ იქნებოდნენ“.

თუმცა ვანდალიზმი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, განვიხილოთ, როგორ შეიძლება მისი აღმოფხვრა. სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ვანდალები შეიცვალნენ; ახლა ისინი ანტისაზოგადოებრივ საქმეებს აღარ სჩადიან. რამ გამოიწვია ამ ყოფილ წესრიგის დამრღვევებში ცხოვრების წესის შეცვლა? გაგიკვირდებოდათ ვანდალიზმის მასშტაბები რომ არა მხოლოდ შემცირებულიყო, არამედ სრულიად გამქრალიყო? იმის გასაგებად, როგორ არის ეს შესაძლებელი, გიწვევთ წაიკითხოთ მომდევნო სტატია.

[სქოლიო]

^ აბზ. 4 სახელები შეცვლილია.